-ქალბატონო მანანა, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული წინასაარჩევნო ცვლილებები რამდენად მისაღებია თქვენთვის?
— ჩემი აზრით ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა მივსულიყავით ისეთ ვადებამდე, რომ საკონსტუციო ცვლილება ვერ მოსწრებულიყო. როდესაც თავად სჭირდებოდა, მაშინ სასწრაფო წესით განახორციელა საკონსტიტუციო ცვლილება და ამისთვის დროც გამოძებნა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, ამბობენ ვერ მოესწრებაო. თუმცა პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არასაკონსტიტუციო, მაგრამ კოდექსში ცვლილებების შეტანა სავსებით შესაძლებელი იყო.
- ჯამურად ბარიერის გადალახვისთვის, ხელისუფლება, სუბიექტებს გარკვეული თანხის გამოყოფას ჰპირდება…
— ოპოზიციას ასეთი მოთხოვნა არ წამოუყენებია, ეს ხელისუფლების ინიციატივაა და მოწყალების გადაგდების ტოლფასი მგონია. ჩემი აზრით, 100 000 ლარის გამოყოფა ბარიერგადალახული პარტიებისთვის, შეურაცხმყოფელიც კია. „ახალი მემარჯვენეები“ დღეს არ მოსულან პოლიტიკაში, ჩვენ ხელისუფლებაშიც ვიყავით და ოპოზიციაშიც, არაფერი გვიკვირს და მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის ჩვენც გვიღვაწია, ამიტომ კარგი იქნება,როცა ამ თემაზე საუბრობენ, ყველა სუბიექტი დაფიქრდეს თავად რა გაუკეთებია და სხვის რეიტინგს და ნაშრომს ნუ მიიწერს.
- კვალიფიციური სუბიექტებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილების გამოყოფაზე რა აზრის ბრძანდებით?
— კოალიცია რომ დაიშალა, განაცხადეს, „ქართული ოცნება“ საარჩევნო ადმინისტრაციებში აღარ არის 5 პარტიით წარმოდგენილიო. თუ ეს პარტიები არიან კვალიფიციური სუბიექტები, ამავე პრინციპით არიან კვალიფიციური სუბიექტები ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებმაც გადალახეს ბარიერი 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს. არის რამე განსხვავება? თუ პროცენტულობაზეა საუბარი, მაშინ ვინ განსაზღვრავს რამდენ პროცენტიანია კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკლური პარტია და ა.შ. ან რა საზომით უნდა მივუდგეთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ითხოვენ ადმინისტრაციაში წარმომადგენლებს. ამ დროს, მათ რეალურად აქვთ ბარიერი გადალახული. რაც შეეხება კოალიციიდან გამოსული პარტიების რეიტინგს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და არა მათი.
თენგიზ ჩოჩუა