იაპონია რობოტი ფერმერების შესამუშავებლად 37 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს

გამოწერა
რობოტები ხანდაზმულ ფერმერებს მინდორზე მუშაობაში დაეხმარებიან. თვითმმართველი ტრაქტორის პირველი პროტოტიპი კომპანია Kubota-მ შეიმუშავა.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. იაპონიის ხელისუფლება მზადაა, 20 სახეობის რობოტის შემუშავებისთვის 37 მლნ აშშ დოლარი გამოყოს. რობოტები ფერმერებს მუშაობის ავტომატიზირებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ბლუმბერგზე“ დაყრდნობით იუწყება.

ქვეყნის მთავრობამ თავისი გეგმების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მინდვრებზე სულ უფრო მეტი ხანში შესული ადამიანი მუშაობს, მაგალითად, იაპონიაში ფერმერების საშუალო ასაკი 67 წელია.

„ფერმერებს, თუ მათ ასაკში შესვლისას წარმოების გაზრდა სურთ, კომპანიების მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობის გარდა, სხვა არჩევანი არა აქვთ. მთავრობა მათ ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში უნდა დაეხმაროს“, — განაცხადა ექსპერტმა მაკიკო ცუგატამ.

სააგენტო აღნიშნავს, რომ იაპონიაში სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი აღჭურვილობების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანია Kubota-მ უკვე შექმნა ტრაქტორი, რომელიც თავად იმართება. მისი გამოყენება ბრინჯის მინდვრებზე შეიძლება. რობოტი GPS-ნავიგაციითაა აღჭურვილი, ის აფასებს ნიადაგის მდგომარეობას, რის შემდეგაც ამუშავებს ნაკვეთს და მიწას სასუქით ამდიდრებს.

კომპანია ასევე მუშაობს მოწყობილობის შექმნაზე, რომლის ტარებასაც მოხუცი ფერმერები ზურგით შეძლებენ. ეს მოწყობილობა მათ ხილ-ბოსტნეულის მოსავლის აღებაში დაეხმარება.


ყველა ახალი ამბავი
0