თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრებს.
საერთაშორისო ასპარეზზე გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წარდგება.
„მთავარი მესიჯები იქნება ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები — ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური მშენებლობის კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით – რაც საქართველომ განახორციელა. მე მგონი, ჩვენ გვაქვს ბევრი სათქმელი და მოხარული ვიქნები, რომ ეს ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრათ“, — განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერი დამსწრეთა კითხვებს უპასუხებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო სესია სტრასბურგში 18 აპრილს გაიხსნა. სესიის ფარგლებში განიხილება მიგრაციული კრიზისი ევროპაში, ვითარება უკრაინაში და ევროპის პოლიტიკის სხვა აქტუალური საკითხები. სესია 22 აპრილს დასრულდება.