თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით მოსკოვში 17 აპრილს მოსკოვის ქართველ სტუდენტთა და ახალგაზრდულ გაერთიანებათა ლიდერებისა და აქტივისტების საბჭო შეიქმნა.
საბჭო რუსეთში ქართულ ფედერალურ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიასთან დაიწყებს ფუნქციონირებას. საბჭოში რუსეთის 15 სასწავლო დაწესებულების ქართული სტუდენტური გაერთიანებები შევიდა.
„ჩვენ ჩვენი ავტონომია შევქმენით, რათა გავაერთიანოთ რუსეთში მცხოვრები ყველა ქართველი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ერთიანდება იმისთვის, რათა ერთმანეთს დაეხმაროს, ერთმანეთის ხმა გაიგოს და ყველა შესაძლო ახალგაზრდულ ღონისძიებაზე საქართველო ღირსეულად წარმოადგინოს“, — განაცხადა რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა გიორგი წურწუმიამ, იუწყება საბჭოს პრეს-სამსახური.
საბჭოს მთავარი მიზანია ახალგაზრდული ღონისძიებების გამართვა, რაც მოსკოვის მრავალეროვან ახალგაზრდობას შორის ქართული კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული.
გარდა ამისა, საბჭოს მონაწილეობით საქართველო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე „უკვდავი პოლკი“ პირველად იქნება წარმოდგენილი. აქციის ორგანიზატორია ეროვნებათა მოსკოვის სახლი.