თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ქართველი სამხედროები, რომლებიც ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მონაწილეობდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ.
მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.
ისინი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. ამჟამად საქართველოში 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა, რამდენიმე კვირაში სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ქართველი ჯარისკაცები ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute support) არასაომარ მისიაში, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს, 2015 წლის იანვრიდან მონაწილეობენ. საქართველო მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელიც ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა.