თემურ დადიანმა ორივე ფეხი 2011 წლის 3 აგვისტოს დაკარგა, როდესაც ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში ყოფნის დროს ნაღმზე აფეთქდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ცხოვრება კვლავ გაეგრძელებინა, სტერეოტიპები დაემსხვრია და წარმატებისთვის მიეღწია. ის პარასპორტსმენი გახდა და არაერთი რეკორდი მოხსნა. ახლა კი სცენაზე საცეკვაოდაც გამოვიდა.
სცენაზე თემური ინვალიდის სავარძლით გამოჩნდა, თუმცა ის ადგა და იცეკვა. იხილეთ ვიდეო და დარწმუნდით, რომ შეუძლებელი არაფერია!
„ეს მაგალითია იმისა, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, არ არსებობს წინააღმდეგობები!“ „ეს ცხოვრების ელექსირია!“ — ასე დაახასიათეს თემური ტელეკომპანია „იმედზე“ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრებმა.
თემურ დადიანმა „ვენური ვალსი“ თამარ ჭუმბურიძესთან ერთად შეასრულა, რომელიც ორი თვის ფეხმძიმეა. თემურს დარბაზში თანამებრძოლები გულშემატკივრობდნენ.
ტრაგედიიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ზუსტად 3 აგვისტოს თემურმა აზიდვებში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ერთი წლის შემდეგ კი თავისივე შედეგი გააუმჯობესა. თემური ასევე ვიცე-ჩემპიონია პარა-მკლავჭიდში და საქართველოს ორგზის ჩემპიონი ფარიკაობაში.
თემურ დადიანი ამჟამად საქართველოს დავით აღმაშენებლის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში მსახურობს.