ხუმრობა საქმე არაა, შეეხო და გააცოცხლო გმირი, რომელსაც ყველა ადამიანი თავისებურად და თავისად ხედავს. ყველას თავისი ზვიადაური, ჯოყოლა და აღაზა ჰყავს… და ამ მოცემულობაში შესთავაზო მათ სასცენო, შენეული ვერსია, საკმაო რისკებს შეიცავს. როცა მაყურებელი რეაგირებს ყველა ფრაზაზე, ყველა სიტყვაზე, ყველა მოძრაობაზე… თითოეული მათგანი ამ დროს ესთეტიურ ტკობასთან ერთად კრიტიკოსადაც გვევლინება. ახმეტელის თეატრის რეჟისორმა ირაკლი გოგიამ და მისმა დასმა, ალბათ, ერთად იფიქრეს ამაზე, როცა ვაჟას სცენაზე ატანა გადაწყვიტეს. ალბათ, რისკზეც იფიქრეს და მაყურებელის კრიტიკაზეც… მაგრამ ის, რაც პრემიერის დროს სცენაზე და დარბაზში ხდებოდა, ამას უპირობო წარმატება ჰქვია! „მე ასეთი „სტუმარ- მასპინძელი“ ჯერ სცენაზე არ მინახავს“, – გვითხრა პრემიერის შემდეგ ვაჟას შთამომავალმა, ვაჟას ფონდის თავჯდომარემ ლელა რაზიკაშვილმა. თუმცა მაყურებელთა ემოციების გადმოცემას სჯობს ყველა დაინტერესებულმა თავად ნახოს სპექტაკლი და დარწმუნდეს პრემიერაზე მისულთა ემოციების სისწორეში! მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუებს შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან და თავად ლელა რაზიკაშვილთან.
ლელა რაზიკაშვილი – ვაჟა–ფშაველას შთამომავალი:
— ეს იყო ყველაზე უკეთესი „სტუმარ–მასპინძელი“, რაც კი მინახავს ჯერჯერობით. არ მინდა დავასახელო სხვა სპექტაკლები, რომლებიც ასევე კარგებია, მაგრამ ეს იყო ყველაზე უკეთესი. დღეს მივდივარ ყველაზე დიდი ემოციებით. ვაჟას სათქმელს შეგვიძლია თავისუფლად ვუწოდოთ საკაცობრიო სათქმელი, ვაჟას ლექსიკა განუმეორებელია და ყველაფერი ეს გარისკო, შეკრიბო და დადო სცენაზე, არის შემოქმედებითი თავხედობა. ხოლო თუ არ ითავხედა შემოქმედებითმა ადამიანმა, ის ვერ მიიღებს შედეგს. ამბობენ, ვინც არ რისკავს, ის რისკის შედეგად მიღებულ სიხარულს ვერასდროს იგრძნობს. დღეს მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იმ რისკის შედეგად მიღებული სიხარულით ხარობდა მთელი დარბაზი. საოცარი გადაწყვეტა იყო რეჟისორული, ყველაზე მასიური სცენების მცირე დეტალებით გადაწყვეტა. თოკების ეპიზოდს ვგულისხმობ. მომეწონა კოსტიუმები, რომელსაც შეიძლება პირველყოფილი შარმი ჰქონდა, მაგრამ ეს მიუთითებდა იმას, რომ ვაჟა არც დროში და არც სივრცეში შემოსაზღვრული არ არის. ის, რაც შეიძლება ჩავთვალოთ ალფად და ომეგად, ეს არის რეჟისორის მიერ დანახული ვაჟას სიდიდე, თემის სიდიდე. ყველაზე კარგი არის ის, რომ მთელი დასი არის ახალგაზრდული და ეს არის ახალგაზრდულ, მომავალი თაობის გონებაში გადახარშული… ვაჟა ხომ ყველა თაობისთვის თანამედროვეა, და რა საოცარია, რომ დღეს მე ვამბობ, რომ ყველაზე უკეთესი „სტუმარ–მასპინძელი“ ვნახე, რადგან ვნახე მომავალი თაობა. ის შიშები, რომ გლობალიზაციამ ჩაგვყლაპა და ასე შემდეგ, დღეს სწორედ ამ ახალგაზრდა გოგო–ბიჭებმა გვაჩვენეს, როგორი თაობა მოდის. როგორი ჩვენზე განვითარებული და ჩვენზე უფრო ჯიშიანი და ფესვიანი და ამ ფესვიდან ამოსული.
გიგა მიგრიაული — მუსას როლის შემსრულებელი
— ვაჟას რომ ვეხებით ცოტა საშიშია, მაგრამ ჩვენ ძალიან სიფრთხილით მოვეკიდეთ ამ ყველაფერს. ძალიან შორიდან მოვუარეთ და ნელა–ნელა შევედით შიგნით და რეპეტიციიდან რეპეტიციამდე ჩავედით სიღრმეებში. რაც შეეხება ჩემს პრესონაჟს, მუსას, ეს არის საზოგადოების კრებითი სახე, ეს არის ადამიანი, ერთი მხრივ რომ შევხედოთ, სიმართლის მთქმელი, მეორე მხრივ – არის სიმართლე, ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით. ჩემ შემთხვევაში არის ადამიანი, რომელიც იცავს თავის წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს და კანონებს… ეს ის შემთხვევაა, როცა მას შეუძლია, რომ თავისი შვილიც კი გასწიროს ტრადიციის გამო. ამიტომ ცოტა რთულია, როდესაც ესე გიჭირავს მთის წესები. პირველად ვითამაშე ასეთი როლი და კულისებში როცა გავდივარ და იქიდან სცენებს ვუყურებ ხოლმე, იმ ცოტა ხნის განმავლობაში ვკვდები ტირილით, სცენაზეც. რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ ვერ შევიკავე ემოცია. ეს ის შემთხვევაა, როცა ოქროს შუალედზე გავდივართ, იმ ოქროს შუალედზე, სადაც ვერ იკავებ ემოციას და გულგრილად ვერ აუვლი გვერდს ამ ყველაფერს.
ანდრია გველესიანი — ზვიადურის როლის შემსრულებელი:
— მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომიწია ზვიადაურის თამაში. ეს არის ამ სპექტაკლში ერთადერთი ნათელი სხივი სიბნელეში, რასაც ყველაფერი მოჰყვება. რასაც შეეწირა ეს ადამიანი. ძალიან რთულია და ძალიან საპასუხიმგებლოა, იყო ზვიადაური, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით და მე ვარ ამაყი ადამიანი, რომ ჩვენ, ქართველებს ვაჟა-ფშაველა გვყავდა, რომელმაც გვიანდერძა „სტუმარ-მასპინძელი“, რომლითაც ჩვენ არა მხოლოდ საქართველო, არამედ შეგვიძლია, რომ მთელი მსოფლიო გადავარჩინოთ. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ სპექტაკლში მე ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი.
გიორგი ცხადაძე — ჯოყოლას როლის შემსრულებელი:
— პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ოცნება, რომ მეთამაშა ეს როლი და ასევე ნებისმიერი მსახიობისათვის სანატრელი როლია, დამეწმუნებით. ჩემი პერსონაჟი არის ძალიან დიდი სიკეთით და ადამიანობით გამორჩეული. ურთულესი შესასრულებელია, თუმცა ისეთი გუნდი ვიყავით, რომ, ვფიქრობ, სწორედ ამან შემაძლებინა მეც ამ როლის თამაში. ამიტომ მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა თითოეულ ჩემს კოლეგას, რეჟისორს, ბატონ ირაკლი გოგიას და საერთოდ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სპექტაკლის განხორციელებაში დაგვიდა გვერდით. დღე და ღამე მიმდინარეობდა რეპეტიციები და ძალიან მოკლე დროში შევძელით ეს ყველაფერი. ვამაყობ ნამდვილად, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა.
გვანცა კანდელაკი — ხევსური ქალი:
— ჩემთვის ამ წუთებში საოცრება ხდება, ვერ გამოვხატავ სიტყვებით… ჩემი გმირი ტრაგიკული გმირია. ვაჟას ამ პიესაში განსაკუთრებით არ გამოუკვეთია ხევსური ქალი, მაგრამ როცა ჯერ კიდევ სამაგიდო რეპეტიციები გვქონდა, გაჩნდა იდეა ეს პერსონაჟი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთილიყო. ეს პერსონაჟი მას სულ ჰყავდა, უბრალოდ, ჩვენ უფრო მეტად გამოვაჩინეთ.
ირაკლი გოგია — რეჟისორი
– გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას! რას გრძნობთ ამ წუთებში?
— პირველ რიგში, მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს ერთიან გუნდს, რომ ჩვენ ეს შევძელით. ეს იყო დიდი პასუხიმგებლობა. ეს ის ნაწარმოებია, რაზეც უნდა იდგეს ქართველი ერი. აი, ამ 21 გვერდში დევს საქართველოს სული, საქართველოს სუნთქვა, საქართველოს ყველაფერი… ჩვენი ამოცანა ის იყო, რომ სწორად შევჭიდებოდით ამ დიდ თემას და სწორად მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის.
– რამდენად კმაყოფილი ხართ?
— კმაყოფილი არასოდეს არ მინდა რომ ვიყო ხოლმე, მაგრამ ვაჟა-ფშაველას სცენაზე თამაშით უკვე კმაყოფილი ვარ. მადლობა მის სულს და მადლობა უფალს ამ დღისთვის.
– წარმატებას გისურვებთ!