ჩხოროწყუში დაბადებულა აკაკი ხორავა ოჯახის ხელშეწყობით ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. 13 წლისამ ქუთაისში სპექტაკლი ნახა და იმდენად მოიხიბლა მსახიობის პროფესიით, რომ ჯერ კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში სწავლამ ოცნებაზე ხელი ვერ ააღებინა. სახალხო სახლში სასცენო ხელოვნების მისი პირველი მასწავლებელი დრამატურგი შალვა დადიანი იყო. 1922 წელს თეატრალურ სტუდიაში შევიდა, მალე რუსთაველის თეატრში მიიყვანა სანდრო ახმეტელმა და მერე არასოდეს დაშორებია მას. აკაკი ხორავა ქართული თეატრის თითქმის ყველა ნიჭიერ რეჟისორთან მუშაობდა, მაგრამ მისი, როგორც უდიდესი მსახიობის აღმოჩენა ეკუთვნის სანდრო ახმეტელს, რომლის სპექტაკლებში „სალომეა“ (იოქანაანი), „რღვევა“ (ბერსენევი), „ანზორი“ (ანზორი), „ყაჩაღები“ (კარლ მოორი)… უძლიერესი სცენური სახეები შექმნა. აკაკი ხორავამ რუსთაველის თეატრში 68 როლი ითამაშა, კინოში – 16, თეატრალურ ინსტიტუტში 16 სპექტაკლი დადგა.
აკაკი ხორავა და მისი უცხოელი მეგობრები
აკაკი ხორავას მრავალი მეგობარი ჰყავდა: საფრანგეთში — პიკასო და ლუი არაგონი, ჟერარ ფილიპი, ივ მონტანი და სიმონა სინიორე, გერმანიაში — ვალტერ შმიდტი და ელფრიდე ფლორინი. უამრავი მეგობარი ალბანეთში და რუსეთში. აკაკი ხორავას ოჯახურ გარემოში ნახავდით პიკასოსა და ფერნან ლეჟეს ნამუშევრებს, რომლებიც თავად ავტორებმა აჩუქეს.
აკაკი ხორავა იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი, საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან სოლიდარობის კომიტეტის წევრი, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე და ა.შ. 1936 წელს მან სტანისლავსკისთან, ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან, კაჩალოვთან და კიდევ ცხრა შემოქმედთან ერთად პირველმა მიიღო სსრკ სახალხო არტისტის წოდება.
ერთხელ ხორავა საფრანგეთში იმყოფებოდა და ფრანგული თეატრისა და კინოს ვარსკვლავმა ჟერარ ფილიპმა ჰკითხა, „ბატონო ხორავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხართ, რა არის საჭირო, რომ თქვენ ქვეყანაში დეპუტატი გახდე?“ ხორავამ გაიღიმა და უპასუხა: „აი, მაგალითად, ისეთი მსახიობი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს დეპუტატი“.
მეორე დღეს პარიზის გაზეთებში მთელ გვერდზე დიაგონალით, ტექსტის ზევით დიდი ასოებით იყო დაბეჭდილი: „აკაკი ხორავამ ჟერარ ფილიპს სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა შესთავაზა!“
ვისაც არ უნახავს აკაკი ხორავას ოტელო…
ერთხელ, 1947 წელს, როცა თბილისში „ოტელოს“ თამაშობდნენ, აუარება ხალხი ისე მოაწვა რუსთაველის თეატრის კარებს, რომ შუშები ჩაილეწა. ადმინისტრაციამ ცხენოსანი მილიცია გამოიძახა — თეატრში არც შესვლა შეიძლებოდა და არც გამოსვლა.
წარმოდგენის დამთავრების შემდეგ აკაკი ხორავას დიდებული თამაშით მოხიბლული და აღელვებული მაყურებელი ერთი საათი უცდიდა მსახიობს.
1954 წელს ინდოეთის დელეგაცია ჩამოვიდა. კინოვარსკვლავები რაჯ კაპური და ნარგიზი, „ოტელოს“ სანახავად რუსთაველის თეატრს ეწვივნენ, რაც აუწერელ სენსაციად იქცა. სპექტაკლს კინოფირზე იღებდნენ. რაჯ კაპური და ნარგიზი აცრემლებული ეხვეოდნენ მსახიობებს, ხორავას შავმა გრიმმა რაჯ კაპური და ნარგიზი მავრებს დაამსგავსა.
მოსკოვში პუშკინის ქუჩა ხალხით იყო გაჭედილი – ყველა ხორავას გამოსვლას ელოდა. თეატრის შესასვლელთან იგი ხელში აიტაცეს და სასტუმრომდე ასე ატარეს. ვიღაც ახალგაზრდები ხმამაღლა უკითხავდნენ ლექსებს, გაისმოდა შეძახილები: „ჩამოდით და გვასწავლეთ მსახიობის ხელოვნება!“ მიხეილ თუმანიშვილი წერდა: „ეს აქტიორული ხელოვნების ტრიუმფი იყო. ეს იყო სცენის ფიცარნაგზე დატრიალებული სასწაული, ჯადოქრობა დიდი გრძნეულისა, ჯადოქრობა და შამანობა. ალბათ, ასე ნუსხავდნენ მაყურებელს სალვინი, შალიაპინი, დუზე.“
ერთხელ მოსკოვში XX საუკუნის აღიარებული მსახიობი ვასილი კაჩალოვი მსახიობის სახლში საღამოს მართავდა. ხორავას და მის თანმხლებთ — გიგა ლორთქიფანიძესა და ნათელა ურუშაძეს ბილეთები არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც წავიდნენ, გზას ფეხით გაუდგნენ. თითქმის მთელი მოსკოვი იდგა გრძელ რიგში და ბილეთებს ეძებდა. უცებ გაისმა ძახილი: Хорава! Хорава! Хорава идет! უზარმაზარი მასა ორად გაიპო და მას გზა დაუთმო. საღამოს შემდეგ კაჩალოვმა თქვა: „შესვენებაზე მაუწყეს, რომ ამ საღამოს ესწრება გენიალური მსახიობი აკაკი ხორავა… ჩემს ხელოვნებას ვუძღვნი ყველა დროის უდიდეს მსახიობსა და შემოქმედს“.
ხორავა და თეატრალური ინსტიტუტი
თეატრალური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ახალგაზრდობას გზას უხსნიდა, ეხმარებოდა, რუსთაველის თეატრში იწვევდა სამუშაოდ. ამ პერიოდში ინსტიტუტში ჩამოყალიბდა უზადო დისციპლინა, წესრიგი, შემოქმედებითი ატმოსფერო. ახალგაზრდობის აღზრდის მისეული სტრუქტურა დროთა განმავლობაში დაიშალა და გაქრა, მაგრამ მსურს მკითხველს გავახსენო აკაკი ხორავას ქველმოქმედების რამდენიმე ისტორია.
გიული ჭოხონელიძე თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტები სწავლის ქირას იხდიდნენ. ერთხელ სტუდენტი აკაკი ხორავას კაბინეტში შეიყვანეს ფულის გადაუხდელობის გამო. როცა დიდმა მსახიობმა გაიგო, რომ მამამისი გადასახლებული იყო, მკაცრი ლაპარაკი უცებ დარბილდა. მან ჯიბიდან 240 მანეთი ამოიღო და გაუწოდა — „ახლავე შეიტანე!“ ამ ამბის შემდეგ, როცა სწავლის ფულის გადახდის დრო დგებოდა და აკაკი ხორავას სიას წარუდგენდნენ, გიული ჭოხონელიძის გვარის ამოკითხვისას ამბობდა — „გადახდილია!“
გიული ჭოხონელიძემ ფული ძლივს შეაგროვა და ვალის გადახდა სცადა. აკაკი ხორავამ უარით გამოისტუმრა: „წადი, შვილო, აი, კარგი მსახიობი რომ გამოხვალ, ეს იქნება ვალის გადახდა“.
როცა ელენე საყვარელიძემ აკაკი ხორავას აუხსნა, თუ რატომ არ ჰყავდა 37 წლიდან მოყოლებული მშობლები, დეკანმა უთხრა — „სწავლის ქირას აღარ გადაიხდი“. მხოლოდ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიგო ელენე საყვარელიძემ, რომ აკაკი ხორავა თავისი ჯიბიდან უხდიდა სწავლის საფასურს.
აკაკი ხორავას მეუღლე, ასევე მსახიობი ნინო ალექსი-მესხიშვილი მისი ერთგული და თანმდევი სული იყო. დიდი არტისტი ამბობდა: „თუ რამ კარგი მაქვს, თუ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, ნინოს უნდა ვუმადლოდე“.
1972 წლის 18 ივნისია, ლოგინს მიჯაჭვული აკაკი ხორავა სიკვდილს ებრძვის… ავადმყოფის ოთახიდან გამოვიდა ოჯახის ახლობელი და აღელვებით იკითხა: „იცით, ახლა რა თქვა აკაკიმ?— საშა, საშა, ხუთი დღეს შემდეგ შევხვდებითო…“ თეატრმცოდნე ეთერ გუგუშვილი თვლიდა, რომ სანდრო (აკაკი ხორავა საშას ეძახდა) ახმეტელის პიროვნება მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო. „სიკვდილის წინ ადამიანი მიუბრუნდა თავის სულსა და გულს და იგონებს ყველაზე მტკივნეულს, ყველაზე სადარდებელსა და განუკურნებელს“. მართლაც ხუთი დღის შემდეგ, 23 ივნისს აკაკი ხორავა ცოცხალი აღარ იყო…
როცა აკაკი ხორავას ცხედარი რუსთაველის თეატრიდან მთაწმინდაზე უნდა გადაესვენებინათ, ეროსი მანჯგალაძის გამოსათხოვარი სიტყვა ასე დასრულდა: „მშვიდობით ანზორ, მშვიდობით ოძელაშვილო, მშვიდობით კარლ მოორ, მშვიდობით დიდო ხელმწიფევ, მშვიდობით ოიდიპოს, მშვიდობით გმირო ოტელო, მშვიდობით პირველო არტისტო!“