ჩვენ დავინტერესდით, რა პრივილეგიებს ანიჭებს ამ კატეგორიის მოქალაქეებს ე.წ. თანამემამულის სტატუსი. ამისთვის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ვახტანგ მამალაძეს დავუკავშირდით.
– ბატონო ვახტანგ, თუ შეიძლება, განმარტეთ, ვის შეიძლება მიენიჭოს თანამემამულის სტატუსი?
— უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი, კანონის შესაბამისად, შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: საქართველოს მოქალაქეა და ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ამას გარდა, არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც წარმომავლობა აქვს საქართველოდან, ან მისი მშობლიური ენა ქართველურ-კავკასიურ ენებს მიეკუთვნება.
– რა პრივილეგიებს ანიჭებს ეს სტატუსი მოქალაქეს?
— უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც კანონიერი საფუძვლით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, სარგებლობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. გარდა ამისა, მას აქვს შემდეგი პრივილეგიები: შეუძლია სპორტის შესაბამის სახეობაში (საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში) ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში სპორტულ შეჯიბრში საქართველოს სახელით მიიღოს მონაწილეობა. თუ მოქალაქე იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, ის უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში არაუმეტეს 30 დღისა იმყოფებოდეს. მოქალაქეობის საკითხზე განცხადების შეტანისას მომსახურების საფასურს განსაზღვრული შეღავათიანი პირობებით იხდის; ასევე მოქალაქე უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში ზოგადი და უმაღლესი განათლება მიიღოს; გარდა ჩამოთვლილი პრივილეგიებისა, თანამემამულის სტატუსის მქონე მოქალაქე საჯარო სამსახურში მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება მიიღონ, თუ იგი კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. და, ბოლოს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს შესაძლებლობა აქვს დიასპორისთვის განკუთვნილ სხვადასხვა პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა.
– როგორ შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს ამ სტატუსის მიღება?
— ამ სტატუსის მიღება მოქალაქეს საქართველოში ჩამოუსვლელადაც შეუძლია. საამისოდ მან ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს განცხადება, რომელსაც იუსტიციის სახლის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ფორმის მიხედვით შეავსებს. ასევე საჭიროა ორი ფოტოსურათი, პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია. ასევე საჭიროა დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც საქართველოდან მის წარმომავლობას ადასტურებს ან მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას. მოქალაქეს უნდა გააჩნდეს სამოტივაციო წერილი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. რადგან ურთიერთობა მოქალაქესა და სამინისტროს წარმომადგენელს შორის უნდა შედგეს ინტერნეტით, განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი. თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნა 80 კალენდარულ დღეში მზადდება და აღნიშნული მომსახურების საფასური 50 ლარს შეადგენს.