არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც ძალიან გინდა დღეს!

ჰოლივუდის მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი
ჰოლივუდის მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს გაჰკრა თუ არა მზემ ასანთივით სხივი ცის კაბადონს, მას მერე გუგულებს დავეძებ… ძალიან მჭირდება… ეს იმ დროს, როცა ფრინველებში ერთმანეთისგან ვარჩევ მხოლოდ მამალს, ფარშევანგს, სავარაუდოდ, ფლამინგოს და გედს, ამ უკანასკნელსაც იმ შემთხვევაში, თუ "პაჩკა" აცვია ჩაიკოვსკის „გედების ტბიდან“…

ამიტომაც გუშინ ყურადღებით შევისწავლე, როგორ გამოიყურება გუგული… თურმე, ის გაურკვეველი ფერისაა, ჰგავს მიმინოს, ხოხობსა და მტრედს ერთდროულად, აქვს გრძელი ფრთები და ძალიან მოკლე ფეხები და, რაც მთავარია, ტოტზე დაჯდომისას ზურგი სწორედ უჭირავს… მე მგონი, ამ აღწერით გუგულს მე კი არა და საკუთარი დედაც ვერ იცნობდა… არა და, მისი გადაფრენის დანახვა მართლა მჭირდებოდა ასოციაციისა და მუზისთვის, რადგან ზუსტად ამ დღეს, 1937 წლის 22 აპრილს დაიბადა ჩემი უსაყვარლესი მსახიობი, ამავდროულად ჩემი უსაყვარლესი ფილმის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ მთავარი გმირის როლის შემსრულებელი, 12-ჯერ „ოსკარის“ პრემიის ნომინანტი და სამი „ოსკარის“ ლაურეატი, დიდებული და განუმეორებელი ჯეკ ნიკოლსონი!

ჯეკ ნიკოლსონი - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"
ჯეკ ნიკოლსონი - ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა - Sputnik საქართველო
ჯეკ ნიკოლსონი - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"

ის არავის არ ჰგავს, წინააღმდეგობრივი და სრულიად არაორდინალურია როგორც კინოში, ასევე ცხოვრებაში… ერთი მხრივ, უარს ამბობს ლუციფერის როლის შესრულებაზე ალან პარკერის ფილმში „ანგელოზის გული“ (შემდგომში ეს როლი დე ნირომ შეასრულა) და ამავე დროს თანხმდება ითამაშოს ეშმაკის როლი ფილმში „ისტვიკელი ჯადოქრები“… ვაჟკაცურად უძლებს „ქერა-შავ-წითური“ ჯადოქრების ტრიოს ცდუნებას მიშელ პფაიფერის, შერისა, და სიუზან სარანდონის სახით და… პირველივე დანახვით უყვარდება ჯადოქარი მორტიშა ადამსი (ანჟელიკა ჰიუსტონი) ფილმში „ადამსების ოჯახი“.

…16 წელი უბედნიერესად გრძნობს თავს ამ არაჩვეულებრივი ქალის გვერდით და მე-17 წელს უაზროდ ღალატობს, რასაც ქალები და, მით უმეტეს, ჯადოქრები არ პატიობენ ხოლმე საყვარელ მამაკაცებს… ანჟელიკასთან დაცილების მეორე დღეს კი სახალხოდ აცხადებს, რომ „თავისი სისულელის გამო დაკარგა ყველაზე ძვირფასი, რაც კი ჰქონია ცხოვრებაში, და რომ ასეთი დაცარიელებული და უბედური აქამდე არასდროს ყოფილა“…

საინტერესოა, რომ ნიკოლსონის კარიერა კინოში ასევე ორიგინალურად დაიწყო. ის კინოსტუდია MGM-ის მულტიპლიკაციის განყოფილებაში გაფორმდა და შემდეგ, იმის გამო, რომ აქტიურად ტრიალებდა გადამღებ მოედანზე, მიიწვიეს რამდენიმე ეპიზოდურ რილში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ის არავის დამახსოვრებია. ნამდვილი და დიდი წარმატება მას მოუტანა პიტერ ფონდას ფილმში „იოლი მგზავრი“ (1969 წ) შესრულებულმა ჯორჯ ჰენსონის სრულიად შემთხვევით მიღებულმა როლმა. ეს რეალური დებიუტი მისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა… ამას მოჰყვა მისი დევიდ ლოკი („პროფესია რეპორტიორი“), პატრიკ მაკმერფი („ვიღაცამ გუგულის  ბუდეს გადაუფრინა“), ფრენკ ჩემბერსი („ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“), დერილ ვან ჰორნი (“ისტვიკელი ჯადოქრები“), ალექს გეითსი („ღვინო და სისხლი“) და სხვ.

ჯეკ ნიკოლსონი "ისტვიკელი ჯადოქრები"
ჯეკ ნიკოლსონი ისტვიკელი ჯადოქრები - Sputnik საქართველო
ჯეკ ნიკოლსონი "ისტვიკელი ჯადოქრები"

ცხოვრებაში ნიკოლსონის საყვარელი და აუცილებელი ატრიბუტებია ქუდი და მუქი სათვალე. ქუდი მას  ბავშვობიდან უყვარს, რადგან მისი საყვარელი მსახიობები დღემდე არიან მარლონ ბრანდო, რომელთანაც მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა და ფრენკ სინატრა, რომელმაც ნიკოლსონს ქუდებისადმი სიყვარული ჩაუნერგა… რაც შეეხება სათვალეს, ნიკოლსონი აცხადებს — „მზის სათვალე რომ მიკეთია, ვარ ჯეკ ნიკოლსონი, თუ არ მიკეთია – 60-ს გადაცილებული გასუქებული კაცი…“

რა თქმა უნდა, ნიკოლსონი „იპრანჭება“, რადგან დღემდე მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია, სარგებლობს მანდილოსნების ყურადღებით, რომელიც არ ქრება მისი ასაკის მატების პროპორციულად, თამაშობს გოლფს და კალათბურთს… უყვარს რესლინგი (მხოლოდ ყურება), აღფრთოვანებას გამოხატავს ფიდელ კასტროს პიროვნებით, რომელსაც კარგად იცნობს და გენიოსად მიაჩნია, ხშირად ხვდება უახლოეს მეგობარს, „აუტანელ“ შონ პენს და ძალიან მოსწონს ჰოლივუდის წესიერების სიმბოლო ტომ ჰენკსი, რომელზეც ამბობს: „არავის არასდროს გაუგია, რომ ტომ ჰენკსს დაელიოს და ღამე დებოში მოეწყოს. არავის არასდროს გაუგია, რომ ტომ ჰენკსს რამე მოეპაროს მაღაზიაში… არავის არასდროს და არაფერი არ ამოუკითხავს ტომ ჰენკსის შესახებ სასამართლო ან კრიმინალურ ქრონიკაში. აი, რა მომწონს ტომში — ის, რომ მისი გამოჭერა შეუძლებელია“…

თავად ნიკოლსონის ცხოვრების ფილოსოფია კი, მისი თქმით, შემდეგში მდგომარეობს —  „არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც ძალიან გინდა დღეს!"

გისურვებთ ხალისიან და იღბლიან დღეს!


ყველა ახალი ამბავი
0