გიგო გაბაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები და ფსიქიატრიულში გამომწყვდეული იეთიმ გურჯი

© FB/ Marita Dameniaმარიტა დამენია
მარიტა დამენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა ,,ქართველები უცხოეთში“ დღეს ამერიკაში არსებული სახელოვნებო კომპანია Madatart-ის დამაარსებელს მარიტა დამენიას გაგაცნობთ.

გარკვეული პროფესიული გამოცდილება და უნარ-ჩვევები ჯერ კიდევ თბილისში, მასმედიის სფეროში მუშაობის დროს შეიძინა. საქართველოში ყოფნის დროს მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მოამზადა, მათ შორის ერთი მათგანი საუკუნის პროექტად აღიარეს, რისთვისაც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი “ოქროს ფრთა“ მიანიჭეს. მან პირადად მოიძია ის ადამიანები, ვისაც საბჭოთა იდეოლოგიის დროს განსხვავებული მოსაზრებების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში „კურნავდნენ“. ქალბატონი მარიტა თავადაც ხატავს, თუმცა დღეს იგი აშშ-ში სახელოვნებო კომპანია Madatart-ის დამაარსებელია და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებს ამერიკის სხვადასხვა პრესტიჟულ გალერეაში გამოფენის მოწყობაში ეხმარება. მარიტა დამენიას ნიუ-იორკში დავუკავშირდით.
– ქალბატონო მარიტა, რამდენადაც ვიცი, ხელოვნების სფეროში მასმედიიდან აღმოჩნდით...
— საქართველოში 13 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ჟურნალისტად. აქედან ექვსი წელი გაზეთ “ალიაში“. შემდეგ „პრაიმ-ტაიმში“ ვიყავი მისი დაარსების დღიდან, სადაც ჩამოვაყალიბე კომპანიის მარკეტინგისა და პროექტების მენეჯმენტის სამსახური და ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო ეტაპი ჩემ ცხოვრებაში. თამარ ფხაკაძემ ჩემს ყველა გიჟურ იდეას მისცა გასაქანი, ასეთმა მხარდაჭერამ საშუალება მომცა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი შემექმნა.

© FB/ Marita Dameniaმარიტა დამენია
მარიტა დამენია - Sputnik საქართველო
მარიტა დამენია

– თქვენ აღმოაჩინეთ მხატვარ გიგო გაბაშვილის მიერ გადაღებული ფოტოების ნეგატივები და, შეიძლება ითქვას, რომ საუკუნის გამოფენა მოაწყვეთ…
— ჩემი შექმნილია პროექტი „გიგო გაბაშვილი, როგორც ფოტოხელოვანი“, რომელიც ნამდვილი რევოლუცია იყო ქართულ კულტურაში. მკვლევარ გოგი სარაჯიშვილის დახმარებით აღმოვაჩინე მხატვარ გიგო გაბაშვილის მიერ გადაღებული ფოტოების ნეგატივები, რომლის შესახებაც საქართველოში საერთოდ არ იყო ცნობილი. გიგო გაბაშვილს იცნობენ როგორც კარგ მხატვარს, რომლის ნამუშევრები არაერთ საერთაშორისო აუქციონზეა გაყიდული. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მისი ფოტოხელოვნება უფრო კარგია, ვიდრე ფერწერა. აქ არის ფოტოები ხევსურეთიდან, თბილისიდან, ეთნოგრაფიული და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეროტიკული ფოტოებიც კი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა გადაღებული. ამ პროექტის ფარგლებში მოვაწყვე რამდენიმე გამოფენა, მათ შორის, რუსთაველის თეატრში, სადაც გახსნაზე 2000-ზე მეტი ადამიანი მოვიდა და ერთ-ერთი საუკეთესო გამოფენა იყო, რაც კი თბილისში გაკეთებულა. ჩავატარე უნიკალური კვლევა გიგო გაბაშვილის ცხოვრებაზე, არქივიდან მასალები ამოვიღე და მხატვრის ნათესავები მოვძებნე. მხატვრის ცხოვრების უცნობი ფურცლები გადავშალე. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოვეცით კატალოგი. ამ პროექტისთვის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი “ოქროს ფრთა“ მაქვს მიღებული.
– თქვენ იმ ადამიანების ბედით დაინტერესდით, ვისაც საბჭოთა იდეოლოგიის დროს განსხვავებული მოსაზრების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში „კურნავდნენ“, რისთვისაც სერიოზული (არა მარტო ჟურნალისტური) გამოძიების ჩატარება მოგიწიათ…
— ეს იყო პროექტი „კომუნისტური შიზოფრენია“. კარგად იცით, რომ კომუნისტები მათთვის არასასურველი ადამიანების თავიდან მოსაცილებლად მათ ხშირად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ათავსებდნენ. თუმცა კონკრეტულად ვინ შეეწირა ამ მეთოდს, ცნობილი არ იყო. ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ ეს არქივი სრულიად შეგნებულად გაანადგურა, რათა ფსიქიატრიულის ყოფილი დირექტორისა და ექიმების მონაწილეობის კვალი მთლიანად წაეშალათ. მე ამოვიღე ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც საბჭოთა წყობის დამყარების დღიდან მის დასრულებამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობდა და შემდეგ ეს სია “კაგებეს“ არქივების სიებს შევადარე. უამრავი ადამიანის სახელი, გვარი და პირადი მონაცემები დაემთხვა. ვიმუშავე თითოეული მათგანის ბიოგრაფიაზე და სტატიების სახით მათ “პრაიმ-ტაიმში“ ვაქვეყნებდი. წიგნის გამოცემა ვერ მოვასწარი, რადგან ემიგრაციაში წამოვედი, თუმცა ამ წიგნის პრეზენტაციას ნიუ-იორკში ვგეგმავ, გამოფენაზე, რომელსაც მოვაწყობ, წამებულთა ფოტოებიც მინდა გამოვფინო.
– ამ პროექტზე მუშაობის დროს ყველაზე მეტად რომელი ადამიანის ამბავმა შეგძრათ?
— სხვათა შორის, ამ პროექტზე მუშაობისას გავარკვიე, რომ კომუნისტებმა ამ ფორმით იეთიმ გურჯის მორჯულებაც სცადეს. მისი სახელი და გვარი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტთა სიაში ვიპოვე. ეს ამბავი ისტორიისთვის უცნობი იყო და მეცნიერებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. შთამბეჭდავია პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის და მისი თანამოაზრეების ისტორიაც. ეს თემა ზოგადად ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რისი წაკითხვაც ბევრს არ ესიამოვნება, თუმცა ამაზე უფრო ვრცლად წიგნში ვისაუბრებ. ყველაზე მეტად საზოგადოებისთვის ზვიად გამსახურდიას, ნაზი შამანაურის და ბერი გაბრიელის ისტორიებია ცნობილი, თუმცა ბევრი უბრალოდ ადამიანის ტრაგედიაც გადაგეშლებათ თვალწინ. პროექტის მომზადებისას ბევრ წინააღმდეგობას შევხვდი.
– ამგვარი ხმაურიანი პროექტების მერე დაიწყო თქვენი ემიგრაციული ცხოვრება. თქვენმა აქტიურმა და კრეატიულმა ბუნებამ იქაც არ მოგცათ მშვიდი ცხოვრების,,უფლება“ და ამჯერად ხელოვნების სფეროში წამოიწყეთ პროექტები, მაგრამ მანამდე, ამერიკელი არტისტის მარკო სტოატის სტუდიაში მუშაობდით. როგორ განვითარდა შემდგომში თქვენი ცხოვრება?
— ემიგრაციის პირველი წელი ჩემთვის მორალურად ძალიან რთული იყო. საშინელი შეგრძნებაა – იყო არავინ და არავის იცნობდე, მაგრამ, ხომ ხედავთ, აქაც ვერ მოვისვენე. თავდაპირველად მუშაობა ნიუ-არტ ფესტივალზე დავიწყე. შემდეგ მარკოსთან, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანი და ხელოვანია. მასთან ურთიერთობისას დიდი გამოცდილება შევიძინე. ძალიან კარგად ვიცნობ ქალაქის ყველა გალერეას, ვიცნობ მათ სპეციფიკას და რაც უფრო კარგად გავიცანი ამერიკული ბაზარი, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ამ სამყაროს ქართველი ხელოვანებიც უნდა ეხილა. ამიტომ აქ არტ-პრომოუშენ კომპანია Madatart-ი ჩამოვაყალიბე. ეს კომპანია იმ მხატვრებს ეხმარება, რომლებიც ამერიკის ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობენ. მარკეტინგი თანამედროვე ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. არტისტი ახლა არა მხოლოდ ნიჭით, არამედ ბიოგრაფიითაც ფასდება. აქ ბევრი ხელოვანი ეძებს ბედს, მაგრამ მათ არ იციან ეს როგორ აკეთონ, ვის მიმართონ. ჩემი კომპანია სწორედ პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. მხოლოდ ქართველებთან არ ვმუშაობ, მაგრამ ქართული არტის პოპულარიზაცია ჩემთვის პრიორიტეტულია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

© FB/ Marita Dameniaმარიტა დამენია
მარიტა დამენია - Sputnik საქართველო
მარიტა დამენია

– ახლა, როდესაც ასეთი საინტერესო, შემოქმედებითი ცხოვრება გამოიარეთ, რაში ხართ დარწმუნებული და საკუთარ თავსა და ცხოვრებაშიც რას შეცვლიდით?
— გამოვიარე კი არა, მგონი, ახლა ვიწყებ. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, საინტერესო და, ვფიქრობ, სასარგებლოც. რამდენიმე საინტერესო პროექტს ვგეგმავ. შეცვლას რაც შეეხება, მხოლოდ წვრილმანებზე მწყდება გული და ისეთი არაფერია, რომ ამით თქვენი მკითხველი შევაწუხო, თან რის შეცვლაც რეალურად არ შემიძლია, იმაზე არასდროს ვდარდობ. მხოლოდ მადლიერი ვარ. მარტო ერთი ადამიანი ვერასდროს ვერაფერს გახდება, გუნდი ბევრს ნიშნავს. მადლობელი ვარ ცხოვრების და მათი, ვინც ამ გზაზე შემხვედრია, მათიც, ვინც ამის მერე შემხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0