ჯორჯ ვაშინგტონი — პირველი ინაუგურაცია, ერთადერთი სიყვარული და... „შხამიანი“ პომიდორი

© FL/ brx0ჯორჯ ვაშინგტონი
ჯორჯ ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩემს, უფრო სწორად, უკვე ჩვენს  ჯადოსნურ აივანზე, საიდანაც ყოველ დილით ტრადიციულად ვარღვევთ დროისა და სივრცის  საზღვრებს,  უჩვეულოდ მედიდურად დ ამაყად გავედი. თანაც სოლიდური პიჯაკი მოვისხი (უცნაურია, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სახლში ფრაკი რატომღაც არ მქონია)…   და იცით, რატომ?

იმიტომ რომ ზუსტად ამ დღეს, 1789 წლის 30 აპრილს,  აშშ-ის იმდროინდელ დედაქალაქ ნიუ-იორკის ფედერალურ დარბაზში (რომელსაც აშშ–ის ისტორიაში პირველ კაპიტოლიუმსაც ეძახიან), ამერიკის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ინაუგურაცია ჩატარდა.

ინაუგურაციის ცერემონია ნიუ-იორკიდან ვაშინგტონის კაპიტოლიუმში მხოლოდ 1801 წლის 4 მარტს,  თომას ჯეფერსონის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გადაიტანეს. იგი ტარდებოდა კაპიტოლიუმის შენობის „სენატის ფრთაში“, 1825 წელს ჯონ ქუინსი ადამსის ინაუგურაცია კაპიტოლიუმის დასავლეთ ვერანდაზე გაიმართა, ხოლო პრეზიდენტმა რეიგანმა  ინაუგურაციისთვის კაპიტოლიუმის დასავლეთი ფრთა შეარჩია და ეს ტრადიცია ჯერჯერობით შენარჩუნებულია.

როდესაც ჯორჯ ვაშინგტონმა კონსტიტუციით განსაზღვრული ფიცი დაასრულა, ხელი დაადო ბიბლიას და წარმოთქვა: „ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“ ამის შემდეგ  აშშ–ის ყველა პრეზიდენტი იფიცებს ბიბლიაზე და იმეორებს ჯორჯ ვაშინგტონის სიტყვებს, თუმცა ეს კანონით სავალდებულო არ არის.  აშშ–ის ისტორიაში მხოლოდ ერთმა პრეზიდენტმა, ფრანკლინ პირსმა „დაარღვია“ ფიცის სიტყვები და სიტყვის „ვფიცავ“ («swear») ნაცვლად,  წარმოსთქვა სიტყვა „ვადასტურებ“ («affirm“).

ინაუგურაციის პროტოკოლის მიხედვით, პრეზიდენტი, ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით უნდა გამოვიდეს. ჯორჯ ვაშინგტონს სიტყვა მომზადებული ჰქონდა, მაგრამ მისი წარმოთქმისგან თავი შეიკავა. ალბათ, მეორე ინაუგურაციისთვის შემოინახა…

© FL/ Snapshots of The Pastჯორჯ ვაშინგტონის შტაბბინა
ჯორჯ ვაშინგტონის შტაბბინა  - Sputnik საქართველო
ჯორჯ ვაშინგტონის შტაბბინა

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ისტორიაში  მხოლოდ ორმა პრეზიდენტმა დაწერა სიტყვა დამოუკიდებლად — აბრაამ ლინკოლნმა და თეოდორ რუზველტმა. სწორედ მათი და ჯონ კენედის საინაუგურაციო გამოსვლები მიიჩნევა  საუკეთესოდ. ლინკოლნის სიტყვა გამოირჩეოდა დახვეწილი სტილით, რუზველტისა კი იმით, რომ მან  ოფიციალურ ტექსტში ხუმრობები პირველად გამოიყენა. ჯონ კენედის სიტყვა იმდენად ექსპრესიული იყო, რომ 20 გრადუსიან ყინვაში გაიხადა და მოისროლა პალტო, რომელიც  ჟესტიკულაციაში უშლიდა ხელს.  ბედის ირონიაა, რომ საინაუგურაციო სიტყვის სუფთა ჰაერზე წაკითხვის პრაქტიკა უილიამ ჰენრი ჰარისონმა შემოიღო, რომელსაც შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე გრძელი, 8000 სიტყვიანი  გამოსვლა ჰქონდა (შედარებისთვის, ვაშინგტონის გამოსვლა სულ 135 სიტყვისგან შედგებოდა). ინაუგურაციის დღეს ჰარისონი გაცივდა და ერთი თვის შემდეგ პნევმონიისგან გარდაიცვალა.

პროტოკოლის მიხედვით, ინაუგურაციის მოსდევს აღლუმი, ხოლო საღამოს იმართება მეჯლისი. ჯორჯ ვაშინგტონმა მეჯლისზე სამი ცეკვა შეასრულა: ორი კოტილიონი და ერთი მენუეტი, შემდეგ კი დატოვა დარბაზი.

კონგრესმენები დიდხანს ბჭობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა მიემართათ აშშ–ის პირველი პრეზიდენტისთვის. ერთ–ერთი მათგანის შეთავაზება იყო: „თქვენო ბრწყინვალე უდიდებულესობავ“, მაგრამ საბოლოოდ შეჩერდნენ ვარიანტზე, რომელიც დღემდე იხმარება: „ბატონო აშშ პრეზიდენტო“.

შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი მართლაც საოცარი პიროვნება იყო. ის ერთადერთი გახლდათ, ვისაც ამომრჩეველთა 100% —მა მისცა ხმა. ის იყო ერთადერთი უპარტიო პრეზიდენტი და ასევე ერთადერთი, ვისაც არ უცხოვრია „თეთრ სახლში“.  ჯორჯ ვაშინგტონმა უარი განაცხადა დიქტატორისა და მონარქის ტიტულებზე და შემოიღო პრეზიდენტის ინსტიტუტი, რითაც საფუძველი ჩაუყარა  აშშ–ის თანამედროვე პოლიტიკურ  სისტემას. ის გულწრფელად ყოყმანობდა, წასულიყო თუ არა მეორე საპრეზიდენტო ვადაზე. მესამე ვადაზე კი კატეგორიული უარი განაცხადა და ამით პრაქტიკულად დააწესა, რომ ამერიკაში ერთი და იგივე პიროვნება  ზედიზედ ორზე მეტი ვადით პრეზიდენტი ვერ გახდება.

© FL/ Marion Dossჯორჯ ვაშინგტონი გახლდათ ამერიკის არმიის მთავარსარდალი ბრიტანეთთან ხანგრძლივ ომში
ჯორჯ ვაშინგტონი გახლდათ ამერიკის არმიის მთავარსარდალი ბრიტანეთთან ხანგრძლივ ომში  - Sputnik საქართველო
ჯორჯ ვაშინგტონი გახლდათ ამერიკის არმიის მთავარსარდალი ბრიტანეთთან ხანგრძლივ ომში

პროფესიით მიწისმზომელი ჯორჯ ვაშინგტონი 43 წლის ასაკში გახდა შეერთებული შტატების არმიის მთავარსარდალი. ის სათავეში ედგა მრავალწლიან ბრძოლას დიდ ბრიტანეთთან. სწორედ მაშინ შესთავაზა  პირადმა მზარეულმა ბეილიმ, რომელიც ინგლისის მეფის ჯაშუში აღმოჩნდა, სადილის დროს ვაშინგტონს „უცხო ხილის“ გასინჯვა. ეს იყო  პომიდორი, რომელიც იმ დროს შხამიანად მიიჩნეოდა. ვაშინგტონმა  სიამოვნებით მიირთვა პომიდორი და, რა თქმა უნდა, არაფერი მოუვიდა. მზარეული კი იმ დროს დააკავეს, როცა თავის უშუალო შეფს, ინგლისის გენერალ ჰოუს  პატაკს წერდა, ვაშინგტონის მოწამვლა შემიძლიაო.

ვაშინგტონის პირველი და ერთადერთი სიყვარული გახლდათ სალი კერი, რომელიც ცოლად მის მეგობარს გაყვა. ჯორჯმა კი საკუთარ თავს არ მისცა უფლება, გრძნობებს აჰყოლოდა. არავინ არაფერი იცოდა მისი განცდების შესახებ მისი დღიურისა და სალის გაცვეთილი პორტრეტის გარდა. ვაშინგტონმა 27 წლის ასაკში ცოლად მოიყვანა ორშვილიანი ქვრივი მარტა კასტისი და ნამდვილი მამობა გაუწია გერებს, საკუთარი კი, სამწუხაროდ, არასდროს ჰყოლია.

ჯორჯ ვაშინგტონი 67 წლისა გარდაიცვალა ყელის ავადმყოფობით. დაკრძალვაზე მისმა უახლოესმა მეგობარმა ჰენრი ლიმ თქვა: „ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი იყო პირველი ომში, პირველი მშვიდობიან დროს  და პირველი ყველა ამერიკელის  გულში!“

გისურვებთ ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0