საქართველოსა და იორდანიას შორის, შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

© photo: Sputnik / Maxim BlinovAirbus A330
Airbus A330 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და იორდანია პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასა და ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის ჩატარებას გეგმავენ.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატორებმა საქართველოსა და იორდანიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობა განიხილეს.

იორდანიელი კანონმდებლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით 22 აპრილს ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც ქართველ კოლეგებთან, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროს, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს. ეს შეხვედრა ერთ-ერთი დადასტურებაა, რომ ორივე ქვეყნის ურთიერთობაში მხოლოდ პოზიტიური დინამიკაა“, — განაცხადა კობახიძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა, განაცხადეს საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ესტუმრება ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს და შეხვედრებს გამართავს ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.

იორდანიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი 27 აპრილს დასრულდება.

საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აპრილში დაამყარეს. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა იორდანიაში 2004 წლიდან ფუნქციონირებს. საქართველოსა და იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების პრაქტიკა არსებობს.

ასევე თანამშრომლობენ ქვეყნების პარლამენტები. ბოლო წლებში საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთობები ვითარდება ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0