თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი გახდა, რომელმაც თანამდებობაზე ნანა ჯანელიძე შეცვალა.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის წესით შესარჩევად შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ როგორც აკადემიის წევრები, ასევე არაწევრი კინემატოგრაფისტები.
„კონკურსის გამოცხადებიდან 1 კვირის ვადაში სამინისტროში შემოვიდა სულ 13 საკონკურსო განაცხადი. შედგა როგორც გასაუბრება, ასევე ოთხი სამუშაო შეხვედრა. ორეტაპიანი კენჭისყრის შედეგად, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორობის სამი შესაძლო კანდიდატი გამოვლინდა: მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი, ზურაბ მაღალაშვილი და გაგა ჩხეიძე“, — ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი კინოცენტრის განვითარების სამწლიანი გეგმისა და გასაუბრების საფუძველზე გამარჯვებული ცნობილი მსახიობი და პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი გახდა.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილება ამა წლის 25 მარტს ამოეწურა. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 29 მარტს გამოცხადდა.