თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მოშიმშილე პროფესორმა ზაალ მიქაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო, ის რექტორისგან არჩილ ფრანგიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი პროფესორი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს, რადგან ისინი ფრანგიშვილის რექტორად მესამედ დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევენ. რექტორი, თავის მხრივ, პროფესორებს დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს და მიიჩნევს, რომ ისინი, სინამდვილეში, არ შიმშილობენ.
„გასულ კვირაში, ხუთშაბათს რექტორმა განაცხადა, რომ მოშიმშილეები საკვებს იღებენ. ამით მან შეურაცხყოფა მოგვაყენა. მე მას დღეს 10 საათამდე ვადა მივეცი — ან უნდა დაამტკიცოს თავისი სიტყვები, ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. მან არც ერთი გააკეთა და არც მეორე. ამიტომ მშრალი შიმშილობა დავიწყე“, — განაცხადა მიქაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
რექტორის გადადგომის გარდა პროფესორები აკადემიური საბჭოს გაუქმებას, ადმინისტრაციის უფროსის ქეთევან ქოქრაშვილის გადადგომას, ასევე განათლების სისტემის რეფორმის დაწყებას მოითხოვენ. მოშიმშილე პროფესორების მოთხოვნებს სტუდენტების ნაწილიც უჭერს მხარს.
„ვუერთდებით მოშიმშილე ლექტორებს და მოვითხოვთ არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას, რომელიც რექტორად მესამე ვადით უკანონოდ აირჩიეს“, — განაცხადა სტუ-ის სტუდენტმა რატი ადეიშვილმა.
მანამდე სტუ-ის პროფესორებმა საჩივარი ფრანგიშვილის მესამე ვადით რექტორად დანიშვნის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიტანეს. უწყებამ შეისწავლა საკითხი და პროფესორთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ფრანგიშვილის არჩევა ლეგიტიმურად აღიარეს. ამის შემდეგ პროფესორებმა სასამართლოს მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.