გიორგი კვირიკაშვილი „აუდიტორია 115–ის“ წევრებს ლოდინის შემდეგ შეხვდა

© photo: Sputnikგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და სტუდენტების დაუგეგმავი და დახურული შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ თსუ–ს მეექვსე კორპუსში გამაგრებული სტუდენტები, მათთან სასაუბროდ მოულოდნელად მივიდა, თუმცა გაფიცულებთან შეხვედრა ლოდინის შემდეგღა მოახერხა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

სტუდენტური პროტესტი - Sputnik საქართველო
პრემიერი სტუდენტებთან შესახვედრად მივიდა, თუმცა შენობაში შესვლას ვერ ახერხებს

„პრემიერ–მინისტრს აჭედილ კართან ლოდინი მოუხდა. საბოლოოდ კვირიკაშვილმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლა, სადაც „აუდიტორია 115–ის“ წევრებს შეხვდა“, — აცხადებს ტელეკომპანია.

პრემიერ–მინისტრი და სტუდენტები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასთან კონსულტაციებს გამართავს. 

როგორც პრემიერმა განაცხადა, ის აქტიურად ჩაერთვება განათლების შესახებ კანონის შემუშავებაში, ვინაიდან ეს სისტემა ნამდვილად საჭიროებს რეფორმირებას.

მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს მოუწოდა, შეწყვიტონ პროტესტი და კონკრეტული გარანტიები მისცა მათ, რომ სტუდენტების მოთხოვნები შესრულდება.

„შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. სამუშაო ატმოსფეროში გვექნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, სტრუქტურაზე და ასე შემდეგ“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დაამატა, რომ წუხს სასწავლო პროცესის შეჩერების გამო.

პრემიერისა და „აუდიტორია 115–ის“ შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

მას შემდეგ, რაც მხარეები მომდევნო კვირას შეხვედრაზე შეთანხმდნენ, პრემიერ–მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა, რომელთანაც უმაღლეს სასწავლებელში არსებული ვითარება განიხილეს.

„პრემიერი თავისი ინიციატივით მოვიდა დღეს, მეც არ ვიყავი საქმის კურსში. სტუდენტებთან მას ჰქონდა ერთი–ერთზე შეხვედრა, შემდეგ ჩვენ დავილაპარაკეთ ძალიან მოკლედ. მისი ხედვაც არის, რომ განათლების სისტემაში ძირეული რეფორმებია გასატარებელი“, — უთხრა ჟურნალისტებს თსუ–ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ „აუდიტორია 115–ის“ წევრებმა პრემიერ–მინისტრისგან კონკრეტული დაპირებები მიიღეს, სტუდენტებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, შეწყვეტენ თუ არა საპროტესტო აქციას და დატოვებენ თუ არა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსს.
მათი თქმით, ერთხელ უკვე მიიღეს მსგავსი დაპირება განათლების მინისტრისგან, რომელიც არ შესრულდა და ამიტომ სახელმწიფოს მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული.

„ვისაუბრეთ მრავალ საკითხზე, შევთანხმდით ფუძემდებლურ პრინციპებზე… ერთი შეხედვით ჩვენ ყველაფერზე ვთანხმდებით, ახლა ჩვენ ველოდებით, რომ უკვე რეალური შედეგები დავინახოთ“, — უთხრა „იმედს“ სტუდენტმა თორნიკე შევარდნაძემ.

შეგახსენებთ: სტუდენტები განათლების სისტემის რეფორმირებასა და ე.წ. ოდეერებისა და თვითმმართველობის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვენ. პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ სურდათ. გიორგი კვირიკაშვილი თსუ–ს მეექვსე კორპუსში მოულოდნელად მივიდა, თუმცა გაფიცულებთან შეხვედრა ლოდინის შემდეგღა მოახერხა, ვინაიდან სტუდენტებს შენობის კარი აჭედილი ჰქონდათ.

ყველა ახალი ამბავი
0