თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ილინოისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ამ უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა, როგორ „გადავარდა ვალებში“, რათა თავისი 16 თანაკურსელისთვის ცეკვის ანსამბლ „სუხიშვილების“ შემოქმედება გაეცნო.
საქართველოს პრემიერმა 1998 წელს ილინოისის უნივერსიტეტში ფინანსების სპეციალობით მაგისტრის ხარისხი მიიღო.
„მომინდა, გამეცნო მათთვის ქართული კულტურა. გავიგე, რომ სუხიშვილების დასი ამერიკაში მართავდა ტურს და ჩემი 16 თანაკურსელი დავპატიჟე კონცერტზე. მინდოდა მეგობრებისთვის მეჩვენებინა ჩემი ქვეყნის კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ფინანსურად ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის. მეგობრების დაპატიჟება საშური საქმეა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საკრედიტო ბარათზე დავალიანების დაფარვა შემდეგ დიდხანს მიწევდა“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილმა გაიხსენა, თუ რაოდენ რთული იყო მისთვის 1997 წელს აშშ-ში სწავლის გასაგრძელებლად წასვლის გადაწყვეტილების მიღება. მას უკვე ჰყავდა ცოლი და სამი შვილი, მუშაობდა ბანკში. ამიტომ არ სურდა ოჯახის ერთი წლით მიტოვება.
„ეს გამოცდილება განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აქ ყოფნის დროს გავხდი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარული. მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით, რომლებიც პარკში იმართებოდა. რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს ურბანა-შამპეინის მკვიდრთა მეგობრული განწყობა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან დამსწრეთ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ უამბო.
„გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო სანაპიროები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია“, — განაცხადა პრემიერმა.