— ბატონო თემურ, ამ მოწვევის პარლამენტში ჩოხატაურის რაიონს წარმოადგენდით. გეგმავთ თუ არა მშობლიური რაიონის მაჟორიტარობას მოახლოებულ არჩევნებზე?
— მოგეხსენებათ, ჩოხატაური და ლანჩხუთი ერთ ოლქად ჩამოყალიბდა. ჩოხატაური ჩემი მშობლიური რაიონია, ლანჩხუთი კი დედულეთი. არასოდეს მქონია პრეტენზია პოლიტიკოსობაზე, უბრალოდ, 2012 წელს საჭიროებამ მოითხოვა და კენჭი ვიყარე, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე გადაწყვეტით ვერაფერს ვიტყვი, თუ მე მეტყვიან, დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, მაგრამ მომავალში აღარ გვიჭრდებიო, დიდი სიამოვნებით დავუბრუნდები საყვარელ საქმიანობას, რომელსაც ამ ოთხ წელიწადში ძალიან ბევრი დავაკელი. თუმცა, თუ „ქართულ ოცნებას“ და საქმეს დასჭირდება, რომ კვლავ ვიყარო კენჭი, ამისთვისაც მზად ვარ.
— ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გსაყვედურობენ, „ქართულ ოცნებას“ აწყობს ოპონენტად სახელგატეხილი ნაციონალები და ხელს აფარებენო.
— არასერიოზული შეხედულებაა. როგორ შეიძლება გვაწყობდეს პარტია, რომელმაც ამდენი უბედურება დაატეხა ქვეყანას, რომლის ხელისუფლებიდან ჩამოსაცილებლად ამდენი ხანი ვებრძოდით და დღესაც ვებრძვით. მოგწონს თუ არა, ეს ძალა სხვებზე უფრო ორგანიზებულია და ამიტომ ახერხებს პოლიტიკურ არენაზე ჯერაც ყოფნას. ოპოზიციურმა პარტიებმა თავის სისუსტეს დააბრალონ, რომ სათანადო დონეზე ვერ არიან. აგერ, ბატონო, არჩევნები კარს მოგვადგა და დაამტკიცონ თავისი სიძლიერე, საბოლოო ჯამში ხომ ამომრჩევლის გადასაწყვეტია – ვინ მართოს ქვეყანა და ვინ ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას.
— რესპუბლიკელებისა და ფორუმელების პოზიცია გაირკვა, ისინი დამოუკიდებლად იყრიან კენჭს, თუმცა დღემდე არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევა კოალიციაში შემავალ დანარჩენ სუბიექტებს, მრეწველებს, კონსერვატორებს?..
— მართალია, ჯერ ოფიციალურად არ გაცხადებულა, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ „ქართული ოცნება“ ყველა სხვა სუბიექტისგან დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვნახოთ რა მოხდება ოქტომბერში და მერე ვიფიქროთ, ვისთან ვითანამშრომლოთ და ვისთან არა.
— წელს პირადად თქვენთვის ორი მნიშვნელოვანი თარიღია: ანსამბლ „ქართული ხმების“ დაარსებიდან 30 წელი და გოგი დოლიძის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა…
— სამწუხაროდ, პოლიტიკაში ყოფნამ ჩემი დროის დიდი ნაწილი მოითხოვა და საყვარელ საქმეს იმდენ ყურადღებას ვეღარ ვაქცევ. ამას წინათ შევიკრიბეთ და ყველას აზრი დაემთხვა, რომ ეს ორი ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი აუცილებლად უნდა აღინიშნოს. მას შემდეგ ვფიქრობ და ასეთი სათაური მომაფიქრდა: 30 წელი სცენაზე და ოთხი დაკარგული სიმღერა. ამით იმ ოთხი დიდებული პიროვნების გოგის, თავგასას, გურამისა და ზაურის ხსოვნას მივაგებთ პატივს…
თენგიზ ჩოჩუა