სააღდგომო კვერცხები, ბზის კალათები, საეკლესიო ჭურჭელი — ყველაფერი ეს ფუტკრის ნატურალური ცვილისგან. იხილეთ Sputnik–ის ფოტოლენტა, როგორ ქმნიან და–ძმა ერემაშვილები ცვილის ნაკეთობებს.
თბილისელი და–ძმა შორენა და მალხაზ ერემაშვილები უძველესი ტრადიციის აღდგენით არიან დაკავებულები — ფუტკრის ცვილისგან სხვადასხვა ნაკეთობებს ამზადებენ. საქმიანობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით დაიწყეს.
ოსტატები ყველა სუვენირს ხელით, ნატურალური ცვილისგან ამზადებენ, რომელშიც არანაირი ქიმიური დანამატი არ შედის. თანაც ეს უბრალოდ სუვენირები არ არის, ყოველ მათგანს ფუნქციური დატვირთვა აქვს: თასებიდან და ჭიქებიდან სასმელის დალევა შეიძლება, ხოლო ბოთლებში — ღვინისა და არყის შენახვა.
როგორც ოსტატებმა გვიამბეს, მათი ნაკეთობები 65 გრადუს სიცხეს უძლებს, მაგრამ მაინც უნდა მოვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებზე მათ დალაგებას.
ერემაშვილები ყოველი გაყიდული ნივთიდან შემოსული თანხის ნაწილს მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობის საქმეს სწირავენ, ნაწილს კი პატრიარქის ფონდში რიცხავენ.