როგორ დამაბრუნა „ტოტალურმა კარნახმა“ სკოლის წლებში

© photo: Sputnik / Levan Avlabreli"ტოტალური კარნახი" თბილისში
ტოტალური კარნახი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს მასშტაბით 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საგანმანათლებლო აქციაში „ტოტალური კარნახი“. თბილისი წელს მესამედ მონაწილეობდა მსოფლიო ფლეშ–მობში. ღონისძიებაში Sputnik–ის კორესპონდენტმაც მიიღო მონაწილეობა და საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა.

აგნესა პაპაზიანი

საგანმანათლებლო აქცია „ტოტალური კარნახი“ ყველა მსურველს სკოლის მერხებთან აბრუნებს და შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე საათით ბავშვობისა და სიყმაწვილის ატმოსფეროში ჩაიძიროს.

კარნახი — სიტყვა, რომელიც სკოლის პერიოდიდან თითოეულ ჩვენგანში ბევრ ემოციას აღვიძებს. ვიღაცას საერთოდ არ უნდოდა საკონტროლო სამუშაოებისას მისი დაწერა, ვიღაცას ორიანის მიღებისა ეშინოდა, ვიღაც კიდევ ამაყად აბარებდა მასწავლებელს რვეულს, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი სწორად ჰქონდა დაწერილი. 

თბილისში ეს აქცია უკვე მესამედ ჩატარდა. „ტოტალურ კარნახში“ მონაწილეობის მიღება უეცრად გადავწყვიტე — რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე, რომლის გავლაც მხოლოდ საიტზე იყო შესაძლებელი. თუმცა აუდიტორიაში გავარკვიე, რომ ეს არცთუ აუცილებელი იყო, რომ ისინიც კი, ვინც ვერ დარეგისტრირდა, მაინც შეძლებდნენ შეფასების მიღებას.

კარნახის წინ ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს სკოლის წლებში დავბრუნდი. პირველკლასელივით ვნერვიულობ.

© Sputnik/ Levan Avlabreli"ტოტალური კარნახი" თბილისში
ტოტალური კარნახი თბილისში - Sputnik საქართველო
"ტოტალური კარნახი" თბილისში

და აი, უკვე აუდიტორიაში ვართ. უცნაურია, რომ ერთმანეთის გვერდით ზრდასრული მამაკაცები და ქალები, პატარა ბავშვები და მოზარდები სხედან. თანაც მერხებთან, როგორც სკოლაში. აქ დაფაცაა და მასწავლებლის მაგიდაც. ვსხედვართ, ერთმანეთს ვუყურებთ და ვუღიმით. ისეთი ატმოსფეროა, თითქოს ჰა და ჰა, საკონტროლო წერა უნდა დავიწყოთ, რომლის ნიშანიც სემესტრის ბოლოს ჩვენი მოსწრების მაჩვენებელზე აისახება…

თუმცა ყველაფერი მთლად სკოლასავით არაა. ჯერ პრეზენტაციას გვიტარებენ, აქციის თაობაზე გვესაუბრებიან და გვასწავლიან, როგორ შევავსოთ ბლანკი. უი, აქ თურმე, სახელისა და გვარის ნაცვლად ფსევდონიმის მითითებაა შესაძლებელი და ტესტირებასაც ანონიმურად გაივლი. ისიც კი შეგიძლია მოითხოვო, რომ ნიშანი არ დაგიწერონ. უფ, ნეტავ სკოლაში ყოფილიყო ასე!

„ჩემი გაგებით, ეს, უპირველესად, ფლეშ–მობი და საინტერესო ინტელექტუალური თამაშია, რომელიც ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ცოდნა შეამოწმოს. ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ ამ თამაშს“, — გვითხრა პროექტის თბილისის კოორდინატორმა ტატიანა მეგრელიშვილმა.

ამაღელვებელია, რომ ახლა მარტო ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო დაწერს კარნახით ნაწყვეტს საბავშვო მწერლის, ანდრეი უსაჩოვის ახალი წიგნიდან „Этот древний-древний-древний мир!“  — ამერიკიდან ავსტრალიამდე და ევროპიდან — აფრიკამდე!

© Sputnik/ Levan Avlabreli"ტოტალური კარნახი" თბილისში
ტოტალური კარნახი თბილისში - Sputnik საქართველო
"ტოტალური კარნახი" თბილისში

სასიამოვნო ქალბატონი ნატალია ბასილაია, რომელიც საერთოდ არ ტოვებს მკაცრი პედაგოგის შთაბეჭდილებას, გვიხსნის, რომ წერა აბზაცით უნდა დავიწყოთ, რომ სათაურის ბოლოს წერტილი არ იწერება და გვთხოვს, ყურადღებით ვიყოთ სასვენ ნიშნებთან.

ტექსტი ძველ საბერძნეთში ოლიმპიურ თამაშებზეა — ძალიან საინტერესო და შემეცნებითი. ბევრი რამ, რაღა თქმა უნდა, კარგად ნაცნობია, თუმცა საინტერესო ფაქტებიც გვხვდება. მაგალითად, არ ვიცოდი, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის პირველი სტადიონი  ტაძრის სიახლოვეს აუგიათ, რათა ღმერთებს უკეთ ედევნებინათ მისთვის თვალი, რომ გამარჯვებულები ერთი დღით ღმერთებად მიიჩნეოდნენ… ან იქნებ უბრალოდ დამავიწყდა ეს ყველაფერი?

კარნახი დაიწყო. ვიღაც, როგორც სკოლაში, ვერ ასწრებს, ვიღაც უცბად იწერს ყველაფერს და მერე აქეთ–იქით იყურება, ვიღაცას გვერდით მჯდომის ფურცლისკენ გაურბის თვალი… თვალით იმ სიტყვებს ვეძებ, რომლებიც რთულად მეჩვენება და მიხარია, თუ სადმე ამოვიკითხე და დავადგინე, რომ სწორად დამიწერია.

მაგრამ ერთგან, როგორც ეს მოსწავლეობისას ხშირად მემართებოდა, სიტყვა გამომრჩენია, არადა მოკარნახისთვის კითხვა მეუხერხულება. ვიღაც ბიჭმა მიხსნა, რომელმაც წინა ფრაზის გამეორება ითხოვა… უფ, მეტი ყურადღება მმართებს.

რთულ ადგილებში ქალბატონი ნატალია განმარტებებს გვაძლევს, რომ ეს ავტორის სიტყვებია და ბრჭყალები და ტირე უნდა გამოვიყენოთ, ხოლო სიტყვაში „перипетия“ ჯერ „е“, მერე „и“, ბოლოს კი ისევ „е“ იწერება.

© / Sputnik/ Levan Avlabreli"ტოტალური კარნახი" თბილისში
ტოტალური კარნახი თბილისში - Sputnik საქართველო
"ტოტალური კარნახი" თბილისში

მანამდე უკვე გვითხრა, რომ სიტყვა „Эллада“ ორი „ლ–თი“ იწერება. უფროსებს გაეცინათ, ხოლო ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მგონი, ეს შეხსენება სწორედ რომ დროული იყო.

როგორც წესი, კარნახის დამთავრების შემდეგ ქალბატონმა ნატალიამ მთელი ტექსტი თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ წაგვიკითხა. აღმოჩნდა, რომ ეს საჭირო იყო — რამდენიმე ადგილას მექანიკურად გამოტოვებული მძიმეები ჩავამატე.

„მესამედ ვწერ კარნახს. იმედი მაქვს, კარგ შეფასებას მივიღებ. პირველად „ხუთიანი“ დავიმსახურე. იმედი მაქვს დღესაც ყველაფერი კარგად, უშეცდომოდ მექნება დაწერილი. სხვათა შორის, მომეჩვენა, რომ წინა წლებში უფრო რთული ტექსტები იყო“, —   მიზიარებს შთაბეჭდილებას გვერდით მჯდომი ქალბატონი.

ნამუშევრებს რიგრიგობით ვაბარებთ, რომლებსაც სპეციალური კომისია შეამოწმებს. რაღაც სიმსუბუქესა და ხალისს ვგრძნობ, თითქოს ურთულესი გამოცდა მომეტოვებინოს უკან. როგორც ხდება, მაშინვე მინდება ზოგიერთი სიტყვის გადამოწმება — მაინტერესებს, სწორად დავწერე თუ არა. ინტერნეტი მეუბნება, რომ არ შემშლია და მეც შვებით ამოვისუნთქე. მოუთმენლად ველოდები შეფასებას, იმედი მაქვს — კარგს…

ყველა ახალი ამბავი
0