„მამაჩემი ხუთჯერ დაქორწინდა… მე არც ერთი ცოლი არ მყოლია, რაც ამტკიცებს იმას, რომ ადამიანები საკუთარი ჩვევების მონები ვხდებით“, — განაცხადა ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1940 წლის 25 აპრილს…
მეც, ჩვეულებისამებრ, გაღვიძებისთანავე გავედი აივანზე, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, მიზანდასახულად… იმისთვის, რომ პირდაპირ თვალებში ჩამეხედა მზისთვის და კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ მზესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ცხრათვალაა, არა აქვს ისეთი ღრმა, მეტყველი და საოცრად თბილი თვალები, როგორც განუმეორებელ და შეუდარებელ ალ პაჩინოს…
ისე კი, რა უცნაურია, რომ მსახიობმა, რომელზეც კრიტიკოსები საუბრობენ, რომ ის „თვალებით თამაშობს“, 7 მცდელობის შემდეგ ერთადერთი „ოსკარი“ მიიღო ფილმისთვის „ქალის სურნელი“, რომელშიც ის უსინათლო ვეტერანის როლს განასახიერებს… ო, როგორ ცეკვავს ალ პაჩინო ამ ფილმში!
მსოფლიოში ბევრია ძლიერი მსახიობი მამაკაცი, მაგრამ ალ პაჩინო ყველა თავისი როლით ამტკიცებს, რომ მამაკაცს, იმისთვის, რომ მამაკაცი იყოს, სულაც არ სჭირდება ცისფერი თვალები, 1,99 მ სიმაღლე და შვარცენეგერივით აღნაგობა… მამაკაცის ძალა სულ სხვა რამეშია, რაც მას, უდავოდ, გააჩნია…

როდესაც მას ეკითხებიან, თუ რატომ არ მოიყვანა აქამდე ცოლი, ალ პაჩინო პასუხობს: „მე არ მჭირდება ლამაზი ცოლი, საკმარისი რაოდენობის ფული მაქვს, რომ ნებისმიერი ქალი გავალამაზო, მე არ მჭირდება ალერსიანი ცოლი, რადგან ჩემი ხიბლით ან, უარეს შემთხვევაში, ისევ ფულით ნებისმიერ ქალს გავხდი ალერსიანს… მე მჭირდება ერთგული მეუღლე, ერთგულებას და კარგ რეპუტაციას კი ვერანაირი ფულით ვერ შეიძენ“…
ალ პაჩინო ბავშვობიდან ფანტაზიის საოცარი უნარით იყო დაჯილდოებული… მთელი სკოლის ბიჭები შურით სკდებოდნენ, როდესაც ის ჰყვებოდა, რომ ნიუ-იორკში სტუმრადაა ჩამოსული, ცხოვრობს კი ტეხასში, აქვს საკუთარი ფერმა, 10 ძაღლი და 1 ცხენი. სინამდვილეში, იმ დროისათვის ალ პაჩინოს ცხენი მხოლოდ შორიდან ჰყავდა ნანახი, ისიც ნიუ-იორკის ზოოპარკის ვოლიერში, რომლის ახლოსაც, ჰარლემში იყო მისი პატარა ბინა. ბავშვობაში ალ პაჩინო აგროვებდა გადაგდებულ ტრამვაის ფერად ბილეთებს და მათ ჯიბეებში იწყობდა. როგორც თვითონ ჰყვება, „წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ჯიბეები ფულით მქონდა სავსე და სიარულიც კი მეცვლებოდაო“… ალ პაჩინოს მშობლები ერთმანეთს მაშინ დასცილდენენ, როდესაც ის 2 წლის იყო და მას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ, რომლებიც, სხვათა შორის, წარმოშობით სიცილიიდან, კეძოდ, კორლეონედან იყვნენ. ამის გამო ალ პაჩინო ხუმრობდა ხოლმე, რომ ფრენსის კოპოლას „ნათლიმამაში“ მაიკლ კორლეონეს როლის შესრულების დროს, რომელმაც მას არნახული წარმატება მოუტანა, მას ხელს სწორედ „მაფიოზური გენები“ უწყობდა.
„ნათლიმამის“ შემდეგ ალ პაჩინომ შეასრულა მისი ასევე ერთ-ერთი საუკეთესო, ტონი მონტანას როლი ბრაიან დე პალმას ფილმში „ნაიარევი სახე“ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა თეატრში მოღვაწეობა, რადგან ყოველთვის თვლიდა, რომ თეატრი კინოზე უფრო მაღალი დონის ხელოვნებაა. მისი თქმით, „მსახიობი როლის შესრულების დროს გადის უწვრილეს თოკზე, რომელიც თეატრში მართლა ძალიან მაღლა ჰკიდია და იქიდან დაცემა სახიფათოა. კინოში კი თოკი მიწაზეა დადებული“…
სამწუხაროდ, ალ პაჩინოს სერიოზული თეატრალური როლი „რიჩარდ მესამე“ აბსოლუტურად წარუმატებელი იყო, რის გამოც ის დეპრესიაში ჩავარდა. ერთი წლის შემდეგ კი რეჟისორობა გადაწყვიტა და საკუთარი სცენარით გადაიღო ფილმი „დარცხვენილი“, რომელიც არავის არ აჩვენა, უახლოეს მეგობრებსაც კი და დღემდე დაჯავშნულ სეიფში აქვს გამოკეტილი. ამის შემდეგ ალ პაჩინოს გაუჩნდა სერიოზული პრობლემები ალკოჰოლთან დაკავშირებით… ასე გაგრძელდა 4 გრძელი წელი. საბედნიეროდ, მის გვერდით აღმოჩნდა არაჩვეულებრივი მსახიობი და დიდი გულის ადამიანი დაიან კიტონი, რომელმაც ძალით წააკითხა ალ პაჩინოს ფილმ „სიყვარულის ზღვის“ სცენარი და დაითანხმა კინოში დაბრუნებულიყო. ალ პაჩინომ შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა, სიგარეტსაც კი დაანება თავი (თუმცა დღეში 4 კოლოფს ეწეოდა) და მშვენიერ ელენ ბარკინთან დუეტში შექმნა დეტექტივ ფრენკ კელერის ძალიან საინტერესო სახე.

ბევრმა არ იცის, რომ ალ პაჩინომ უარი თქვა ბევრ, შემდგომში წარმატებულ ფილმებში მონაწილეობაზე, „კერკეტი კაკალი“ (სადაც ის შეცვალა ბრუს უილისმა და სწორედ ამ ფილმით გახდა ცნობილი), „4 ივლისს დაბადებულნი“ (შეცვალა ტომ კრუზმა), „ლამაზმანი“ (შეცვალა რიჩარდ გირმა), „კრამერი კრამერის წინააღემდეგ“ (შეცვალა დასტინ ჰოფმანმა), „ვარსკვლავური ომები“ (შეცვალა ჰარისონ ფორდმა)…
ალ პაჩინო დღესაც აგრძელებს წარმატებულ კარიერას კინოსა და თეატრში, ზრდის 3 შვილს და თვლის, რომ ეს არის „ყველაფერზე უკეთესი, რაც კი ცხოვრებაში შეემთხვა“… ძალიან არ უყვარს სპორტი, ძველებურად უყვარს სპაგეტი ხორცის ფრიკადელებით და ცხოვრობს შემდეგი ორი წესის დაცვით: „პირველი — არასდროს არ დანებდე და არ დაეცე… მეორე – არ დაგავიწყდეს პირველი წესის დაცვა!“
გისურვებთ წარმატებულ და ლამაზ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე