თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების აქტივისტებს შორის დაპირისპირებას არ გამორიცხავს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. 2012 წელთან შედარებით ბევრად მეტი რეალური კონკურენტია მოსალოდნელი. ამჟამად მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ წევრები საპარლამენტო ადგილებისთვის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იბრძოლებენ.
„პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბული იქნება. გამორიცხული არ არის გარკვეული დაპირისპირება პარტიების აქტივისტებს შორის, მათ შორის ფიზიკურიც“,-ამბობს ჩიტაძე.
მომავალი არჩევნების დადებით მხარედ ექსპერტს არჩევნებში დიდი რაოდენობის პარტიების მონაწილეობა მიაჩნია.
„2012 წლის წინასაარჩევნო პროცესებთან შედარებით განსხვავებული სიტუაცია იქნება, მაშინ ორი ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი იყო. მიმაჩნია, რომ მომავალ არჩევნებზე ხუთი-ექვსი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური სუბიექტი იქნება. ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალება ექნებათ“,-აღნიშნა ჩიტაძემ.
ბარიერის გადალახვის ყველაზე მეტი შანსი შემდეგ პარტიებს ექნებათ: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (კოალიციის საყრდენი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ (ყოფილი მმართველი პარტია) და „თავისუფალი დემოკრატები“ (თავდაცვის ექს-მინისტრის პარტია), მიაჩნია ექსპერტს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაბალ რეიტინგზე ლაპარაკობს, „რესპუბლიკურ პარტიასაც“ შანსები აქვს. გამორიცხული არ არის, რომ „დემოკრატიულ მოძრაობა“ ნინო ბურჯანაძის მეთურობით და „პატრიოტთა ალიანსიც“ 6-7% —ის მოპოვებასა და პარლამენტში რამოდენიმე დეპუტატის შეყვანას შეძლებენ“,-აღნიშნა ჩიტაძემ.
რაც შეეხება მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალ და მეცენატს პაატა ბურჭულაძეს, ექსპერტის აზრით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს განვითარების ფონდის“ პარტიად გარდაქმნის შემთხვევაში, ის ამომრჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობის შეგროვებას შეძლებს.
„ბურჭულაძესაც აქვს შანსი, რადგან მის პარტიაში ბევრი ინტელექტუალი იქნება წარმოდგენილი. შანსები „გირჩსაც“ შეიძლება ჰქონდეს“,-აღნიშნა ჩიტაძემ.