თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.
ფინალურ შერკინებაში 22 წლის მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კოლინ ოატესს შეხვდა და იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში მარგველაშვილმა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთის წარმომადგენელი არსენ გალსტიანი დაამარცხა.
მარტის ბოლოს ვაჟა მარგველაშვილი თბილისის გრან–პრის მფლობელიც გახდა და საქართველოს ნაკრებს ბრაზილიის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოუტანა 66 კგ–მდე წონით კატეგორიაში.
ყაზანში გამარჯვება 22 წლის სპორტსმენის კარიერაში ევროპის ჩემპიონობის პირველი შემთხვევაა.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს ამირან პაპინაშვილს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა მედლამდე. 2013 წლის ევროპის ჩემპიონს ზედიზედ მეხუთედ ჰქონდა კონტინენტური პირველობის პრიზიორთა კვარცხლბეკზე დადგომის შანსი, მაგრამ პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა იტალიელ ელიოს მანცისთან დათმო.
რაც შეეხება გოგონებს, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა გამოსვლა ადრეულ სტადიაზე დაასრულა. ოლგა ალადოშვილმა(-48 კგ) რუმინელ მონიკა უნგურიანთან მეორე რაუნდში წააგო. მარიამ ჯანაშვილი(-52 კგ) და სალომე აბაშიძე (-57 კგ) პირველსავე რაუნდში დამარცხდნენ, შესაბამისად, კატინკა შაბოსთან (უნგრეთი) და ეველინა ილიევასთან (ბულგარეთი).
22 აპრილს ტურნირზე ჯილდოების ოთხი კომპლექტი გათამაშდება. ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი 73 კგ–მდე წონით კატეგორიაში მედლებისთვის იბრძოლებენ, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილი 81 კგ–მდე წონით კატეგორიაში გამოვა. ქალებიდან ტატამზე ესტერ სტამი (-70 კგ) გავა.