ლიტერატურული პრემია „ლიტერა“

© რ. შაიშმელაშვილი"ლიტრას" დაჯილდოების ცერემონია
ლიტრას დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველად საქართველოში, საქართველოს კულტურსა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცატივით, მწერალთა სახლში გაიმართა ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, სადაც კონკურსის ჟიურიმ ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოავლინა.

წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი — ნინო სადღობელაშვილი – „განძის თეატრი“.

წლის საუკეთესო დებიუტი – ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“.

წლის საუკეთესო პოეტური კრებული – ბესიკ ხარანაული – „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“; ზვიად რატიანი – „შენთვის შეიძლება“.

წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი — დავით ქარდავა – „ესავის ხელები“.

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი – სერია „ამერიკელები“ („დიოგენე“); ყდის დიზაინი – ბესიკ დანელია.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო – 5000 ლარი  და პრიზი „ლიტერა“ გადაეცათ, რომლის ავტორიც მხატვარი მანანა არაბულია.

© photo: courtesy of R. Shaishmelashviliქეთი დუმბაძე დაჯილდოების ცერემონიაზე
ქეთი დუმბაძე დაჯილდოების ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
ქეთი დუმბაძე დაჯილდოების ცერემონიაზე

საღამომ ძალიან ლამაზ და თბილ ატმოსფეროში ჩაიარა, რომლის დამთავრებისთანავე ინტერვიუ ვთხოვეთ კონკურსის სულისჩამდგმელსა და იდეის ავტორს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველს ქეთევან დუმბაძეს.

 

– მოგესალმებით ქალბატონო ქეთი და გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს, რომლის განხორცელებაშიც თქვენ უდიდესი როლი მიგიძღვით

– ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვთვლი, რომ დიდებული დღეა, იმიტომ რომ ლიტერატურული პრემიის დაფუძნება ძალიან ბევრს ნიშნავს, არა მარტო იმათთვის ვინც დღეს გაიმარჯვა, არამედ ნომინანტებისთვისაც. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია თავად ლიტერატურული პროცესისთვის. კონკურსი ავლენს წინა წლის მთელ შემოქმედებას რაც კი შეიქმნა საერთოდ ქვეყანაში და, რაც მთავარია, ფასდება კარგი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მწერლის, ლიტერატორის, შემქმნელის შრომა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლისთვის. იხსნება გზა წიგნისა.

დღეს, როცა ტელევიზიით მოისმენენ, რომ ამა და ამ მწერალებმა გაიმარჯვეს, ის ადამიანები, რომლებსაც ლიტერატურა უყვართ, აუცილებლად შევლენ მაღაზიაში და ამ მწერალს და ამ წიგნს მოიკითხავენ. ასევე განსაკუთრებით მნშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ წლებია მწერლების მიმართ ასეთი აქტივობები არ ყოფილა და მწერლები ძალიან მადლიერი არიან ამისთვისაც. რისთვის არსებობს, აბა, კულტურის სამინისტრო, თუ არა ამისთვის? მნიშველოვანი ფაქტი იყო ისიც, რომ არც ერთ ლიტერატურულ პრემიაში არ იყო საბავშვო ლიტერატურასთან დაკავშირებული ნომინაცია და ეს პირველად „ლიტერაში“ მოხდა. მეორე დიდი გამარჯვებაა ისიც, რომ არასოდეს არ დაფასებულა ასე დიზაინერის შრომა. წიგნს, რა თქმა უნდა, გაფორმებაც სჭირდება და დიზაინერს არანაკლები როლი მიუძღვის გამომცემლობის მუშაობაში. რა გითხრათ, ძალიან გახარებული ვარ, რადგან ამდენ გახარებულ სახეს ვხედავ. სხვათა შორის, მე ბევრი მწერლის შემოქმედებითი ბიიოგრაფია მინახავს და იქ ისიც ეწერა ხოლმე, რომ მე ამა და ამ პრემიის ნომინანტი ვიყავიო. ესეც ბევრს ნიშნავს მწერლისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლისთვის ჩვენ ნომინაციებს გავზრდით. კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია დასაფასებელი და მათი შრომა. ეს ის შემთხვევაა, როცა კონკურენტის არ უნდა გეშინოდეს. მე ვუსურვებდი ქართულ მწერლობას, რომ ბევრი ლიტერატურული კონკურსი არსებობდეს და ბევრი ლიტერატურული პრემია.

– თქვენი წამოწყებული იყო ასევე ძალიან წარმატებული პროექტი „ცოცხალი წიგნები“, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკურსიც ასევე ტრადიციული გახდება.

– დიახ, ნამდვილად ასეა. დღეს უკვე ითქვა აქ, რომ ეს კონკურსი იქნება ტრადიციული, ყოველწლიური და, დარწმუნებული ვარ, პრესტიჟულიც.

© რ. შაიშმელაშვილი"ლიტერას" დაჯილდოების ცერემონიაზე
ლიტერას დაჯილდოების ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
"ლიტერას" დაჯილდოების ცერემონიაზე

Sputnik-ი გამარჯვებულ ნომინანტებსაც გაესაუბრა:

ზვიად რატიანი – პოეტი

– გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! რამდენად ელოდით, რომ პირველი კონკურსის პირველი გამარჯვებული სწორედ თქვენ გახდებოდით?

– იცით რა, იმდენად სერიოზული კონკურენტები მყავდა, დიდი მოლოდინი საერთოდ არ მქონია. ისეთი საინტერესო პოეტები მყავდა გვერდით, როგორებიც გახლავთ კატო ჯავახიშვილი, ნატო ინგოროყვა… თითოეულ მათგანს განსაკუთრებულ პატივს ვცემ. არ შემიძლია არ ავღნიშნო ისიც, რომ ძალიან დიდი პატივია ჩემთვის პრემია ბესიკ ხარანაულთან ერთად. დიდ სიხარულთან ერთად უხერხულობის განცდაც დამეუფლა ამ გიგანტი ადამიანის გვერდით მეც რომ მომენიჭა ეს პრემია.

ნინო სადღობელაშვლი – მწერალი

– რას გრძნობთ ამ წუთას, რას განიცდით?

– პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ ახალი ლიტერატურული პრემია გაჩნდა. ეს თითოეული ჩემი კოლეგისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მინდა ვისარგებლო შემთხვეევით და ყველა გამარჯვებულს მივულოცო ეს შესანიშნავი დღე. იცით, იმდენად ძლიერი კონკურენტი მყავდა ნანა დავითაშვილი, რომ არანაირად არ ველოდი ჩემი სახელის გამოცხადებას. ეს მართლაც რომ მოულოდნელი სიხარული და გამარჯვება იყო ჩემთვის. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს და პირადად ქალბატონ ქეთი დუმბაძეს ამ არაჩვეულებრივი კონკურსის ჩუქებისთვის.

დავით ქარდავა – მწერალი

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს დღე?

– მნიშვნელოვანია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ჟიური იყო ძალიან შთამბეჭდავი და როდესაც შენი კოლეგები გამოგარჩევენ, შენს წიგნს გამოარჩევენ, ეს ძალზე სასიხარულოა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ფულადი პრემიაც ახლავს თან ამ კონკურსს. ყველა ვშრომობთ, ვწვალობთ და, დამერწმუნეთ, მწერლის შრომა ძალიან დიდია. მიხარია, რომ ჩემთან ერთად ფინალისტებში იყვნენ გიორგი კეკელიძე, ზაზა ბურჭულაძე და სხვები… ვფიქრობ, დღეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დაარსა. „ლიტერა“ ერთადერთი კონკურსია, რომელიც, სხვა ნომინანტებთან ერთად, გამარჯვებულებს ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში ავლენს — "წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი“ და „წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი". პროექტის შექმნის მიზანია ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0