თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს ზღვისპირეთში შტორმის სიძლიერემ, შესაძლოა, 5 ბალს მიაღწიოს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ნინო წვერავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამინდის გაუარესება საქართველოში ხუთშაბათს დაიწყება. ხუთშაბათის ღამით ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი.
„ამინდის გაუარესების გამო ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან შავ ზღვაზე შტორმმა შეიძლება 3-5 ბალს მიაღწიოს. შტორმი პარასკევის საღამოს თანდათან ჩადგება“, — განაცხადა წვერავამ.
ხუთშაბათს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე ზოგიერთ რაიონში წამში 20-25 მეტრამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღის მეორე ნახევარში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარემ, შესაძლოა, წამში 28 მეტრს მიაღწიოს.
წვიმა და ქარი საქართველოში პარასკევსაც იქნება.
შაბათს საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება. 26 აპრილამდე სითბო და უნალექო ამინდი იქნება.