მართლმადიდებლური დღესასწაულები აღდგომამდე და სააღდგომო ტრადიციები

© photo: Sputnik / Denis Aslanovსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქრისტიანთა უმთავრესი რელიგიური დღესასწაული — ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრავია, ყოველთვის გაზაფხულს ემთხვევა. საქართველოში აღდგომა განსაკუთრებული ზარზეიმით აღინიშნება.

ჟამი სინანულისა და ლოცვისა
დიდმარხვა — ეს აღდგომისთვის მოსამზადებელი, ლოცვისა და სულიერი სიმშვიდის პერიოდია.

სულიერი მოძღვრები გვასწავლიან, რომ მარხვა განსაკუთრებული სულიერი და ზნეობრივი დედააზრის მატარებელია და მისი უმთავრესი დანიშნულება ადამიანური არსისა და სულის განწმენდაა.

დიდმარხვის პირველი და უკანასკნელი კვირა ყველაზე მკაცრია და მძიმე. ამ პერიოდში ლოცვებიც მეტად ხანგრძლივია. ზოგი მორწმუნე ამ დროს მხოლოდ პურსა და წყალზეა, თავისი სურვილისამებრ.

© Sputnikსამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა-ლოცვა
მართლმადიდებლური დღესასწაულები აღდგომამდე და სააღდგომო ტრადიციები - Sputnik საქართველო
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა-ლოცვა

ბზობა

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

ბზობის დღესასწაულზე ეკლესია-ტაძრების ეზოებში ბზისა და ძეწნის რტოების სიმრავლეა
მართლმადიდებლური დღესასწაულები აღდგომამდე და სააღდგომო ტრადიციები - Sputnik საქართველო
ბზობის დღესასწაულზე ეკლესია-ტაძრების ეზოებში ბზისა და ძეწნის რტოების სიმრავლეა

ვნების კვირა

ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების ხსენებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

© Sputnikაღდგომისწინა დღეებში ეკლესია-ტაძრებში მრევლის ნაკადი არ წყდება
მართლმადიდებლური დღესასწაულები აღდგომამდე და სააღდგომო ტრადიციები - Sputnik საქართველო
აღდგომისწინა დღეებში ეკლესია-ტაძრებში მრევლის ნაკადი არ წყდება

დიდი ხუთშაბათი

ამ დღეს ქრისტემ თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა. დიდ ხუთშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფეხთბანას — ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.

მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად მიიჩნეოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.

წითელი პარასკევი

ამ დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. ამ დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა…

სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული. ამ დღეს დასცინეს ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს, დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენ განსადიდებლად, დატანჯეს ის, ვინც მოვიდა ტანჯვისგან ჩვენ გასათავისუფლებლად, სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.

© Виталий Аньковსააღდგომო პასკა
მართლმადიდებლური დღესასწაულები აღდგომამდე და სააღდგომო ტრადიციები - Sputnik საქართველო
სააღდგომო პასკა

საკუთარი ხალხისგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა და კაცისგან ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ზეკაცის სიტყვები იყო ასეთი: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

წითელ პარასკევს სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც უდიდესი რელიკვია, იესოს კვართი ინახება, განსაკუთრებული რიტუალი ტარდება — კვართის დაკრძალვა. ამავე დღეს იღებება კვერცხები წითლად, რაც ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის სიმბოლოა, და ცხვება პასკა.

აღდგომა

უმთავრესი დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.

ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება.

ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“

ამ დღეს ჩვენში ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას.

მომდევნო დღეს, ორშაბათს საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული.

აღდგომის კვირისთავი, ანუ მომდევნო კვირა დღე, ხალხური რწმენით, ყველაზე ბედნიერად მიიჩნევა ჯვრისწერისთვის.

© Михаил Мокрушинსააღდგომო კვერცხები
მართლმადიდებლური დღესასწაულები აღდგომამდე და სააღდგომო ტრადიციები - Sputnik საქართველო
სააღდგომო კვერცხები

სააღდგომო სუფრა

როგორც ვთქვით, ამ დღეს ყველა ოჯახში იშლება სადღესასწაულო სუფრა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მწვანე ჯეჯილზე დალაგებული აუცილებელი წითელი კვერცხებისა და პასკის გარდა მაგიდას ხორცისა და თევზისგან დამზადებული, სუნელებით შეკმაზული კერძები, სალათები, საწებლები, ხაჭაპურები, ლობიანები და უამრავი სხვა ნუგბარი ამშვენებს. სიცოცხლის სადიდებელი ამ დღეს საქართველოში წითელი ღვინით ისმება — ესეც ქრისტეს სისხლის სიმბოლოდ.

© https://www.facebook.com/CNTravellerRussiaქართული ღვინის ტრადიცია საქართველოში
მართლმადიდებლური დღესასწაულები აღდგომამდე და სააღდგომო ტრადიციები - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ტრადიცია საქართველოში

სააღდგომო ტრადიციები

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღდგომა სხვადასხვანაირად აღინიშნებოდა. ამ ტრადიციათაგან ბევრი დღემდეა შემორჩენილი.

მაგალითად, ყაზბეგში, სოფელ სნოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის სამშობლოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟთა მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელსაც სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მთელ სოფელს მოივლიდა და აუცილებლად სოფლის მცხოვრებთა ყველა ეზოში შევიდოდა. ჭიშკართან ჯგუფის უფროსი ხმამაღლა იძახდა „ქრისტე აღდგა!“ რასაც ახალგაზრდები ჩვეული ქრისტიანული წესით ერთდროულად პასუხობდნენ — „ჭეშმარიტად!“ მოსულთ ოჯახის წევრებიც გამოეგებებოდნენ პასუხით „ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! შეგეწიასთ იმისი მადლი თქვენცა და მთელს თქვენს ხევსა!“ ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისს შესაწირი გამოჰქონდა — წინასწარ შეღებილი სააღდგომო კვერცხი, რომელსაც ეზოს შუაგულში მწკრივად აწყობდნენ ოჯახის წევრთა სადღეგრძელოდ და ხმამაღლა იძახდნენ, ვის სახელზეც იდებოდა კვერცხი. პირველ შესაწირს მოხევეები ოჯახიდან შორს მყოფთათვის და მოგზაურთა სადღეგრძელოდ დებდნენ. მწკრივში დალაგებულ კვერცხს ახალგაზრდები, უფროსის მიერ დადგენილი რიგის მიხედვით, მონაცვლეობით ესროდნენ ისრებს, მანამ, სანამ ყველა მათგანს არ მოხვდებოდა ისარი. ბედნიერად ითვლებოდა ის, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველად გატყდებოდა. ხშირად შესაწირში კვერცხთან ერთად მოხევეები სხვადასხვა საჭმელს და ფულსაც დებდნენ. დღის ბოლოს მოგროვილით საერთო საზეიმო ტრაპეზი იმართებოდა, ფული კი აუცილებლად სოფლის სასარგებლო საქმეს ხმარდებოდა.

© Alexander Imedashviliანანური
მართლმადიდებლური დღესასწაულები აღდგომამდე და სააღდგომო ტრადიციები - Sputnik საქართველო
ანანური

საინტერესო რიტუალი ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს სამეგრელოში. აღდგომა დღეს განსაკუთრებული ქვევრის, ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ და ყველისა და კვერცხის პურის კვერებს აცხობდნენ.

ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა და არც თამბაქოს მოწევდა. შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო საოხორო ქვევრის თავზე დაალაგებდა, მერე იმ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა, რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელ სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა, დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილითა და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.

რაჭაში აღდგომა დილით, წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დააწყობდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს „გიორგონთობას“ ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და იყო დიდი სმა-ქეიფი.

გურიაში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16-კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს უკვე მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.

კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და ხალხში არიგებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0