თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ქუთაისში, ბალახვანის ხიდთან ახლოს მანქანა ქალსა და მის ორ შვილს შეეჯახა, რომლებიც გარდაიცვალნენ, იუწყება „პირველი რადიო“.
ავტომობილი დიდი სიჩქარით ცდილობდა სხვა მანქანების გასწრებას. შედეგად, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ წინ მიმავალ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი დედა–შვილს.
ქალი და ერთი ბავშვი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
მძღოლი პოლიციას ჩაბარდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ელის.
წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ავტოავარიას ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ასე მაგალითად, აპრილის დასაწყისში ხელვაჩაურში სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა.
თებერვალში კახეთში ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი.
იანვარში ზუგდიდში მომხდარმა ავტოკატასტროფამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.