უდაბნოს ვარდი - ადენიუმი

© photo: Sputnik / Denis Aslanovუდაბნოს ვარდი - ადენიუმი
უდაბნოს ვარდი - ადენიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს მცენარე სულაც არ ჰგავს ვარდს, მაგრამ თავის სახელს ამართლებს - იგი უდაბნოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მოყვავილე მცენარეა. ნელმოზარდი ბუჩქი ან მცირე ზომის ხე ხორციანი, ძირისკენ გამსხვილებული ღეროთი, რომელსაც კაუდექსს უწოდებენ, თავის სამშობლოში 2 მეტრამდე იზრდება. უდაბნოს გარდა ტროპიკებიც მოსწონს და კიდევ... ჩვენი ბინები!

როგორც ოთახის კულტურა, „ბოთლისმაგვარი ხეები“ — ადენიუმები საქართველოში სულ 4-5 წელია გამოჩნდა და სუკულენტების მოყვარულთა შორის მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. რუსთაველი ანტონ ღონღაძე იმ ადამიანთა შორისაა, ვინც საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა გაახარა უცხოეთიდან გამოწერილი თელებით ადენიუმები და დღეს მისი კოლექცია ათეულობით ჯიშის ამ მცენარეს ითვლის. ამიტომ ამ მცენარის ჩვენი მკითხველისთვის გაცნობა სწორედ მას მივანდეთ:

© photo: Sputnik / Denis aslanovანტონ ღონღაძე ადენიუმებით 4-5 წლის წინ დაინტერესდა
ანტონ ღონღაძე ადენიუმებით 4-5 წლის წინ დაინტერესდა - Sputnik საქართველო
ანტონ ღონღაძე ადენიუმებით 4-5 წლის წინ დაინტერესდა

ადენიუმების გამრავლება სახლის პირობებში საქართველოში სულ უფრო მოდური ხდება. მათი მოვლა დიდ ძალისხმებას არ მოითხოვს, ამიტომ ოთახის მცენარეების მოყვარულებს შორის მასზე მოთხოვნა გაიზარდა. 

ადენიუმი როგორც ყვავილების გარეშე, ისე ყვავილობისას ძალიან ლამაზია და ეგზოტიკურად გამოიყურება. ყვავილის ფერთა გამა საკმაოდ ფართეა: ვარდისფერი, ალისფერი, ჟოლოსფერი, მუქი ღვინისფერი და თეთრი. არის როგორც ერთფეროვანი, ისე ჭრელი ჯიშები. ადენიუმის უნაზესი კაშკაშა ყვავილები მის მსუქან ღეროებზე მართლაც რომ ეგზოტიკურ ეფექტს ახდენს. 

საინტერესოა არა მარტო მათი მომხიბვლელი ყვავილები, არამედ „ბოთლისმაგვარი“ დაკრუნჩხული ღეროც, რომელსაც საკმაოდ ხშირად ბონსაიშიც ურევენ. ასეთი უცნაური ღერო და ვარჯი მებაღეთა ძალისხმევის შედეგია და ბევრად უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე ბონსაის შემთხვევაში.

© photo: Sputnik / Denis Aslanovადენიუმის კაუდექსის ფორმირება ძალიან საინტერესო პროცესია
ადენიუმის კაუდექსის ფორმირება ძალიან საინტერესო პროცესია - Sputnik საქართველო
ადენიუმის კაუდექსის ფორმირება ძალიან საინტერესო პროცესია
 

თუმცა აქვე მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ, რომ მთელი თავისი სილამაზის მიუხედავად ადენიუმი შხამიანი მცენარეა და ის ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილზე უნდა გქონდეთ. 

კულტურაში ძირითადად ზრდიან მსუქანა ადენიუმებს (Adenium obesum), ასევე პოპულარულია არაბული ადენიუმი (Adenium arabicum).

განათება

ძალიან კარგად იტანს მზის პირდაპირ სხივებს. მეტიც, კარგი განათება ამ მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია ადენიუმის პერიოდულად მოტრიალება განათებული მხარისკენ, რათა არ მოხდეს ღეროს გადახრა შუქისკენ.

© photo: Sputnik / Denis Aslanovანტონ ღონღაძის კოლექციაში დღეს რამდენიმე ათეული ფორმირებული კაუდექსის მქონე ადენიუმია
ანტონ ღონღაძის კოლექციაში დღეს რამდენიმე ათეული ფორმირებული კაუდექსის მქონე ადენიუმია - Sputnik საქართველო
ანტონ ღონღაძის კოლექციაში დღეს რამდენიმე ათეული ფორმირებული კაუდექსის მქონე ადენიუმია
 

ტემპერატურა და ტენიანობა

ადენიუმს აქტიური ზრდის პერიოდში — გაზაფხულიდან შემოდგომამდე – საკმაოდ მაღალი ტემპერატურა სჭირდება. ამასთან ჰაერის ტენიანობა მნიშვნელოვანი არ არის. ადენიუმი შეგიძლიათ დანამოთ ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, მაგრამ ისე ფრთხილად, რომ წყალი ყვავილებს არ მოხვდეს. 

შემოდგომაზე, როცა დღე მცირდება, მცენარეს მოსვენების პერიოდი ეწყება. ზოგიერთ ადენიუმს ფოთლების ცვენა ეწყება. შესაძლოა სულ გასცვივდეს კიდეც. მოსვენების პერიოდში დაბალი ტემპერატურით უზრუნველყოფა აუცილებელი არ არის. თუმცა ადენიუმებს ზამთარში შეუძლიათ +10 გრადუსამდე ტემპერატურის დაცემა აიტანონ. ამ შემთხვევაში ჰაერის ტენიანობა დაბალი უნდა იყოს, რათა მცენარე არ დაავადდეს სოკოთი და არ დაიღუპოს. 

მორწყვა

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როცა ცხელა და მცენარე აქტიურად იზრდება, მას უხვი მორწყვა სჭირდება. ზამთარში რწყვის რეჟიმი მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა მიწა არ უნდა გამოშრეს. მორწყვისთვის რბილი, ნადგომი წყალი უნდა გამოიყენოთ, რომელიც შეგიძლიათ მცირედ დაამჟავოთ. 

© photo: Sputnik / Denis Aslanovუდაბნოს ვარდი - ადენიუმი
უდაბნოს ვარდი - ადენიუმი - Sputnik საქართველო
უდაბნოს ვარდი - ადენიუმი

ყვავილობა

ადენიუმი მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ყვავის. აქვს მსხვილი, მრავლობითი ყვავილები, რომლებიც კვირაზე მეტს ძლებენ. გაზაფხულზე, როცა აქტიური ზრდა იწყება, უკეთესი განტოტვისთვის უმჯობესია ადენიუმი გაისხლას.

 

გადარგვა

გადარგვა მცენარის ზომაში მატების მიხედვით ხდება, ხოლო ოთახის პირობებში, ზრდის საკმაოდ დიდი ტემპის გამო, ამის გაკეთება არც ისე იშვიათად მოგიწევთ — პატარების წელიწადში ერთხელ, მოზრდილებისა კი წელიწადში ორჯერ. სულ პატარა, თესლიდან ამოყვანილ ადენიუმებს კი პირველ წელს სამჯერაც კი მოუწევთ გადარგვა. ქოთნის ფართობი განაპირობებს მცენარის ზომას, ასე რომ, თუ ძალიან დიდი არ გინდათ გაიზარდოს თქვენი ადენიუმი, შეზღუდეთ ქოთნის ზომა. 

თუ ყოველი გადარგვისას ადენიუმის კაუდექსის ქვედა ნაწილს ოდნავ ამოსწევთ მიწიდან, ძალიან მალე საოცარი ფორმის მცენარეს მიიღებთ. 

ადენიუმის ქოთანში აუცილებლად უნდა იყოს დრენაჟის ფენა და ამისთვის ყველაზე უკეთ მსხვილი კერამზიტი გამოგადგებათ. 

ადენიუმისთვის გრუნტის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. იგი წყალ- და ჰაერგამტარი უნდა იყოს, ოდნავ მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის. შეიძლება ყვავილებისთვის გამზადებულ გრუნტში ვერმიკულიტისა და პერლიტის დამატება ისე, რომ მათი რაოდენობა საერთო მასის 20%-ს არ აღემატებოდეს. 

დაავადებები და მავნებლები

ადენიუმის ყველაზე დიდი მტერია ლპობა, რასაც იწვევს დაბალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობისას განვითარებული ბაქტერიები.

როგორ შევამჩნიოთ ეს დაავადება? ამ დროს ადენიუმის ტანი რბილდება, იცვლის ფერს, მუქდება, ხელის დაჭერისას იგრძნობა მისი სირბილე. შეიძლება კანიც გასკდეს და შავი სითხე გამოვიდეს. თუ ამ დროს ადენიუმს ამოვიღებთ მიწიდან, ფესვებზე აშკარად გამოვლინდება პრობლემა, ფესვები გაშავებული და დამპალი იქნება. თუ დროზე მიუსწრებთ, შეიძლება გადარჩეს — უნდა მოვაჭრათ დაზიანებული ნაწილები და გავაშროთ სითბოზე რამდენიმე საათით, შემდეგ თანდათან მივაჩვიოთ მიწას და სინესტეს.

რაც შეეხება აბლაბუდისებრ ტკიპებს, ამ დაავადების დროს მცენარეს ფოთლები უყვითლდება, წებოვანი ხდება და სცვივა, ფოთლის ქვემოდან ჩნდება წინწკლები და ტოტებზე მცირე აბლაბუდები. ამ სიმპტომების შემჩნევისას მცენარეს აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ ინსეკტიციდებით. 

მიუხედავად ამ "მზაკვარი" პრობლემისა, გირჩევთ გაზარდოთ ადენიუმი და დატკბეთ მისი ბუთქუნა და უჩვეულო ფორმების მქონდე ტანით, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ლამაზდება.


ყველა ახალი ამბავი
0