აკაკი ასათიანი: არასაპარლამენტო ძალებს მეტი პოტენციალი გააჩნიათ

ახალი რუბრიკა- „ტყუილის ფენომენი“
გამოწერა
როგორ ემზადება არჩევნებისთვის „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“, რა შანსები აქვს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას და ზოგადად როგორი იქნება ძალთა გადანაწილება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. Sputnik-ს სტუმარია „ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარე აკაკი ასათიანი.

- ბატონო კაკო, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ კავშირს ვგულისხმობ.

— დასამალი არ არის,  რომ ჩვენ, დამოუკიდებელ სუბიექტად არჩევნებში მონაწილეობას ვერ შევძლებდით. პატრიოტებთან ერთად კი სერიოზული შანსი გაგვიჩნდა მომავალ პარლამენტში მოხვედრის. ჩვენ გვყავს გარკვეული ელექტორატი, გვაქვს გამოცდილება და ამდენად, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ გაერთიანებაში მიგვეღო მონაწილეობა.

- როგორ ფიქრობთ, რომელ პოლიტიკურ ძალებს აქვთ შანსი კონკურენცია გაუწიონ „ქართულ ოცნებას“?

— მეეჭვება კოალიციიდან გასულმა პარტიებმა ხელისუფლების კონკურენცია შეძლონ. ისინი გათქვეფილნი იყვნენ კოალიციაში დიდხანს და რა პრეტენზიებიც მათ შეიძლება ჰქონდეთ ხელისუფლების მიმართ, პირველ რიგში ალბათ მათვე ეკუთვნით. ჩემი აზრით, კოალიციიდან გამოსული პარტიების დიდი უმრავლესობა ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს.

- გამოდის, რომ ასპარეზზე არასაპარლამენტო ოპოზიცია გამოდის.

— დიახ, და თან საკმაოდ სერიოზული შანსებით და მიზნებით. პარლამენტში მოხვედრის მთავარი კანდიდატები არიან ნინო ბურჯანაძის პარტია და  „პატრიოტთა ალიანსი“.  ზოგადად, არასაპარლამენტო პარტიებს აქვთ შანსი, მოკრიბონ იმ ელექტორატის ხმები, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის მისცენ ხმა არჩევენებში. დიდი გაერთიანება კი შესაძლებელს გახდიდა მოყოყმანე ელექტორატის ძალიან სერიოზული კონცენტრაცია მოეხდინა, სწორედ ამ მიზნით შემოიკრიბა „პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები, რაც ერთიორად გაზრდის მათ შანსებს.

-მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

— მმართველ პარტიაზე არაფერს ვამბობ, მათ ხმათა დიდი პროცენტი გარანტირებული აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარად გაუცრუეს იმედები ხალხს. როგორც მოგახსენეთ, სერიოზული შანსები აქვთ ნინო ბურჯანაძის პარტიას, „თავისუფალ დემოკრატებს“, რაც შეეხება ნაციონალებს, სავარაუდოდ ბარიერს გადალახავენ, მაგრამ ეს უკვე არ იქნება ის ძალა, ვისაც მომავალ პარლამენტში რაიმეს გაფუჭების თავი ექნება.

თენგიზ ჩოჩუა
ყველა ახალი ამბავი
0