თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც 270 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ეკვადორის მთავრობასა და გარდაცვლილთა ოჯახებს.
ეკვადორში 7,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები შაბათს, საღამოს დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტი მუისნედან 28 კილომეტრში იყო. მიწისძვრის შედეგად დაინგრა მრავალსართულიანი სასტუმროები, რესტორნები, საცხოვრებელი სახლები. დაიღუპა 272 ადამიანი, დაიჭრა 2,5 ათასზე მეტი.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს ეკვადორის მთავრობას, ეკვადორელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს”, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა ქალაქ მანტაში ჩავიდა, რომელიც მიწისძვრისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. ამჟამად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.