თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკის შემოტანის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში თურქეთში შეძენილი 67 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანას ცდილობდა.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დალი ს. დააკავეს, რომელიც ქვეყანაში 67 აბი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემოტანას ცდილობდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკი თურქეთში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა“, — აღნიშნულია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

საქართველოს მოქალაქეს (დაბადებულს 1965 წელს) რვიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ეს თურქეთიდან ნარკოტიკის შემოტანის პირველი შემთხვევა არ არის. გასული წლის ივლისში ქართველმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

ასევე გასული წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე, ბათუმელი (ქალი) თურქეთიდან ნარკოტიკების უკანონო შემოტანისთვის დააკავეს, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში ირანის მოქალაქე თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი ნარკოტიკები მრავალფეროვანია, ესაა მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი, კანაფის ფისი, კოკაინი, ამფეტამინი, ექსტაზი.

ყველა ახალი ამბავი
0