ბავშვობისდროინდელი სიზმარი და ორ სამშობლოში ერთდროულად ყოფნის განცდა

© მ. სოღოლაშვილიმირიამ სოღოლაშვილის ნახატების გამოფენა
მირიამ სოღოლაშვილის ნახატების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა ,,ქართველები უცხოეთში" დღეს ისრაელში მცხოვრებ მხატვარს, მირიამ სოლოღაშვილს გაგაცნობთ.

ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი, დოქტორი ეთერ შავგულიძე მის ხელოვნებაზე წერს: „წუხელ, ღამით დავბრუნდი თბილისში და მხოლოდ ახლა "შემომეფეთა" შენი-ჩემი ქალაქის ნოსტალგიური შენობა. შენი გრძნობებით გაჯერებული ფერწერული ფერწერა ზედმიწევნით იჭერს თბილისის მოუხელთებელ "იმპრეშენს" — ისე, როგორც მორის უტრილოს პერზული პეიზაჟები“. ეს ისრაელში მცხოვრები მხატვრის მირიამ სოლოღაშვილის შემოქმედების ხილვით გამოწვეული ზუსტი შეგრძნებაა.

ამ პიროვნებამ საინტერესო ცხოვრებისეული, ემოციური გზა გაიარა და, ერთ მშვენიერ დღეს თავის ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში აღმოჩენილმა, საკუთარი თავი ხელოვნებას საბოლოოდ "დაუბრუნა". მხატვარი ისრაელში გამართულ გამოფენებში აქტიურად მონაწილეობს და საკუთარი ხელოვნების გულშემატკივარი და შემფასებელიც ჰყავს.

© მ. სოღოლაშვილის არქივიძველი თბილისური აივანი - მხატვარი მირიამ სოღოლაშვილი
ძველი თბილისური აივანი - მხატვარი მირიამ სოღოლაშვილი - Sputnik საქართველო
ძველი თბილისური აივანი - მხატვარი მირიამ სოღოლაშვილი

- ქალბატონო მირიამ, თავიდან, მინდა გთხოვოთ, თქვენი ცხოვრების თბილისური პერიოდი გაიხსენოთ.

— დაახლოებით 20 წელი ხდება, რაც ისრაელში ვარ. აქ მეუღლე და შვილები მყავს. როცა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი დავამთავრე, მივხვდი, რომ ჩემ სივრცეში არ ვიყავი. დიპლომი მხოლოდ ქაღალდი რომ იყო, ეს გვიან გავაცნობიერე და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის ფერწერის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ამ სფეროში ცოტა რამ მოვასწარი. მერე ოჯახი შევქმენი და მყუდროდ მოვეწყვე. დღემდე ვთვლი, რომ სწორი გზა ავირჩიე. ბუნებით ალტრუისტი ვარ და ვიფიქრე, მხატვრობა, თუ ის “ჩემი“ იყო, მოიცდიდა. დღემდე მჯერა, ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველა განსაცდელის უკან მომავალი, სულიერად ზრდისა და პიროვნულად ჩამოყალიბების პოტენცია იმალება. 

– შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი ხელოვნებას ისრაელში "დაუბრუნეთ“? 

— ასე გამოდის, ერთ დღესაც ჩემი ოჯახით ისრაელში ამოვედი. მერე როგორც ხდება ხოლმე ახალი ცხოვრების დაწყება, მეც შევუდექი: ენის შესწავლას, რიგით საზრუნავებს, ახალი კერის მოწყობას და ა.შ. ისრაელის ცენტრში, ქალაქ ხოლონში დავსახლდით. წლების განმავლობაში თელ-ავივის ერთ პრესტიჟულ სავაჭრო ქსელში Colf & Co თავიდან მენეჯერი, შემდეგ განყოფილების უფროსი დიზაინერი ვიყავი. დატვირთული ცხოვრება მქონდა და ფერწერა არც გამხსენებია.

მას დაახლოებით 50 წლის ასაკში დავუბრუნდი. ძირითადად ზეთში ვმუშაობ, გრაფიკული ნამუშევრებიც მაქვს და გუაშიც. 52 წლის ასაკში პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა თელ-ავივის ერთ ფეშენებელურ რაიონში, სადაც მნახველებისგან ინტერესი დავინახე და მომავალი საქმიანობის სურვილი გამიღვივდა. გამოფენას ერქვა “ქალი წითლებში“. დღეს აქტიურად ვიღებ მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში: თელ-ავივში, მაშდოდსა და ბათ იამში… საინტერესო იყო თელ-ავივის მთავარი თეატრის “აბიმას“ ჯგუფური გამოფენა, სადაც უამრავი მნახველი გვეწვია. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩემი ნახატები მსოფლიო დონის ქირურგის, ამერიკის და ისრაელის წამყვანი სპეციალისტის, ხელოვნების ჭეშმარიტი დამფასებლის შლომო შნიბაუმის კოლექციაშიც არის — ის ჩემი მეგობარიცაა. უახლოეს პერიოდში ვაპირებ მორიგ პერსონალურ გამოფენას, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელიც მაქსიმალურად მეხმარება, რომ ჩემი საქმე ვაკეთო.

© მირიამ სოლოღაშვილიმხატვრის ნახატი მსოფლიო დონის ქირურგის, ამერიკის და ისრაელის წამყვანი სპეციალისტის შლომო შნიბაუმის კოლექციაშიც არის.
მხატვრის ნახატი მსოფლიო დონის ქირურგის, ამერიკის და ისრაელის წამყვანი სპეციალისტის შლომო შნიბაუმის კოლექციაშიც არის. - Sputnik საქართველო
მხატვრის ნახატი მსოფლიო დონის ქირურგის, ამერიკის და ისრაელის წამყვანი სპეციალისტის შლომო შნიბაუმის კოლექციაშიც არის.

– თქვენი ნახატები ქართველებისთვის ძალიან ნაცნობ ასოციაცია-შეგრძნებებს იწვევს. ამას გარდა მათ თქვენი სიტყვიერი ჩანახატებიც ახლავს და მათი თემა ბავშვობაში დაბრუნებაა… 

— ბავშვობა, ხსოვნა, სულის სიღრმეები ზოგჯერ “კარების“ ან “სკამის“ სახით შეიძლება გადმოვცე და ის სათქმელის გამოსახატად ინსტრუმენტად იქცეს. ზოგჯერ ესა თუ ის საგანი, სრულიად უმნიშვნელო ნივთი “დამიძახებს” ხოლმე. უსულო საგანი თავის ხასიათს იძენს და იმპულსებს იძლევა. ამიტომ პორტრეტად “ფეხსაცმელიც“ გამოდგება, ისიც ხომ პიროვნებაზე საუბრობს. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, რომ მასში ხასიათი ჩავატიო. “ჩემი ბავშვობა ამ ხუთიოდე წლის წინ დამთავრდა. დიდობა ფეხის წვერებზე აწევით დაიწყო, მერე მაღალი, წითელი და მოჩუქურთმებული კარის სახელურსაც მივწვდი. შემდეგი საფეხური — გაღებაა. ჩემი რჩევა საყვარელი თოჯინები არ დაივიწყოთ”… რაკი ფერწერულად ჩემი ემოციების გამოხატვას ვცდილობ, ეს იმ მრავალფეროვან ფორმათა მშვენიერებაა, იანვრის ერთ მზიან დღეს რომ დავიმახსოვრე. ცალკე თემაა თბილისი და ნოსტალგიური პეიზაჟები. ძველი ამბები შემორჩენილი ენერგიით, ბავშვობის შთაბეჭდილებით და დიდი სითბოთი ტრიალებენ და მეც აწმყოში ვატევ ყველა განზომილებას, რომ ასოციაციურად ორივე სამშობლოში ვიყო… 

– ქალბატონო მირიამ, როგორია “ნახატი“, ანუ ცხოვრების კადრი, რომლის “ესკიზიც“ მეხსიერებას შემორჩა?

— ცხოვრების ერთი ასეთი კადრი სიზმრიდან უფრო მახსოვს. ესაა ესკიზი, რომელიც ოდესმე ალბათ დაიხატება. იცით, ჩემი პირველი სიზმარი მახსოვს: სიცხიანი ვტირი, მამას ხელში ვყავარ აყვანილი, დიდი ხმით ვყვირი და ურჩხულებს ვიგერიებ. არ ვიცი, ვინ არიან ეს ურჩხულები, ან საიდან მიიღეს ის ფორმა, რომელიც 3-4 წლის ბავშვს ფიზიკურად არასდროს უნახავს. იქნებ წინა კარმიდან გადმომყვა და დღეს რამეს მიმანიშნებს. იქნებ სულაც ჩემი გაუცნობიერებელი მეა და მას უნდა ვძლიო? არ ვიცი, მოკლედ, მოგონებების ოთახში ვიყავი. ხსოვნის და მრავალგზის ნაფიქრ, კედლებშემორღვეულ მეხსიერებაში. ნახატზე გამოსახული სკამი მხოლოდ ინსტრუმენტია, რომ “ჩამოვჯდე“ და კონცენტრაციის ილუზია შევიქმნა. ვეძებ ადგილს, საიდანაც ცნობიერიდან ქვეცნობიერამდე ჩავაღწევ. მთავარი ქაოსის შეჩერებაა. როგორი კმაყოფილი ვარ — ჩემი პირველი სიზმარი გავიხსენე…

— როგორია ხელოვნების თქვენეული განმარტება?

— ხელოვნება — ალბათ შიშველი სულია, “სხვა” განზომილება, აკვიატებული აზრი, რომელიც ადამიანის ცნობიერებას აწუხებს. აზრი, რომელსაც საზღვრები ვერ აკავებს და შეუფუთავად გვევლინება. ბგერა, ფერი, პლასტიკა, ჟესტი, მხოლოდ ემოციის ხმამაღლა გაცხადების საშუალებებია. ხელოვნება — სინამდვილის ან იდეების პროექციაა, მათგან მიღებულ შთაბეჭდილებათა შემოქმედებითი ასახვა მასალითა და საშუალებით, შედეგად — შეიძლება დავინახოთ, მოვისმინოთ, შევეხოთ. მოკლედ, ესეც იმ კოსმიური ენერგიის გაცვლა-გამოცვლის მეთოდია, დასაწყისში რომ ვისაუბრეთ…

ყველა ახალი ამბავი
0