ამასთან ქალბატონი ციცინო ცხვედიანი პროფესიონალი ადვოკატია და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გახლავთ. ბუნების მოყვარული ქალბატონი ცხოვრებაშიც უშუალო და ხალისიანია. მისი, როგორც მეთევზის პირადი რეკორდი ჯერჯერობით ალგეთის წყალსაცავზე დაჭერილი 5 კილოგრამიანი ლოქოა. ამის გარდა ქალბატონ ციცინოს ყველანაირი ოჯახური, რომ იტყვიან, მძიმე საქმეც კი ეხერხება. სხვა საინტერესო ფაქტებს მასთან საუბრიდან შეიტყობთ.
-ქალბატონო ციცინო, მგონი, ერთადერთი პროფესიონალი მეთევზე ქალბატონი ხართ, არა მარტო ადვოკატებს შორის, არამედ საერთოდ ქართველ ქალებშიც?
— ჯერ იმას გეტყვით, რომ თევზაობა ბავშვობიდან მიყვარს. ჩვენ ფოთში ვცხოვრობდით. მამაჩემი მონკავშირის წევრი იყო და პალიასტომის ტბაზე ხშირად დავყავდით. მახსოვს, სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში ღორჯოებს ხელით ვიჭერდი ხოლმე. იცით, თევზაობა რა სასიამოვნო პროცესია?
- ფოტოზე რომ ხართ დიდი თევზით, ის სად დაიჭირეთ?
— ის ლოქო ალგეთის წყალსაცავზე დავიჭირე, სიგრძეში 90 სანტიმეტრი იყო და 5 კილოს იწონიდა.
- ვინმეს ხომ არ შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ ის ლოქო ნამდვილად თქვენ დაიჭირეთ?
— ყველა, როგორც ამ საქმის კარგ მცოდნეს, ისე მიცნობს. თანაც, თუკი მე, ციცინო ცხვედიანი ვამბობ, რომ მე დ ა ვ ი ჭ ი რ ე, ე.ი. მართლაც მე დავიჭირე!… დღეს ამ საქმეში ჩემი მეგობრებიც ავიყოლიე. სათევზაოდ ხშირად დავდივართ. მე და ჩემი მეგობარი, მედიკო, ბატონი ავთო დემეტრაშვილის ცოლი ერთხელ ხელოვნურ ტბაზე სათევზაოდ წავედით, იქ თევზები ერთ სივრცეში არიან გაშვებული, რამდენი ანკესი ჩავაგდეთ, იმდენი თევზი დავიჭირეთ… მალე მოვიწყინეთ - იქ თევზაობას რა აზარტი აქვს?!
- იურიდიული ტერმინით რომ ვისარგებლო: ალბათ ამ საქმის დეტალებიც კარგად იცით?…
— რა თქმა უნდა ვიცი, თევზის დასაჭერად ჭიაყელას ვხმარობ ან კოფტონითაც ვიჭერ ხოლმე. კოფტონი —მზესუმზირას რომ გადაამუშავებენ და მის ჩენჩოს დისკოს ფორმას მისცემენ- ისაა..
- თქვენს მიერ დაჭერილ თევზს როგორ ამზადებთ ხოლმე?
— საკუთარი ხელით დაჭერილი თევზის შეწვა მიყვარს. თევზს კაკლის ფოთლებში ვწვავ ხოლმე- ასე უფრო გემრიელია. მე ხომ კულინარიაშიც ვერკვევი. მოკლედ, მგონი, ერთი ცეკვა-სიმღერა არ მეხერხება- დანარჩენი ყველაფერი გამომდის.
- როგორც ვიცი, ბევრ პროფესიაზე ოცნებობდით, საბოლოოდ ადვოკატობაზე შეაჩერეთ არჩევანი…
— ასეცაა, თავიდან დარვინის მსგავსად მინდოდა მოგზაური ბუნებისმეტყველი გამოვსულიყავი. მერე მინდოდა ისეთი ზოოპარკის დირექტორი ვყოფილიყავი, რომელშიც ცხოველები გალიაში არ იქნებოდნენ. განურჩევლად მიყვარს: ყველა ფრინველი, ცხოველი, ქვეწარმავალი, თქვენ წარმოიდგინეთ, ხვლიკიც მიყვარს!
- ვირთხაც?
— კი ვირთხაც, რა პრობლემაა? ზოოპარკის დირექტორობის მერე მინდოდა, მოქანდაკე ვყოფილიყავი. ვძერწავდი და ვძერწავდი ყველაფერს. არქიტექტორობაც მინდოდა, სხვათაშორის, ძალიან კარგად ვწერ და ენებსაც ადვილად ვითვისებ, მათემატიკაზე მეკეტებოდა ჭკუა და მათემატიკოსობაც მინდოდა.
-მოდი, მაშინ ასე გკითხავთ, რა არ გინდოდათ, რომ გამოსულიყავით?
— აი, არასოდეს მინდოდა ექიმობა, ამ პროფესიაზე არც მიოცნებია. 3 წელი აღმოსავლეთმცოდნეობაზე, თურქოლოგიაზე ვაბარებდი. მაშინ საზღვრები არ იყო ღია და თურქეთი ჩვენთვის ეგზოტიკა და ნაზიმ ჰიქმეთის ქვეყანა იყო. მაგრამ საბოლოოდ მაინც იურიდიულზე ჩავაბარე, სხვათაშორის, ქართულ წერასა და ზეპირშიც, თან მზექალა შანიძესთან — უმაღლესი შეფასება ხუთიანები მივიღე. თავისუფალი თემის წერა მეხერხებოდა. იცით? მისაღებზე თავისუფალი თემა როგორ დავიწყე: არასოდეს მიოცნებია იურისტი გამოვსულიყავი თქო…
- ქალბატონო ციცინო, ვიცი, რომ ბევრი საოჯახო საქმის კეთება გეხერხებათ…
— კერვა-ქსოვა მეხერხება, ადრე პალტოსაც მე ვიკერავდი. აგარაკზე ბუხარი მე მოვაპირკეთე და იატაკზე მოზაიკაც მე დავაგე. აგარაკზე უნიტაზიც კი მე გამოვცვალე. ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, მე და ჩემი მეუღლე ქობულეთიდან რომ მოვდიოდით, გზაზე ზურა მეუბნება, იქიდან ოთხნი მივდიოდით, ახლა ორნი ვართ, მაგრამ ასე მძიმედ რატომ დადის ეს მანქანა- ვერ გავიგეო. მოგვიანებით გამოვუტყდი, რომ რაც კი ქობულეთის პლიაჟზე ქვები იყო, სულ მანქანის საბარგულში მქონდა ჩალაგებული.
- დარწმუნებული ვარ, ოქროს თევზზე ხშირად გეკითხებიან…
— ოქროს თევზი რომ დავიჭირო, რას ვთხოვ? არ მინდა, ყალბ პატრიოტიზმში ჩამითვალოთ, მაგრამ მართლა ვთხოვ, რომ საქართველოში მყოფი ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს…