დღეს დილიდან საოცარი დილემის წინაშე აღმოვჩნდი — დავრჩე ქერა, მოვიმარჯვო ხელში ხატორი ხანზოს ხმალი და „შავი მამბასავით“ (ფილმიდან „მოკალი ბილი“) დავერიო მტრებს, თუ შევიღებო თმა შავად და მიასავით (ფილმიდან „მაკულატურა“) დაველოდო შეუდარებელ ტრავოლტას, რომელსაც ამის წინ უკვე მერამდენედ თვალი მოჰკრეს ჩემ მეზობლად, მეტრო „ნაძალადევთან“ და ტვისტი შევასრულო მასთან დუეტში ჩაკ ბერის You Never Can Tell-ის თანხლებით…
რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რომ ზუსტად ამ დღეს, 1970 წლის 29 აპრილს ქალაქ ბოსტონში დაიბადა შეუდარებელი და ყველასგან განსხვავებული უმა თურმანი…
უმას სრული სახელია უმა კარუნა მეტა უმეკჰა მადიტა, რაც „ნეტარების მომტანს“ ნიშნავს. სწორედ ასე დაარქვა მას მამამ, რობერტ თურმანმა — წარსულში ბუდისტმა ბერმა, რომელსაც ეს წოდება პირადად დალაი-ლამამ უბოძა, ამჟამად კი კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა… უმას დედა, წარსულში ჰიპი და მოდელი, ამჟამად ცნობილი ფსიქოთერაპევტი ნენა ბირგით კაროლინა ფონ შლებრიუგე გერმანული თავადური გვარის წარმომადგენელია. სხვათა შორის, უმა, ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებთან, რიჩარდ გირთან და გოლდი ჰოუნთან ერთად, დღემდე სერიოზულ ფინანსურ დახმარებას უწევს ტიბეტელ ბერებს.

11 წლის ასაკში უმა ვეგეტარიანელი გახდა, ხოლო 15 წლის ასაკში მან მიატოვა სკოლა და გაემგზავრა ნიუ-იორკში სამსახიობო ხელოვნების დასაუფლებლად. მშობლებმა გზაში ბუტერბროდი, წიგნი სამურაებზე და 300$ გაატანეს. ნიუ-იორკში უმა დასახლდა ერთ-ერთ უღარიბეს კვარტალში, ბევრს ეწეოდა, ბევრს კითხულობდა და ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა თავი ერჩინა. დღის განმავლობაში პიცერიას ალაგებდა და რეცხავდა ჭურჭელს, საღამოობით კი კასტინგებზე დადიოდა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ის შემთხვევით შეამჩნიეს ქუჩაში და მიიწვიეს მოდელად სამუშაოდ. მისმა არაორდინალურმა სილამაზემ, ბუნებრივია, ყურადღება მიიქცია და ცოტა ხანში უმას სურათები ამშვენებდა Vogue-სა და Glamour Magazine-ის ყდებს. უმა გახდა ფირმა Lancôme-ის ოფიციალური სახე, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მან ყოველთვის იცოდა, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო და ის მაინც გახდებოდა კინომსახიობი…
უმა ბავშვობიდან გამოირჩეოდა იმით, რომ აღწევდა დასახულ მიზანს. ამჯერადაც ასე მოხდა – 19 წლის უმა პირველად მაშინ აღიარეს, როდესაც მან შეასრულა როლი ფილმში „ჰენრი და ჯუნი“, რომელსაც პურიტანულმა ამერიკულმა ცენზურამ პორნოგრაფიულიც კი უწოდა, მაგრამ ამან სულაც არ შეუშალა ხელი უმას კინემატოგრაფიული მწვერვალების დაპყრობაში. ის მასავით არაორდინალურმა კვენტინ ტარანტინომ შეამჩნია და მიიწვია ფილმში „მაკულატურა“ (Pulp Fiction) სათამაშოდ. ეს ფილმი პრაქტიკულად გახდა თურმანის ტრიუმფისა და ტარანტინოსთან მისი შემოქმედებითი დუეტის დასაწყისი, რომელიც 20 წელიწადზე მეტია გრძელდება და ორივესთვის საკმაოდ იღბლიანად. კრიტიკოსები თვლიან, რომ უმას აქვს სხვანაირი, არაამქვეყნიურად უნაკლო და დახვეწილი სილამაზე და ამიტომ ის ნებისმიერ როლს იხდენს. მართლაც, უმა ეკრანზე შეიძლება იყოს ძალიან მორცხვიც და გაბედულიც, ფაქიზიც და შეუპოვარიც, რომანტიკულიც და პრაქტიკულიც… სხვა თუ არაფერი, ის ერთადერთი მანდილოსანია, რომელმაც „სიკვდილის 5 თითის კომბინაცია“ იცის… თავად უმა ჰყვება, რომ როდესაც დასრულდა მისი ეპოპეა ორნაწილიან ფილმში „მოკალი ბილი“ და მან, ბოლოს და ბოლოს, ის სწორედ ამ კომბინაციით მოკლა, ტარანტინოს დარწმუნების საოცარი უნარის წყალობით, რაღაც პერიოდის განმავლობაში მართლაც სჯეროდა, რომ ფლობს ბრძენი პეი მუნის მიერ ნასწავლ იდუმალ ილეთს…
უმა ოფიციალურად ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი მეუღლე იყო ცნობილი მსახიობი გარი ოლდმენი, მაგრამ ზედმეტად მოწესრიგებულმა უმამ ვერ აიტანა მისი სასიყვარულო ისტორიები და ცხოვრების ბოჰემური წესი. მეორე მეუღლის იტან ჰოუკისგან (უმას პარტნიორი ფილმში „გატაკა“) მან ორი შვილი გააჩინა, მაგრამ ეს ქორწინებაც არ აღმოჩნდა ხანგრძლივი. ამჟამად უმას სამოქალო მეუღლეა ფინანსისტი ბუსონი, რომელსაც 42 წლის უმამ გოგო გაუჩინა… აღსანიშნავია, რომ უმამ მას საკუთარზე არანაკლებ ეგზოტიკური სახელი დარქვა — როზალინდ არუშა არკადინა ფლორენსი…
დღეს უმა 46 წლის ხდება, ისევ ვეგეტარიანელია და დიდ ყურადღებას აქცევს კვების რეჟიმს, აღარ ეწევა, ბევრ დროს უთმობს იოგას და აქვს ერთი განსაკუთრებული დიეტა, რომელსაც მხოლოდ თქვენ გაგიმხელთ, ნაცნობობით — უმა ყოველ 6 კვირაში ერთხელ ჯდება შოკოლადის, ნაყინის და პუდინგის დიეტაზე. ამ პროდუქტების გარდა კი სულ არაფერს არ მიირთმევს… ოღონდ, შოკოლადი უნდა იყოს მწარე, ნაყინი და პუდინგი კი დაბალკალორიული.
უმა გამოირჩევა თავისი წყნარი და გაწონასწორებული ხასიათით, სიბრძნით და პირდაპირობით. ის საკუთარ წარმატებას ასე ხსნის: „სიცოცხლეში ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებ სიცოცხლის სასარგებლოდ…“
გისურვებთ ბედნიერ და სიცოცხლით სავსე დღეს!