თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ბრიტანული ვარსკვლავური ჯგუფი The Prodigy და პოპულარული ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი, Black Sea Jazz Festival 2016–ის ფარგლებში პირველად გამართავენ კონცერტებს საქართველოში.
წელს Black Sea Jazz Festival–ი ბათუმში 15 ივლისს დაიწყება და 14 ივლისამდე გასტანს და ორასამდე უცხოელ და ქართველ შემსრულებელს მოუყრის თავს.
საიუბილეო, მეათე ფესტივალზე ისეთი მსოფლიო სახელის მქონე შემსრულებლები გამოვლენ, როგორებიც არიან: სოულის ამერიკელი შემსრულებელი მეისი გრეი, ლეგენდარული ჯაზ–მუსიკოსი ქვინსი ჯონსი, ამერიკელი ლორინ ჰილი, ამერიკული მუსიკალური ბენდი „მაილს ელექთრიქ ბენდი“ და მრავალი სხვა.
საფესტივალო კონცერტები ბათუმის ტენისის კლუბის სცენასა და სხვა სივრცეებში გაიმართება.
ფასიანი კონცერტების გარდა, ბათუმელები და ქალაქის სტუმრები უფასოდ შეძლებენ დაესწრონ „ბრას ბენდისა“ და ქართული ჯაზ–ბენდების კონცერტებს ბათუმის ბულვარში.
Black Sea Jazz Festival–ის ორგანიზატორები არიან „თი–ბი–სი ბანკი“ და კომპანია „ისთერნ ფრომოუშენი“, ხოლო მხარდამჭერები — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და აჭარის ავტონომიის კულტურის სამინისტროები.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე.