თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ევროა. ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას გერმანიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.
ნაგავსაყრელის წინასწარი პროექტი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორსა და ადგილობრივ მთავრობას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა წარუდგინა. მისი ინფორმაციით, პროექტის მომზადებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან, ნაგავსაყრელი ეკოლოგიურად დაცული იქნება და მის ასაშენებლად საერთაშორის ტენდერი გამოცხადდება.
ახალ ნაგავსაყრელზე დაგეგმილია გაზის შემკრები სისტემის მოწყობა, რომელიც მოსახლეობას შეუძლია სათბურებისთვის გამოიყენოს. ამას გარდა, მოეწყობა წყლის შეგროვებისა და გაფილტვრის სისტემა, ე.წ. რევერსული ორმოები.
„ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანი. საუბარია 15 მილიონ ევროს ინვესტიციაზე. ნაგავსაყრელის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, მოხდება მომსახურე პერსონალის გადამზადება. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინიციატივით მიმდებარე ტერიტორია გამწვანდება“, — აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ
პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში არსებული ნაგავსაყრელი პოლიგონები დაიხურება და მხოლოდ ერთი, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი იმუშავებს. რეგიონში უკვე დახურულია ხუთი ნაგავსაყრელი, წელს კიდევ ერთი დაიხურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სოფო კაკაჩია