თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვებისა და დედების უფლებების დაცვისათვის“ მოუწოდებს ქართველ ბიზნესმენებს, მხარი დაუჭირონ სოციალურ პროექტს თბილისის უპოვარი მოსახლეობის დასაცავად, უთხრა Sputnik-ს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაკა გაბელაიამ.
პროექტის „თბილისი ხელგაშვერილი ადამიანების გარეშე“ მიზანია, დაიცვან იმ ადამიანების უფლებები, ვინც იძულებულია დახმარება ითხოვოს იმისთვის, რათა გადარჩეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც მიმართულია ამ ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებისკენ.
„ის ადამიანები, რომლებიც ამ პროექტში არიან ჩართული, ვერ შეძლებენ კვლავ ქუჩაში გამოსვლას და მათხოვრობას. ჩვენი მიზანია, რომ ქალაქში არ დარჩეს არც ერთი ადამიანი გაწვდილი ხელით“, — თქვა გაბელაიამ.
სოციალური პროექტი თბილისის მერიასა და საკრებულოს 2014 წელს წარუდგინეს და მათ მოიწონეს კიდეც, თუმცა მან დაფინანსება ვერ მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღშფოთებულია იმით, რომ მათ უარი ეთქვათ დაფინანსებაზე, მაშინ, როდესაც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა 3 მილიონი ლარი მიიღო.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, ამ თანხის დიდი ნაწილი ხელფასებსა და პრემიებზე გაიცა და მხოლოდ 500 ათასი ლარი მოხმარდა ცხოველების მოვლას.
„აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მერია და საკრებულო ქუჩის ძაღლებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ადამიანებზე გაწვდილი ხელებით“, — აღნიშნა გაბელაიამ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დააფინანსებენ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ყველა მათხოვარს სპეციალურ საინფორმაციო ელექტრონულ სისტემაში დაარეგისტრირებენ.
„ჩვენ ასევე დავადგენთ, ხომ არ აიძულებენ ამ ადამიანებს გარკვეული პირები იმათხოვრონ ფინანსური მოგების მიზნით“, — აღნიშნა მან.
პროექტის ფარგლებში შექმნილი იქნება სპეციალური საბჭო, რომელიც ფინანსურ დახმარებას გაუწევს ამ ადამიანებს და გამოუყოფს ყოველთვიურად 250 ლარს.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაეხმარებიან მათ შევიდნენ პროფსასწავლებლებში შემდგომი დასაქმების მიზნით, მათთან იმუშავებს ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარება მათ თვითშეფასების ამაღლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში.