თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციების ლაბორატორია — ფაბლაბი გაიხსნა.
ფაბლაბი სამრეწველო ლაბორატორიაა (ინგლისურად — fabrication laboratory), სადაც მაღალტექნოლოგიური სპეციალიზებული აღჭურვილობის (3D-მოდელირებისთვის პროგრამური უზრუნველყოფით) მეშვეობით ახალგაზრდობა ყველაფრის გაკეთებას შეძლებს საკუთარი ხელით — ესკიზიდან მზა ნაწარმამდე.
„ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც აუცილებელია პრაქტიკული სამუშაოებისთვის. აქ ბევრი სტუდენტი და ახალგაზრდა ვნახეთ, რომლებიც ახალი ბაზის მეშვეობით თავის ნოვატორულ იდეებს უკვე ახორციელებენ“, — განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ლაბორატორიის მონახულებისას.
გასული წლის ივლისში განათლების სამინისტრომ ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად პროფესიულ სასწავლებლებში სამრეწველო ინოვაციების — ფაბლაბების (Fab Lab) ლაბორატორიების შექმნა დაიწყო, რომლებიც მაღალტექნოლოგიური და კომპიუტერით კონტროლირებადი ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი.
ფაბლაბების შექმნის მიზანია მაღალკვალიფიციური, საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე კადრების მომზადება; მსოფლიო კლასის ინდივიდუალური და ტრადიციული პროდუქტების წარმოების განვითარება; ახალი თაობის სამეცნიერო და საინჟინრო ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა; მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ტექნოლოგიური იდეის განვითარება და მისი შემდგომი კომერციალიზაციის ხელშეწყობა; ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და მისი სტაბილური განვითარება.
პირველი ”ფაბლაბი” — Centre for Bits and Atoms (CBA) აშშ-ში ნილ ჰერშენფელდმა შეიმუშავა. ლაბორატორია პრაქტიკულად ნებისმიერი ტექნიკური და ვიზუალური გადაწყვეტილების სწრაფად შემოწმების, წარმოების შესაძლებლობების დადასტურებისა და პროდუქციის კომერციალიზაციის შესაძლებლობას იძლეოდა. ახალგაზრდებისთვის ახალი ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით მოგვიანებით ”ფაბლაბები” საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზებზე დაინერგა.