ოთხი წლის შემდეგ ტრადიციას (იმედს ვიტოვებთ, მუდმივს) ბაჩანა ხორავა განაგრძობს, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე სიგრძეზე ხტომაში იასპარეზებს.
– ბაჩანა, როდის და სად მოიპოვეთ რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია?
— ეს წელს მოხდა საქართველოს ჩემპიონატზე მძლეოსნობაში. ბრაზილიაში მოსახვედრად 8 მეტრსა და 18 სანტიმეტრზე გადახტომა იყო საჭირო, მე კი 8 მეტრსა და 25 სანტიმეტრზე გადავხტი.
– თავად თუ ელოდით ასეთ შედეგს?
— სიმართლე გითხრათ, არა. ეს ჩემთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო და თავიდან არც კი დავიჯერე, რომ ეს მე გავაკეთე.
– მანამდე როგორი იყო თქვენი საუკეთესო შედეგი?
— ერთი წლის წინ ასევე საქართველოს ჩემპიონატზე 7 მეტრსა და 94 სანტიმეტრზე გადავხტი. ამის შემდეგ იყო შეჯიბრება ბაქოში, სადაც 7 სმ–ით გავაუმჯობესე საკუთარი შედეგი, მერე ბაქოშივე ევროპული თამაშები, სადაც 7.64 შედეგით გავიმარჯვე.
აზერბაიჯანის შემდეგ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გავემგზავრე ესტონეთში. იქ 7.97 შედეგი ვაჩვენე და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე.
– რამდენადაც ვიცი, პორტლენდის მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გამგზავრებულიყავით, მაგრამ ვერ წახვედით. რამ შეგიშალათ ხელი?
— ბანალურმა, თუმცა გაუგებარმა მიზეზმა — აშშ–ის საელჩომ ვიზა არ მოგვცა. გვითხრეს, რაღაც საბუთები წესრიგში არ გაქვთ და ვიზას ვერ მოგცემთო. ვერაფერს გავხდით, ხელცარიელები გამოვბრუნდით უკან.
ამის მერე მძლეოსნობის ფედერაციას მივმართეთ და ვითარება ავუხსენით. ფედერაციამ სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ჩააყენა საქმის კურსში. ჩვენც დავწერეთ წერილი და ხელმეორედ მივადექით საელჩოს… ამაოდ. არც ვიზა მოგვცეს და არც გასაგები პასუხი იმაზე, რატომ გვექცეოდნენ ასე.
არა და ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რეიტინგში მესამე ვიყავი და ამერიკაში სწორედ ის სპორტსმენები ჩადიოდნენ, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ. აქვე ვიტყვი, რომ ერთი წლის რეიტინგში 34–ე ადგილი მეკავა და ერთ წელიწადში 31 ადგილით წავიწიე წინ.
– რიოს ოლიმპიადა თქვენთვის პირველია. რა მიზნები გაქვთ?
— თუ 8 მეტრსა და 25 სმ–ზე გადავხტი, ეს დიდებული შედეგი იქნება. საერთოდ, ოლიმპიადაზე ძნელია კარგი შედეგის ჩვენება.
— რატომ?
— იმიტომ რომ ძალიან ბევრი ემოციაა. რაც შეეხება მიზნებს, წინასწარ თქმა, ამას გავაკეთებ და იმას გავაკეთებო, არ მიყვარს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურს გავაკეთებ, თუმცა მინიმალური მიზანი — ფინალში გასვლაა. მთავარია, ვგრძნობ, რომ საამისო რესურსი მაქვს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ორი წელია, რაც სიგრძეზე ხტომაში ვვარჯიშობ.
– მანამდე რა სახეობას მისდევდით?
— სპრინტერი ვიყავი.
– რატომ გადახვედით ხტომაში?
— აქ ფინალში მოხვედრის მეტი შანსია, თუნდაც იგივე ოლიმპიურ თამაშებზე. სპრინტერისთვის ოლიმპიადის ფინალში მოხვედრა — ეს, ფაქტობრივად, შეუსრულებელი ამოცანაა. იმიტომ რომ ასმეტრიან დისტანციაზე სირბილში თეთრკანიანი სპორტსმენები იშვიათად ხვდებიან ფინალში.
მაგალითად, ლონდონის ოლიმპიადაზე ფრანგმა ქრისტოფერ ლემეტრმა ბრინჯაო აიღო და მორჩა. მეტი არც არავინ გასულა ფინალში. რა ვიცი, იქნებ მე ვყოფილიყავი მეორე ფინალისტი, რომ მომენდომებინა (იცინის), მაგრამ ხტომაში მაინც მეტი შანსია.
– ბოლო 15–20 წელიწადში სიგრძეზე ხტომის შედეგები ძალიან შემცირდა. სადღაც წავიკითხე, რომ ამაში ამერიკელი სპორტსმენები არიან დამნაშავე, რომელთა ხტომის ახალი ტაქტიკა ბევრმა სხვა სპორტსმენმა გადაიღო — მაქსიმალური სისწრაფე გარბენის დასაწყისში და არა მის ბოლოს.
— არ ვიცი, რა მოიგონეს ამერიკელებმა და რა ტაქტიკას იყენებენ, მე კი სისწრაფეს ყოველთვის ახტომის წინ ვუმატებ.
თუმცა, თქვენ მართალი ხართ იმაში, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მაჩვენებლები გაუარესდა. აი, მაგალითად, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულის შედეგი სულ 8 მეტრი და 26 სმ იყო.
– მსოფლიო რეკორდი რამდენია?
— 8 მ და 95 სმ, რომელიც მაიკლ პაუელმა 1991 წელს დაამყარა.
სუსტი შედეგები, შესაძლოა, დოპინგ–ტესტების გამკაცრებასაც უკავშირდებოდეს, თანაც სასტიკად გამკაცრებას. სპორტსმენები უკვე ვეღარ იღებენ იმ წამლებსა და პრეპარატებს, რომლებიც შედეგების გაუმჯობესებაში ეხმარებოდა მათ. ბოლო 20 წელიწადში ძალიან ბევრი პრეპარატი აკრძალულების სიაში შევიდა. ასეთია ჩემი აზრი.
– ანუ, გამოდის, რომ ყველა აკრძალულ პრეპარატებზე „იჯდა"?
— არა, მაშინ ეს პრეპარატები აკრძალული არ იყო და მაღალი შედეგებიც აქედან გამომდინარეობდა.
– რა არის ყველაზე რთული სპორტის ამ სახეობაში?
— არც კი ვიცი, რა გითხრათ (იცინის). ალბათ, პირველ რიგში ის, რომ ეს ტექნიკურად რთული სახეობაა, იმიტომ რომ თამასამდე ყველა, საშუალოდ, 22–ვე ნაბიჯს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს. ყველა ელემენტი სრულყოფილებამდე უნდა დაიხვეწოს და ამაში ჩემი მწვრთნელი ანდრო ბედუკაძე მეხმარება. ის სპორტის ამ სახეობის ერთ–ერთი უძლიერესი წარმომადგენელია.
– სამმაგ ხტომაშიც მონაწილეობთ თუ ეს სავსებით სხვა სახეობაა?
— ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული სახეობებია. მე სიგრძეზე ვხტები. სპრინტერი ვიყავი და ამიტომ მწვრთნელს შევთავაზე, სწორედ სიგრძეზე ხტომაში გვეცადა ბედი. კარგად გამოვიდა და ამ დისციპლინაზე შევჩერდით.
სამმაგი ხტომისთვის კი სულ სხვა ტექნიკაა საჭირო. ჩემი სისწრაფით ასეთი ნახტომი რომ შევასრულო, მეორე აკვრისას შეიძლება ფეხიც კი მოვიტეხო. საქმე ისაა, რომ სიგრძეზე როცა ხტები, გარბენის სიჩქარე სულ სხვაგვარია.
– მაშინ რას იტყვით ტატიანა ლებედევაზე, რომელმაც 2004 წელს სიგრძეზე ხტომაში ოქროს, ხოლო სამმაგში ბრინჯაოს მედალი აიღო?
— ახლავე აგიხსნით. ასეთი რამ კაცებშიც ხდება. ამას წინათ ერთმა ამერიკელმა ჯერ სიგრძეზე ხტომაში გაიმარჯვა, მერე კი სამმაგი ნახტომი შეასრულა და, თუ არ ვცდები, 17.30 შედეგი აჩვენა (ყოველ შემთხვევაში, 17 მეტრზე მეტი). საგრძეზე კი, როგორც მახსოვს, 8.56–ზე გადახტა.
დიახ, პრინციპში, ორივე სახეობაში ერთდროულად ხტომა იშვიათობა არ არის, მაგრამ ის სპორტსმენები, ვინც ამას აკეთებენ, ხტომაში ჩემსავით სხვა დისციპლინიდან არ გადასულან.
– ანუ თქვენ კარლ ლიუისივით ხართ?
— კი, კი (იცინის).
— ესე იგი, ერთსა და იმავე შეჯიბრებაზე სპრინტერი ჯერ რომ დარბის და მერე ხტება — ეს აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა? მაშინ რატომ არ ხტება ექვსგზის ოლიმპიური და თერთმეტგზის მსოფლიო ჩემპიონი სირბილში უსეინ ბოლტი? ფეხბურთის თამაში უნდა, ხტომა კი არა.
— არ ვიცი, იქნება არ აინტერესებს და იმიტომ?.. (იცინის) თუმცა ვფიქრობ, ბოლტს რომ სიგრძეზე ხტომა მოეწადინებინა, იქაც მსოფლიო რეკორდს დაამყარებდა. მას წარმოუდგენლად, არარეალურად დიდი პოტენციალი აქვს.
– მძლეოსნობით „ფულის შოვნა“ შეიძლება? როგორ ხდება ეს?
— თუ „ბრილიანტის ლიგაში“ მიიღებ მონაწილეობას, იქ გარკვეულ თანხას მიიღებ. ამას გარდა, არსებობს უამრავი კომერციული ტურნირი, რომლებსაც სპორტსმენის მენეჯერი ირჩევს. ფულის შოვნა იქაც შეიძლება. ამას ემატება ეკიპირების მწარმოებლებთან სპონსორული კონტრაქტები.
ის კი არა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზეც კი შეიძლება თანხის გამომუშავება. აი, მაგალითად, აშშ–ში მსოფლიო პირველობაზე მეექვსე ადგილზე გასული სპორტსმენი პრიზად 4 ათას დოლარს იღებს, ხოლო გამარჯვებული — 40 ათასს.
და თუ კარგი შედეგის საჩვენებლად ძალა გერჩის (კარგ შედეგში ფინალში გასვლას, პოდიუმებს ვგულისხმობ), მაშინ უნდა დარჩე მძლეოსნობაში და ფულსაც იშოვი, მედლებსაც მოიპოვებ და ქვეყანასაც ასახელებ. აი, ეს არის უმთავრესი მიზანი.
– დღეში რამდენ საათს ვარჯიშობთ?
— სამ–ოთხ საათს, პრაქტიკულად ყოველდღე, კვირის გარდა.
– აქ, მანეჟზე?
— დიახ.
– რამდენად ტრავმული სპორტია სიგრძეზე ხტომა?
— ტრავმები ხდება. როგორც უკვე ვთქვი, აქ ორი ტექნიკური ელემენტია შერწყმული — სპრინტი და აკვრა. ძალიან იოლად შეიძლება დაიშავო ფეხი — ამოიგდო, იღრძო, მოიტეხო. საბედნიეროდ, ამ ორი წლის განმავლობაში სერიოზული ტრავმა არ მქონია. შესაძლოა იმიტომ, რომ მეც და ჩემი მწვრთნელიც თითოეულ ელემენტს დეტალურად ვსწავლობთ და წვრთნის პროცესსაც სწორად გავდივართ.
– ახლა 23 წლისა ხართ. რამდენ ხანს შეგიძლიათ იასპარეზოთ?
— სანამ შეჯიბრების შესაძლებლობა და მაღლა აღმართული ქართული დროშის ხილვის სურვილი მექნება, მანამ ვიქნები ამ სპორტში. მერე კი, თუ ვინმე დაინტერესდება ჩემი პროფესიული უნარებით, შემიძლია მწვრთნელის კარიერას გავყვე და კვლავ ამ სფეროში დავრჩე.
– რას განიცდით, როცა პოდიუმზე დგახართ და ქართულ დროშას ხედავთ?
— 2008 წლიდან ვარ მძლეოსნობაში. 2009 წელს პირველად წავედი პატარების მსოფლიო ჩემპიონატზე და რომ დავინაზე, როგორ იწეოდა მაღლა კვარცხლბეკზე მდგომი სპორტსმენების სახელმწიფოების დროშები, ოცნება ჩამესახა — ვმდგარიყავი პოდიუმზე და მეყურებინა, როგორ აღიმართებოდა ჩემი ქვეყნის დროშა. ეს ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება იყო.
– რა დონეზეა ახლა საქართველოში მძლეოსნობა?
— სამწუხაროდ, ძალიან დაბალზე, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ბოლო დრომდე. ახლა ვითარებამ გამოსწორება დაიწყო. ადრე ელემენტარული პირობებიც კი არ გვქონდა. მე რომ 2008 წელს ვარჯიში დავიწყე, მანეჟი საშინელ მდგომარეობაში იყო, აღარაფერს ვამბობ გათბობაზე. ახლა პირობებიც გვაქვს და შეკრებებზეც დავდივართ. საერთაშორისო ტურნირებში მედლებსაც ვიღებთ, ოლიმპიადაშიც ვმონაწილეობთ… და ეს თავისთავად მეტყველი ფაქტებია.
ახლა რა პირობებიც გვაქვს, ამით თავისუფლად შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ სხვა ქვეყნებს და, რაც მთავარია, შედეგების მიღება შეგვიძლია. მე ხომ ამერიკაში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ამიღია ოლიმპიადის ლიცენზია? ყველაფერი აქ, საქართველოში მოხდა.
– რამდენად პოპულარულია ახლა მძლეოსნობა, მოდიან სექციაში ბავშვები?
— ჩვენი მანეჟი დღის მეორე ნახევარში ისეა გადავსებული, ნემსი არ ჩავარდება. ძალიან ბევრი ბავშვი ვარჯიშობს მძლეოსნობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აუცილებელი პირობები შეიქმნა — სისუფთავე და სითბო, კარგი გასახდელები, ცხელი წყალი გვაქვს. ჩემ დროს აქედან არაფერი არ იყო. ვარჯიშის მერე, რაც მეცვა, იმ ტანსაცმლით მივდიოდი შინ. წარმატებებს ცუდ პირობებში ვარჯიშით მივაღწიე და ახლა, ასეთ კარგ პირობებში რატომ უნდა გაჭირდეს ეს? სულ პირველად, მგონი, 90–ე ადგილზე გავედი, მაგრამ გამარჯვებისა და მედლების აღების სურვილმა ყველაფერი დამაძლევინა.
– პირველ საერთაშორისო შეჯიბრებაზე გასვლა გახსოვთ?
— კი, რა თქმა უნდა. ეს ბარსელონაში იყო 2009 წელს, ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატზე. მაშინ არც კი მესმოდა, რა იყო მძლეოსნობა (იცინის), მაგრამ ჩავედი და ვნახე, რომ ეს სპორტის შესანიშნავი სახეობაა.