როგორ ხედავს შექსპირის სამყაროს ქალი?

© რუსთაველის თეატრიშექსპირი. სიყვარული. ქორეოგრაფიული ფანტაზია
შექსპირი. სიყვარული. ქორეოგრაფიული ფანტაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
400 წლის წინ შექსპირი გარდაიცვალა, მაგრამ მან მსოფლიოს უსასრულო და უძლეველი სიყვარული დაუტოვა.

23 აპრილს დაიბადა უილიამ შექსპირი და იმავე დღეს გარდაიცვალა — ასე გვაუწყებს ენციკლოპედია. 2016 წელს მისი გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება. შექსპირის საიუბილეო წელს მსოფლიო ინტელექტუალური და სახელოვნებო სამყარო სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. რუსთაველის თეატრმა და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდმა, 20 და 22 აპრილს პრემიერა წარმოადგინა. 

რობერტ სტურუა და შექსპირის სამყარო განუყრელი მეგობრები არიან. მისი დადგმები მსოფლიოშია ცნობილი, აღიარებული და პატივდებული. „შექსპირი. სიყვარული“, რუსთაველის თეატრის ამ წარმოდგენის ლიბრეტოს თანაავტორი არის ბატონი რობერტ სტურუა, რეჟისორი და პრინციპში შექსპიროლოგი.

წარმოდგენა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული ფანტაზიაა, სადაც რუსთაველის თეატრის მსახიობები და ბალეტის მოცეკვავე — ნათია ბუნტური შექსპირის სიყვარულზე უსიტყვოდ გვიამბობენ. შექსპირის ენის, მისი ფრაზის მუსიკალურობის სრულყოფილი შეგრძნებისთვის, წარმოდგენაში გამოყენებულია ჯონ გილგუდისა და ალან რიკმანის შექსპირის სონეტების აუდიო-ჩანაწერები.

ფიცარნაგზე მოთავსებული ზარდახშიდან შექსპირის გმირები ამოდიან, უნიჭიერესი მსახიობის — ლელა ალიბეგაშვილის შექსპირს, თან სდევს ნათია ბუნტურის პლასტიკური და მეტყველი ბედისწერა. 

ფილოლოგიის დოქტორი, რუსთაველის თეატრის თანამშრომელი, დავით მაზიაშვილი:

— ეს არის ასოციაციური, ალუზიური აღქმა. აქ შექსპირის სამყაროა, საიდანაც ამოიზრდება სხვადასხვა თემები, მოტივები… პირველ რიგში მოიცავს შექსპირის სონეტებს, შემდეგ ტრაგედიებს და კომედიებს, მაგრამ აქ არის აბსტრაქცია…

- კონკრეტულად, რომელი ნაწარმოები გაქვთ გამოყენებული?

ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე: 

— ამის ცოდნა საჭირო არ არის! თქვენ რაზეც გაგიჩნდათ ასოციაცია, ის ნაწარმოებია. ჩვენ ხომ არ დავაკონკრეტეთ! ლიბრეტოზე ზაფხულიდან მოყოლებული ვმუშაობთ, მე და ბატონ რობერტ სტურუამ გავაკეთეთ.

- მოქმედი გმირების ურთიერთობები თქვენ ააგეთ?

— დიახ! მე ვარ დამდგმელი. ქორეოგრაფი ისედაც რეჟისორია!

მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია:

— ეს ხომ არ არის იმ ფორმის სპექტაკლი, რასაც დრამატული წარმოდგენა ჰქვია, იმიტომ რომ იქ ცოტა მეტი ემოცია გაჭირდება, ფრაზაზე მუშაობ და ა. შ. აქ გმირის სხეულში ხარ. შეიძლება შექსპირი წაკითხული არ გქონდეს და არ იცოდე რა ხდება სცენაზე, მაგრამ მე მგონია, რომ პატარა მინიშნებები მაინც არის და ეს გასაგები უნდა იყოს. 

- უსიტყვოდ მოყვე ამბავი — ალბათ თქვენთვის ეს კიდევ ერთი გამოცდილებაა… 

— მე მარიამ ალექსიძის „ჰარირაშიც“ ვთამაშობდი. მაინტერესებს ასეთი სამუშაო და გულიც ამიტომ მიმიწევს მოძრაობისკენ. პირველ კურსზეც ვფიქრობდი — პანტომიმაზე ხომ არ გადავიდე! 

შექსპირზე ხომ კამათობენ — ქალი იყო თუ კაცი? ჩვენ სპექტაკლში შექსპირი ქალია, რომელსაც მაგარი მსახიობი და მაგარი ადამიანი — ლელა ალიბეგაშვილი თამაშობს.

© ლ. ალიბეგაშვილიშექსპირის როლის შემსრულებელი ლელა ალიბეგაშვილი
შექსპირის როლის შემსრულებელი ლელა ალიბეგაშვილი  - Sputnik საქართველო
შექსპირის როლის შემსრულებელი ლელა ალიბეგაშვილი

მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი:

— 2000 წელს მსგავსი პერსონაჟი, რობერტ სტურუას „კარმენში“ ვითამაშე. ჯანო კახიძე დირიჟორობდა. „კარმენში“ მქონდა ბედისწერის როლი — შემოქმედებითი სული ქმნის და მერე გიჟდება. ახლა, რომ გითხრათ „ვაჰ, რა გავაკეთე“ — ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მარიამის ქორეოგრაფია ისე მომწონს, რომ მშვენივრად გავერთე და ახალგაზრდებთან სიამოვნებით ვიმუშავე. ეს არ იყო წამება ან გაუთავებელი რეპეტიციები. 

მე საბალეტო სკოლა დავამთავრე და თანამედროვე ბალეტი, ჩემთვის მსუბუქი ჟანრია. პარტნიორი ახალგაზრდა ბალერინა მყავს — ნათია ბუნტური. სასიხარულო ინფორმაცია — მარიამს თეატრი დაუმტკიცეს დ მას 8 კაციანი მუდმივი დასი ეყოლება, თბილისის მერიამ დააფინანსა. 

ბალეტის მოცეკვავე, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სოლისტი, ნათია ბუნტური:

— მარიამი გვაძლევს თავისუფლებას, რომ ჩვენც და მაყურებელმაც წარმოსახვის ტერიტორია დავიტოვოთ, ამიტომ თამამად ვიტყვი: შექსპირი უკიდეგანო სივრცეა და მთელი სამყარო.

- ნათია, დრამატული თეატრის მსახიობებთან როგორ მუშაობდი?

— უნდა გითხრა, რომ კარგი გაგებით კომპლექსი მაქვს, იმიტომ რომ მათ იციან ის, რაც მე ბოლომდე არ ვიცი, არ მისწავლია და ალბათ არც უნდა ვიცოდე — სწორედ ეს არის საინტერესო. მე პლასტიკით გამოვხატავ, არა? მაგრამ ამ დროს ვაკვირდები მათ, თუ როგორ ამუშავებენ ამა თუ იმ მოძრაობას, გრძნობას თუ პერსონაჟს. დრამატული თეატრის მსახიობები განსხავებულად გამოხატავენ, ამიტომ მე უფრო მეტს ვსწავლობ. ყოველდღიური რეპეტიციები, თუნდაც ნახევრ საათიანი, მოდის უშრეტი წყალივით, ისევე როგორც შექსპირის შემოქმედება და ამას ემატება ისიც, რომ მარიამის ქორეოგრაფიაა უშრეტი ფანტაზიის მქონე.

მარიამ ალექსიძის ბაბუა აღიარებული რეჟისორი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე იყო, მამა ქორეოგრაფი — გოგი ალექსიძე. ქალბატონმა მარიამ ალექსიძემ მოცეკვავის კარიერას, ქორეოგრაფია ამჯობინა და უკვე 2011 წელს მარინა, ნინო, დიმიტრი, ირინე, ანა ალექსიძეებთან ერთად „გიორგი ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი“ დააფუძნა. ამ ფონდის ეგიდით დაიდგა სპექტაკლები: „აჯარპანი“, „ალვა“, „ჰარირა“, „გურჯი-ხათუნი“. „შექსპირი. სიყვარული“ — ჩვენი ინფორმაციით, ამ ფონდის მე-5 წარმოდგენაა. მან ჩაუყარა საფუძველი პროექტს: „ფანტაზია ქართული ფოლკლორის თემაზე“. ქართული ბალეტის განვითარების ეს ტრადიცია დაუფუძნებია ვახტანგ ჭაბუკიანს, შემდეგ გიორგი ალექსიძეს გაუგრძელებია და დღეს, მათ მემკვიდრე მარიამ ალექსიძეა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0