რუსეთის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „მოსკოვის ვირტუოზებმა“ და გამოჩენილმა რუსმა დირიჟორმა და მევიოლინემ ვლადიმირ სპივაკოვმა თბილისში კონცერტი გამართეს. Sputnik-ი კონცერტის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.
ვლადიმირ სპივაკოვმა და „მოსკოვის ვირტუოზებმა“ ქართველი მსმენელის წინაშე მოცარტის, ბოკერინის, შოსტაკოვიჩისა და პიაცოლას ნაწარმოებები შეასრულეს. კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დარბაზში გაიმართა.
ყველაზე მეტი ოვაცია სოლისტთა გამოსვლებს ერგო. საღამოს ფინალში ქართველმა მსმენელმა, ბუნებრივია, სპივაკოვის ორკესტრი არ გაუშვა — მუსიკოსები ბისზე გამოიძახეს. აქ კი მაესტრომ ყველა კარტი გახსნა: აღმოჩნდა, რომ მათ საქართველოსთვის განსაკუთრებული საჩუქარი — ქართული მუსიკა მოამზადეს.
„მოსკოვის ვირტუოზებმა“ სპივაკოვის ხელმძღვანელობით ორი ქართული კომპოზიცია შეასრულეს — სულხან ცინცაძის „საჭიდაო“ და სიმღერა „საქართველო“, რომლის ავტორი და შემსრულებელია თამარ გვერდწითელი. მსმენელი აღფრთოვანებული დარჩა. კონცერტი ცნობილი თეატრალური და საოპერო რეჟისორის დავით საყვარელიძის ხელშეწყობით გაიმართა.