სანიკიძე: მომავალ პარლამენტში საჭირბოროტო საკითხები ჩვენს გარეშე ვერ გადაწყდება!

© photo: courtesy of T. Chochuaგუბაზ სანიკიძე
გუბაზ სანიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ ემზადება „ეროვნული ფორუმი“ საშემოდგომო არჩევნებისთვის, რა გეგმები აქვს პარტიას და რა პროგნოზ აკეთებენ მომავალ პარლამენტთან დაკავშირებით. Sputnik-ს თავის მოსაზრებებს უზიარებს პარტიის ერთერთი ლიდერი, პარლამენტარი გუბაზ სანიკიძე.

- ბატონო გუბაზ, ცოტა მოულოდნელი იყო ფორუმელების უმრავლესობიდან გასვლა, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?

— ეს არ იყო არც ჩემი და და არც რომელიმე ერთი პიროვნების იდეა, ასე გადაწყვიტა პარტიის უმაღლესმა ორგანომ- ყრილობამ და ბუნებრივია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილეთ. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ უმრავლესობის რიგების დატოვება მასთან დაპირისპირებას არ ნიშნავს. ჩვენ ბოლომდე გავიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ საკითხებზე, რომლებიც ქართველმა ამომრჩეველმა დაგვაკისრა 2012 წელს.

- პარტიის ყრილობაზე გადაწყდა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ეროვნული ფორუმი“ დამოუკიდებლად წარსდგება, თუმცა მაინც მუსირებს ხმები შესაძლო გაერთიანების შესახებ.

— ეს ხმები ჩვენამდეც აღწევს და მინდა განმარტება გავაკეთო. „ეროვნული ფორუმი“ მომავალ, 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, პარტია ცოცხალი ორგანიზმია და მისი საქმიანობის ერთერთი სფერო სწორედ სხვა სუბიექტებთან ურთიერთობა გახლავთ. თუმცა რაიმე სახის გაერთიანებებზე საუბარი უადგილოა.

- არჩევნების შემდეგ რამდენად შესაძლებელია „ქართულ ოცნებასთან“ ხელახალი კოალიციის ჩამოყალიბება?

— ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. ვნახოთ, რა კონფიგურაციის პარლამენტს მივიღებთ. რა ძალები იქნება წარმოდგენილი და რა შეფარდებით.ქვეყნის სასიკეთოდ, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ამიტომ წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს.

- დღეს ყველა პარტიას იარლიყებს აწებებენ. ზოგი პრო-დასავლურია, ზოგი პრო- ჩრდილოური ა. შ.

— „ეროვნული ფორუმი“ არის ქართული პარტია. არანაირი „პრო“, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის ინტერესის გამტარებელი. თუ საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპა-ამერიკა, სიამოვნებით დავუდგებით გვ ერდით. თუ ჩვენი ქვეყნისთვის მისაღებ  და სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს რუსეთი, ჩინეთი ან ვინც გნებავთ, „ეროვნული ფორუმი“ ამ წამოწყებასაც მხარს დაუჭერს.

- რა მოლოდინი აქვს პარტიას შემოდგომისთვის?

— „ეროვნულ ფორუმს“ საქართველოში ერთერთი ყველაზე ორგანიზებული სტრუქტურები გააჩნია. როდესაც კახა შარტავამ პარლამენტში დარჩენაზე უარი განაცხადა, ბევრს გაუკვირდა, თუმცა  ეს დრო მან ნაყოფიერად გამოიყენა და ყველა ღონე იხმარა, რომ პარტია არჩევნებს მომზადებული შეხვდეს. ჩვენი გათვლებით, პარლამენტში იმ ოდენობით შევალთ,რომ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა, ჩვენს გარეშე არ მოხდეს.

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0