თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოში მცხოვრებნი და ქვეყნის სტუმრები ზღვისპირეთში წასვლას ივლისიდან ორსართულიანი მატარებლებით შეძლებენ.
სს „საქართველოს რკინიგზამ“ ზღვისპირეთში დასვენების მსურველთა რაოდენობის გაზრდის გამო ოთხი ახალი მატარებლის შესყიდვა გადაწყვიტა.
„მატარებლები უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია“, — განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
მატარებლები ელექტრონული ტენდერის ჩატარების საფუძველზე შვეიცარიული კომპანიისგან Stadler Rail AG შეიძინეს. ოთხი მატარებელი ქართულ კომპანიას 40 მლნ ევრო დაუჯდა.
რკინიგზის ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ ბილეთების ფასი იგივე დარჩება.
ტურიზმის განვითარება საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოს პროგნოზით, წელს ვიზიტორთა რაოდენობა ექვს მილიონს მიაღწევს.