ანაბეჭდები ღალატის წინააღმდეგ

© Flickr / Kumonხელები
ხელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

მოკრძალებით გთხოვთ, არ გეწყინოთ და სულ მხოლოდ ერთ რამეში უმეტესობა თქვენგანს ვჯობნი: ყოველდღე ისე ადრე ვიღვიძებ, რომ ვერ გაარჩევ, უკვე დღევანდელი „ადრეა“ თუ ჯერ კიდევ გუშინდელი „გვიან“… და გავრბივარ ჩემ მყუდრო აივანზე, მხოლოდ იმისთვის, რომ დავინახო საოცარი ზღვარი, რაც დილასა და ღამეს შუა დევს და აღმოვაჩინო ის პატარა რამ მაინც, რითიც ეს დილა წინისგან გამოირჩევა, რადგან არც ერთი დილა ერთმანეთს არ ჰგავს. ზუსტად ისევე, როგორც ადამიანი…

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი გულისცემა, ხიბლი, ხმა, გემოვნება, გრაცია, მიხვრა-მოხვრა და ჟღერადობა… მაგრამ, წარმოიდგინეთ, ისეთი მკაცრი და ზუსტი მეცნიერებისთვის, როგორიცაა კრიმინალისტიკა, ეს სრულებითაც არ არის საკმარისი. ამიტომაც შეიქმნა მეცნიერების ერთ-ერთი დარგი — დაქტილოსკოპია, რომელიც თითის ანაბეჭდებს შეისწავლის. არა, იმ ფაქიზ ნათითურებს კი არა, ადამიანი მეორე ადამიანის გულში და სულში, იასამნების ტოტებზე, ზღვის ქიმებზე, ცაში ატყორცნილ მწვერვალებზე, საოცარ ტილოებსა და უკვდავ ქმნილებებზე რომ ტოვებს… არამედ იმ ანაბეჭდებს, რომლებიც ადამიანს დანაშაულის ადგილებში რჩება…

ჰო და, ზუსტად ამ დღეს, 1902 წლის 18 აპრილს დანიაში მსოფლიოში პირველად მოხდა თითის ანაბეჭდებით დამნაშავის გამოვლენა…

ამ უნიკალური მეთოდის ავტორი გახლავთ ინგლისელი პოლიციელი უილიამ გერშელი, რომელიც ინდოეთში მსახურობდა და მიაქცია ყურადღება იმას, რომ ჩინელი ვაჭრები, საქონელთან დაკავშირებული გარიგებების დადების დროს, ხელშეკრულებაზე ტოვებდნენ ტუშში ჩაწობილი მარჯვენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდს. 1858 წლიდან თავად გერშელმა დაიწყო ინდოელი ჯარისკაცების, რომლებსაც ის ხელფასს უხდიდა, თითების ანაბეჭდების დაფიქსირება და სულ მალე აღმოაჩინა, რომ არც ერთი თითის მიერ დატოვებული ნახატი ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ანუ ყველა ადამიანს (მათ შორის ერთუჯრედიან ტყუპებსაც კი) ე.წ. პაპილარული ხაზების ინდივიდუალური განლაგება ჰქონია. 

საინტერესოა, რომ ბავშვის თითის ანაბეჭდების ფორმირება იწყება ჯერ კიდევ დედის ორგანიზმში, როდესაც ნაყოფი 16 კვირისაა, ხოლო საბოლოო სახეს იღებს ჩასახვიდან 6 თვის შემდეგ. ასე რომ, ახალდაბადებულ ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული თითის ანაბეჭდი აქვს, რომელიც აღარასდროს აღარ ეცვლება. მეცნიერების შეფასებით, ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვობაში ადამიანის თითები „იმახსოვრებენ“ საგნების და მატერიების ფაქტურას, ტემპერატურას და მოხაზულობას და ადამიანს რაღაც ასაკში თითის ნახატი რომ შეეცვალოს, ხელის შეხებით ვეღარ გაარჩევს ძველ და ნაცნობ საგნებს. 

სპეციალისტები თითზე სამი ტიპის ხაზებს გამოყოფენ. ესენია — თაღები, მარყუჟები და ხვეულები. თურმე მათი განლაგების მიხედვით შესაძლებელია არა მხოლოდ ადამიანის გენეტიკური კოდის და ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ ხასიათის თვისებების და მომავლის გამოკვლევაც კი… მაგალითად, ის ადამიანები, ვისაც მეტი თაღისებური ხაზი აქვს, ძლიერი ფსიქოლოგები არიან, არ ენდობიან სხვის შეფასებებს და თუ რამეში წარმატებას ვერ მიაღწევენ, იმედს არ კარგავენ და ყველაფერს თავიდან იწყებენ… „მარყუჟებიანები“ ადვილად მიდიან კომპრომისებზე და მათთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა, ხოლო „ბოჰემური“ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ხვეულების სიჭარბე… ბუნებრივია, ეს ძალიან უხეში აღწერაა, რადგან თურმე იმასაც კი აქვს მნიშვნელობა, სხვადასხვა თითებზე განლაგებული ხაზები როგორ ურთიერთქმდებაშია ერთმანეთთან.

დღეს მთელ მსოფლიოში გავრცელებულია ე.წ. Paytouch-ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადამიანს, რომელიც საბანკო ბარათზე დააფიქსირებს თითის ანაბეჭდს, შეუძლია თითის ერთი მიდებით შეიძინოს მისთვის საჭირო ნივთები, გადაიხადოს ანგარიშები სასტუმროებსა და რესტორნებში. პირველად ეს პრაქტიკა დამკივიდრდა 2012 წელს ესპანეთში. იაპონიაში კი, რომელიც უკვე ემზადება ტოკიოს 2030 წლის ოლიმპიადისთვის, დღესაც შეგიძლიათ ჩახვიდეთ ყოველგვარი პასპორტის გარეშე, თუ პირადობის დამადასტურებელ საბუთზე მიბმული გაქვთ თითის ანაბეჭდი. თითის ანაბეჭდები ასევე დიდი ხანია გამოიყენება, როგორც ყველაზე სანდო და ეფექტური გასაღები და კოდი ბინების, ოფისებისა და სეიფების დასაცავად…

კრიმინალისტიკა, როგორც ყველა დარგი, ვითარდება და სულ წინ მიიწევს. ამჟამად მიმდინარეობს ადამიანის კიდევ ერთი უნიკალური ინდივიდუალობის, მისი სუნის შესწავლა, რომელიც, თურმე, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩება შენობაში, მაშინაც კი, როდესაც წინდახედული და გამოცდილი დამნაშავე თითების ანაბეჭდებს არ ტოვებს…

უცებ წარმოვიდგინე, რომ მოვა დრო, როდესაც ეჭვიანი ქალბატონები, მეუღლის ოთახში ან კაბინეტში შესვლისას, უცნობი სუნამოს გამოცნობის მცდელობებისა და სრულიად უაზრო შეკითხვის ნაცვლად: „ვინ გყავდა აქ ჩემამდე?!“ წყნარად ამოიღებენ კომპაქტურ აპარტს, დააჭერენ პატარა ღილაკს და ის უცებ ამოუგდებს სრულ ინფორმაციას მეუღლის ტერიტორიაზე „უკანონოდ გაფაჩუნებული“ ქალბატონების შესახებ (პირადი ნომრების ჩათვლით)…

ეს ისე ვთქვი, თორემ ჩვენ ეს, აბა, რაში დაგვჭირდება…

მით უმეტეს რომ იმ დროისთვის ღალატი, სავარაუდოდ, მოდაში აღარ იქნება და მას სიგარეტივით დაანებებენ თავს…

გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ დღეს!!!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0