დღეს გამორჩეულად კარგ ხასიათზე გამომეღვიძა და სასწრაფოდ უნდა გადაგდოთ როგორც „საშინელი“ ეპიდემია. მით უმეტეს, რომ იუმორზე აცრილები არავინ ვართ. დღეს მთელი დღე უნდა ვიყოთ მხიარულები, მომღიმარები და ხალისიანები, სხვანაირად არაფრით გამოვა, რადგან ზუსტად ამ დღეს, 1969 წლის 28 აპრილს გაიმართა საოცრად კეთილი, სასაცილო და, რაც მთავარია, გულიანი ფილმის – „ბრილიანტის ხელის“ პრემიერა. ასე რომ, თუ ვინმეს ექნება მცდელობა ხასიათი გაგვიფუჭოს, უბრალოდ ვუმღეროთ А нам все равно… а нам все равно!!! — და მოგვეშვება…

ფილმის სცენარის იდეა ლეონიდ გაიდაის გაუჩნდა მას შემდეგ, რაც იმ დროისთვის ყველაზე კომუნისტურ და სერიოზულ გაზეთ „პრავდას“ კრიმინალურ ქრონიკაში დაიბეჭდა წერილი კონტრაბანდისტებზე, რომლებსაც ძვირფასი ქვები საზღვარგარეთ ხელ-ფეხზე დადებულ თაბაშირის სახვევებში დამალული გაჰქონდათ.
ეკონომისტ სემიონ გორბუნკოვის მთავარი როლი თავიდანვე იური ნიკულინს შესთავაზეს, რომელიც შემდგომში იხსენებდა, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა მის ცხოვრებაში, როდესაც მთელი ნახევარი წლით გაუშვეს ცირკიდან შვებულებაში… და ისიც მხოლოდ გაიდაის ავტორიტეტის დამსახურებით. კონტრაბანდისტისა და მოდელ გენა კოზოდოევის (იგივე „გრაფის“) როლი თავიდან გიორგი ვიცინს უნდა შეესრულებინა, მაგრამ გაიდაიმ ბოლო მომენტში არჩევანი 27 წლის ანდრეი მირონოვზე შეაჩერა. ის იმ დროისთვის კინემატოგრაფიის სამყაროში ძირითადად განსაკუთრებული შარმითა და ბოჰემური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა, რომელსაც მაშინდელი ე.წ. „ოქროს ახალგაზრდობა“ მისდევდა. ამ როლის შემდეგ კრიტიკოსები ხუმრობდნენ, რომ ბედმა მირონოვს ნამდვილად „ბრიალიანტის ხელი გაუწოდა“.
„მაფიის შეფის“ თანაშემწისა და ასევე კონტრაბანდისტი ლიოლიკის როლზე იყო ორი პრეტენდენტი — ანატოლი პაპანოვი და მიხეილ პუგოვკინი. სამხატვრო საბჭომ პაპანოვი შეარჩია. თავიდან სცენარის მიხედვით უნდა ყოფილიყო სამი კონტრაბანდისტი, მაგრამ „მაღალმა“ კომისიამ გადაწყვიტა, რომ საბჭოთა კანონიერების ერთბაშად სამი დამრღვევი უკვე ნამეტანი იქნებოდა… თანაც სამკაციანი კამპანია გარკვეულ ალკოჰოლურ ასოციაციებს იწვევდა და ამიტომ დამნაშავეთა რაოდენობა ერთი კაცით შეამცირეს.
სახლმმართველ ვარვარა სერგეევნას როლზე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაამტკიცეს თავისი შეუპოვარი ხასიათით ცნობილი ნონა მორდიუკოვა, რომელსაც გამუდმებით არიგებდნენ მირონოვთან ფილმის გადაღების პროცესში. მორდიუკოვამ თავიდანვე აითვალწუნა დახვეწილი მირონოვი და სულ „დედიკოს ბიჭს“ ეძახდა. სხვათა შორის, მორდიუკოვას მხოლოდ ამ ფილმში აქვს მოკლედ შეკრეჭილი თმა, რომელიც მის გმირს კიდევ უფრო ამკაცრებს. მხოლოდ ფილმის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ის პარიკს ატარებდა.

ლამაზი და ვნებიანი ქერათმიანი ქალის როლი უნდა ეთამაშა კლარა ლუჩკოს, მაგრამ მოუცლელობის გამო პირველი საბჭოთა სექს-სიმბოლოს როლი სვეტლანა სვეტლიჩნაიას დაუთმო, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში სთხოვდა გაიდაის, თავად შევასრულებო სიმღერას Помоги Мне. ბოლოს გაბრაზებულმა გაიდაიმ სვეტლიჩნაიას როლიც კი სხვას გაახმოვანებინა, მისი ხმა კი მხოლოდ დასკვნით ფრაზაში დატოვა: не виноватая я, он сам пришёл!
რაც შეეხება სიმღერებს, სცენარის მიხედვით, გემბანზე მირონოვის ნაცვლად ნიკულინს უნდა შეესრულებინა „სიმღერა კურდღლებზე“, მაგრამ შემდეგ ამ ნომერმა რესტორანში გადაინაცვლა და მისი ადგილი დაიკავა ცნობილმა სიმღერამ Остров невезения, რომელიც ბრწყინვალედ შეასრულე ანდრეი მირონოვმა.
ნიკულინის აფთიაქთან დაცემის სცენაში თავდაპირველად ფეხის გასრიალების მიზეზი უნდა ყოფილიყო ბანანის ქერქი, რაც შეესამამებოდა კიდეც ეგზოტიკურ ქვეყანას, რომელშიც ფილმის გმირები იმყოფებოდნენ. მაგრამ ნიკულინი ვერაფრით ვერ წაიქცა და ბანანი შეცვალეს საზამთროთი. ნიკულინს ისევ არაფერი გამოუვიდა. მაშინ თვით ნიკულინი შეცვალეს აფთიაქარის როლის შემსრულებელი ლეონიდ კანევსკით, რომელმაც უბადლოდ გაართვა თავი ამ დავალებას. თუმცა, დაკვირვებული მაყურებელი შეამჩნევდა, რომ დაცემამდე ნიკულინის გმირს აცვია ყავისფერი ფესხაცმელი, ხოლო დაცემისას ჰაერში ატყორცნილი ფეხი, რატომღაც, შავფესხსაცმლიანია…

ის უცნაური ენა კი, რომელზეც კაპიტალისტი კონტრაბანდისტები ურთიერთობენ ერთმანეთთან თაბაშირის დადების დროს, მოიგონეს „სპეციალისტმა დაცემის დარგში“ კანევსკიმ და თავად გაიდაიმ. დიალოგში რამდენჯერმეა გამოყენებული სიტყვა „მორდიუკ“ — თურმე იმ დღეს გაიდაი მორდიუკოვას გაებრაზებინა და იმიტომ, და ფრაზა „ბერეზინა კომანიტ“ — ეს იმიტომ, რომ კანევსკი მაშინ შეყვარებული ყოფილა თავის მომავალ მეუღლე ბერეზინაზე, აი ფრაზა ”ალჰამ დულილა“ კი რას ნიშნავს, მართლა არავინ იცის დღემდე.
პაპანოვის წყალქვეშა ცურვის სცენის გადაღებისას წყალი ძალიან ცივი აღმოჩნდა და როდესაც გაყინულ და გალურჯებულ პაპანოვს კიდევ ერთი დუბლის გადაღება სთხოვეს, გულწრფელად შეიკურთხა კამერაში: „თფუ, იდიოტო!“ გაიდაიმ კი გადაწყვიტა, რომ ეს სიტყვები ძალიან ბუნებვრივად ჟღერდა და ფილმში გამოიყენა, ისევე, როგორც სცენარით გაუთვალისწინებელი სხვა ეპიზოდი, როდესაც ხელ-ფეხზე თაბაშირდადებულ ნიკულინს ამწის კავი ხვდება თავში. სინამდვილეში ეს სრულიად შემთხვევით მოხდა და მსახიობმა სერიოზული ტრავმაც მიიღო. ამის გამო ვეღარ გადაიღეს ფილმის ფინალური სცენა, სადაც ნიკულინის გმირ გორბუნკოვს მეუღლისგან უნდა გაეგო, რომ მალე კიდევ ერთხელ გახდებოდა მამა…
მთავარია, მე გავიგე და თქვენ ხომ მაინც გაგახარეთ.
გისურვებთ ბედნიერ და ლამაზ დღეს!!!