სიტყვა — ცივი, ნაყინთან მიმართებაში თუმცა ლოგიკური იყო, შეიძლებოდა არც ეხსენებინა, მაგრამ იგი ამ ნუგბარით გამოწვეულ მაცდუნებელ ასოციაციას ერთი-ორად მაინც ამძაფრებდა. მალე ჩვენთან საბოლოოდ დათბება, მერე დაცხება კიდეც და ნაყინის მოყვარულების სეზონიც გაიხსნება. მანამდე, მოდი, მასთან დაკავშირებული საინტერესო ამბები გავიხსენოთ.
შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ნაყინი კაცობრიობას უკვე 5000 წელია, რაც აგრილებს და სიამოვნებას გვრის. დიდი ხანია, მივეჩვიეთ იმას, რომ მსოფლიოში ყველა დიდი გამოგონება ჩინეთთანაა დაკავშირებული, ეს ფაქტი ნაყინის შემთხვევაშიც რჩება ძალაში. ჩინეთის მდიდარ ოჯახებში თურმე დესერტის სახით აწვდიდნენ ყინულისა და თოვლის ნაზავს, რომელშიც წვრილად დაჭრილი ფორთოხალი, ლიმონი და ბროწეული იყო და რომელიც შესაძლოა, ნაყინის შორეულ წინაპრად ჩაითვალოს.
ნაყინის დამზადების რეცეპტი და შენახვის საშუალებები გარკვეული პერიოდი საიდუმლოდ ინახებოდა. ერთ-ერთი ძველი წყარო, რომელიც მოსავლის აღების დროს გავრცელებულ გამაგრილებელი წვენებს აღწერს, ისრაელის მეფის, სოლომონის წერილიც გახლავთ.
ცნობილი ექიმი, ჰიპოკრატე ხალხს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სწორედ ნაყინს ურჩევდა. ცნობილია ფაქტი, რომ ჩვენი წ. აღ-ის 780 წელს, ხალიფ ალ მახდიმ მექაში მთის თოვლით დატვირთული აქლემების მთელი ქარავანის შეყვანა შეძლო. ამ რაოდენობის თოვლი სავარაუდოდ სწორედ ამ გამაგრილებელი დესერტის დასამზადებლად იყო საჭირო.
ევროპელებს ნაყინი მე-14 საუკუნის მოგზაურმა, მარკო პოლომ შეახსენა. ლეგენდის თანახმად, მან აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ ევროპაში შემოიტანა გამაგრილებელი დესერტის რეცეპტი, რომლის დასამზადებლადაც თოვლი იყო საჭირო.
თანამედროვე ნაყინის მსგავსი ნუგბარი მოგვიანებით იტალიაში, კერძოდ სიცილიაში დააგემოვნეს. თუმცა მისი დამზადების რეცეპტს იქაც საგულდაგულოდ მალავდნენ. ერთ დღესაც ნაყინის გემო ყველამ გაიგო.
ისტორიამ ასეთი ფაქტი შემოგვინახა: როდესაც ეკატერინე მედიჩი ფრანგ ჰენრიხ მეორეს გაჰყვა ცოლად, იტალიიდან საფრანგეთში მან ჩამოიყვანა შეფ-მზარეული, ცნობილი ბენტალენტი, რომელიც ნაყინის დამზადების საქმეში ავტორიტეტად იყო მიჩნეული. მალე ნაყინით მთელი საფრანგეთის კარი მოიხიბლა. სამეფო კარის მსახურებმა რატომღაც მოითხოვეს, რომ იტალიელ მზარეულს ნაყინი მათ თვალწინ დაემზადებინა. რის შედეგაც დაადგინეს: ამ დესერტის რეცეპტი სახელმწიფო საიდუმლოდ უნდა გამოცხადებულიყო და ის უბრალო ადამიანებისგან საგულდაგულოდ დაემალათ. ამის მიუხედავად ნაყინის რეცეპტი მალე ფართო მასებისთვისაც გახდა ცნობილი.
ნაყინის მოყვარულებს შორის იყო ნაპოლეონი, რომელმაც წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლების დროს თურმე ნაყინის დასამზადებელი აპარატი გამოიწერა. მოგვიანებით ნაყინი ინგლისშიც დააგემოვნეს, ინგლისის შემდეგ კი ამ,,თოვლიანმა“ დესერტმა ამერიკაც,,დაიპყრო“.
დღეს ნაყინის ბევრნაირი სახეობა არსებობს, მაგრამ ძირითადად ის მაინც ვაფლის ჭიქაში და ჯოხზე ჩამოსხმული მზადდება.
პირველად ვაფლის ჭიქაში ნაყინი სანტ-ლუისში, 1904 წელს, ნაყინის საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩნდა. ახალი სახეობის შოკოლადის ნაყინი ამავე გამოფენაზე, ხუთი წლის შემდეგ აიოვას შტატის სკოლის მასწავლებელმა კრისტიან ნილსონმა წარმოადგინა. რის გამოც მან ალბათ მისი მოსწავლეების გარდა, მთელი მსოფლიოს ბავშვების განსაკუთრებული სიყვარულიც დაიმსახურა. ერთი წლის შემდეგ ამავე მასწავლებელს ჯოხზე ჩამოცმული ნაყინის, ცნობილი ესკიმოს გამოგონებისთვისაც გადასცეს პატენტი!.. თავიდან ამ ნაყინს თურმე “ესკიმოსის ღვეზელი“ ერქვა, შემდეგ კი შემოკლებული ვერსია- ესკიმო ეწოდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მის გამოგონებას თავის მხრივ ფრანგებიც იჩემებენ.
მსოფლიოში ნაყინის მოყვარულთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამ ნუგბარის მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ, რომ მომხმარებელს ახალი სახის უგემრიელესი ნაყინი მიაწოდონ და საამისოდ განსაკუთრებულ და ორიგინალურ ასორტიმენტს ქმნიან. მოგეხსენებათ, გემოვნებაზე არ დაობენ და ადამიანის ფანტაზიასაც არა აქვს საზღვარი… მაგალითად, იაპონიაში, ნაყინი თურმე შემწვარი ქათმის ხორცით უყვართ. არის ნაყინი, რომელიც ვენესუელაში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტროში, თურმე სპაგეტითა და ყველით მზადდება. ზოგ ქვეყანაში კი ნაყინს სულაც ინდაურის ხორცითა და წიწაკით შეზავებულს ამზადებენ!… თუმცა ვისაც როგორ უნდა, ისე მიირთვას, მაგრამ ქართველებს, ცნობილია, კულინარიული გემოვნება არავისგან გვესწავლება. ასე რომ, ქათმის ხორცს ტრადიციულად მაინც ნაყინის გარეშე, ხშირად ტყემალთან მივირთმევთ.
მსოფლიოში ნაყინის ათასი სახეობა არსებობს და მათ შორის შედარებით გვიანდელი და ორიგინალური შემწვარი ნაყინი ითვლება. ამიტომ ამ მასალის დასასრულს სწორედ მისი დამზადების წესს მოგაწვდით.
შემწვარი ნაყინის რეცეპტი: მის დასამზადებლად საჭიროა გვქონდეს: 500გრ. ნაყინი, 2 შეკვრა სიმინდის ბურბუშელა, 2-3 კვერცხი და ზეთი, რათა ის შევწვათ. მომზადების წესი კი ასეთია: სიმინდის ბურბუშელა წვრილ მარცვლებად დავაქუცმაცოთ, ავთქვიფოთ კვერცხი. ნაყინისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები და ისინი სიმინდის ბურბუშელაში ამოვავლოთ. შემდეგ ისინი 20-30 წუთით საყინულეში მოვათავსოთ. ამის მერე ბურთულები ამომავლოთ კვერცხში, ისევ სიმინდის ბურბუშელაში და 20 წუთით კვლავ საყინულეში მოვათავსოთ. ასე გავიმეოროთ 3-4ჯერ. ღრმა ჭურჭელში ჩავასხათ მცენარეული ზეთი, რომელსაც ნელ ცეცხლზე ადუღებამდე მივიყვანთ. თითოეული ბურთულა 3-4 წუთით ჩავუშვათ მდუღარე ზეთში, ვიდრე მას ოქროსფერი ქერქი არ გაუჩნდება. სუფრასთან მიტანამდე ნაყინი შეგვიძლია მურაბით ან წვრილად დაჭრილი სხვადასხვა ხილით გავაფორმოთ. თუმცა ამდენ წვალებას, პირადად მე მაინც გირჩევთ მიირთვათ ტრადიციული წესით დამზადებული ხარისხიანი ქართული ნაყინი, რომლის გემოსაც ვერაფერი შეედრება და რომელიც ყოველი გასინჯვის დროს, ნაცნობ და ტკბილ, ბავშვობისდროინდელ შეგრძნებებსა და შემთხვევებს გვახსენებს..