თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ პირობა დადო, რომ ხელისუფლება ყველა იმ პირს იპოვის, ვისაც იერუსალიმში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებაში წვლილი მიუძღვის, რა დროსაც ოცზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად მას შემდეგ ცნო, რაც გამნაღმველმა პოლიციელებმა დამწვარ ავტობუსში ბომბის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
„ჩვენ ვიპოვით მათ, ვინც დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობა, ვინც ადგილზე მიიტანა ის და ვინც ამის უკან დგას. ჩვენ გავუსწორდებით ამ ტერორისტებს“, — ნათქვამია ნათანიაჰუს განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
აფეთქებამ ავტობუსის გვერდით მდგომი მსუბუქი ავტომობილი და კიდევ ერთი ავტობუსი დააზიანა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა 21 ადამიანი, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
გამოძიება არკვევს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იყო დამონტაჟებული თუ ერთ–ერთმა მგზავრმა აიტანა.