თბილისი, 26 აპრილი —Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს მის ქმედებებს და რაიმე სახის ზალდატანებას განიცდიდა მისგან. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ფრანგულ ტელეარხ France 24 —თან ინტერვიუში განაცხადა.
„შემიძლია გითხრათ, რომ მე პირადად არასოდეს გავუკონტროლებივარ ივანიშვილს და ასევე არ მაქვს მასთან არანაირი კომუნიკაცია… მე არასოდეს მქონია რაიმე საკითხზე ძალდატანება ბატონი ივანიშვილის მიერ. როგორც ჩანს, ის აქტიურია პოლიტიკურ ძალასთან (იგულისხმება „ქართული ოცნება“) ურთიერთობაში და ხანდახან განიხილავს საკითხებს მათთან ერთად…“, თქვა მარგველაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ივანიშვილის კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ — დემოკრატიული პროცესების ნაწილია.
„ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ის საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ეს ყოველივე არის თავისუფლების ნაწილი, რადგან მას ენდომება თუ სხვა ადამიანებს კომუნიკაცია მასთან, ეს თავისუფლებისა და დემოკრატიის ნაწილია. ვერ აუკრძალავ ვერცერთ პიროვნებას ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძალიან გავლენიანია“, — თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.