თბილისი, 22 აპრილი —Sputnik. საქართველოში დედამიწის საერთაშორისო დღე (International Mother Earth Day) სხვადასხვა გამოფენებითა და აქციებით აღნიშნეს.
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. იგი 2009 წელს ბოლივიის ინიციატივით დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე. რეზოლუციის თანაავტორი გახდა გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა.
დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.
ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისში, მახათას მთის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი შენდება, გამწვანების აქცია ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა 60 წიწვოვანი ხე დარგეს. გარდა ამისა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა გამოფენა „ჩვენი ქვეყნის ფერადოვნება“, სადაც წარმოდგენილი იყო XV-XIX საუკუნის ისტორიული დოკუმენტები წყლისა და ტყის მასივების სწორ გამოყენებაზე, სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები, ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების საარქივო ფოტომასალები. გამოფენა ხუთ დღეს გასტანს.
დედამიწის დღე აღნიშნეს ბათუმშიც. მერიის ინიციატივით, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 4 მუხა დარგეს. ქალაქის გამწვანების აქციები მომავალშიც გაგრძელდება, აღნიშნეს მერიაში.
ქალაქის ქუჩების დასუფთავების აქცია გაიმართა საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში — გორში. ქალაქის მერიის 100-მდე თანამშრომელმა მოძრაობა „დედამიწის მეგობრებთან“ და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ტერიტორია დაასუფთავეს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის ირგვლივ და ქარსაცავი ზოლის შესაქმნელად ნერგები დარგეს.
დედამიწის დღე იმ მიზნით დაწესდა, რომ საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ ეკოლოგიურ პრობლემებს. ამიტომ ტარდება ამ დღეს ეკოლოგიური აქციები და ღონისძიებები, სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები, ქალაქების ტერიტორიების დასუფთავება და ხეების დარგვა.