თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. რუსული გამანადგურებლის, სუ 27–ის მიერ ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის „ჩაჭერა“ ბალტიის ზღვის თავზე შესაძლოა რუსეთსა და აშშ–ის შორის დაძაბულობის ესკალაციის მიზეზი გახდეს, განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიშელ ბალდანსმა.
მისი მონაცემებით, ამერიკული თვითმფრინავი RC-135 საერთაშორისო სივრცეში ჩვეულებრივ გაფრენას ასრულებდა, როდესაც ის რუსულმა გამანადგურებელმა სუ 27–მა „ჩაიჭირა“. ბალდანსის თქმით, ეს აშშ–ის ესკადრონულ ნაღმმზიდ Donald Cook–თან დაკავშირებული შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა.
„ამ სახიფათო და არაპროფესიულმა „ჩაჭერამ“ შეიძლება ზიანი და ტრავმები მიაყენოს ყველა მოქმედ ეკიპაჟს. უფრო მეტიც, ერთი მფრინავის სახიფათო და არაპროფესიულ ქმედებას შეუძლია ქვეყნებს შორის დაძაბულობის არასაჭირო ესკალაცია მოახდინოს“, — აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ბალდანსის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები რამდენჯერმე სახიფათოდ მიუახლოვდნენ ამერიკულ თვითმფრინავებსა და ხომალდებს, რაც უსაფრთხოების საკითხზე სერიოზულ შფოთვას იწვევს.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ასეთი ქმედებებით“, — თქვა ბალდანსმა.
იმავდროულად მან არ დააზუსტა, რა ტიპის მიახლოებას მიიჩნევს აშშ პილოტების მხრივ „სახიფათო და არაპროფესიულ“ მანერად.
მანამდე ტელეარხი CNN პენტაგონში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ პარასკევს რუსულმა გამანადგურებელმა სახიფათო სიახლოვეს ჩაუფრინა ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს ბალტიის ზღვის თავზე. ტელეარხის ინფორმაციით, ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა.
აპრილის შუა რიცხვებში აშშ–ის სარდლობამ ბალტიის ზღვაში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.